არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებო, გახსოვდეთ თქვენი დიდებული შემოქმედი!

ახალგაზრდებო, გახსოვდეთ თქვენი დიდებული შემოქმედი!

ახალგაზრდებო, გახსოვდეთ თქვენი დიდებული შემოქმედი!

„გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“ (ეკლ. 12:1).

1. როგორ უცხადებს იეჰოვა ნდობას იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მას სცემენ თაყვანს?

იეჰოვასთვის ახალგაზრდა ქრისტიანები ძვირფასნი არიან და გამომაცოცხლებელ ნამს ჰგვანან. მან იწინასწარმეტყველა კიდეც, რომ მისი ძის „ჯარის“ გალაშქრების დღეს ახალგაზრდები ‘მზადყოფნით გამოვიდოდნენ’, რომ ქრისტესთვის ემსახურათ (ფსალმ. 110:3). ეს წინასწარმეტყველება მაშინ უნდა შესრულებულიყო, როცა ადამიანები იქნებოდნენ ურწმუნოები, საკუთარი თავისა და ფულის მოყვარულები და ურჩები. მაგრამ იეჰოვამ ისიც იცოდა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც მას სცემდნენ თაყვანს, ამ ადამიანებისგან განსხვავებულები იქნებოდნენ. ახალგაზრდა და-ძმებო, დაფიქრდით, როგორ ნდობას გიცხადებთ იეჰოვა!

2. რა იგულისხმება იმაში, რომ გვახსოვდეს იეჰოვა?

2 წარმოიდგინეთ, რა სიხარულს უნდა განიცდიდეს ღმერთი, როდესაც ხედავს ახალგაზრდებს, რომლებსაც ახსოვთ ის, როგორც დიდებული შემოქმედი (ეკლ. 12:1). ცხადია, ადამიანს რომ ახსოვდეს იეჰოვა, ამაში უბრალოდ მასზე ფიქრი არ იგულისხმება. ამაში შედის მოქმედება — იმის კეთება, რაც ღმერთს სიამოვნებს — და ყოველდღე მისი კანონებითა და პრინციპებით ხელმძღვანელობა. ეს აგრეთვე გულისხმობს იმას, რომ მივენდოთ იეჰოვას, რადგან ვიცით, რომ ყველაზე მეტად ის არის ჩვენი კეთილდღეობით დაინტერესებული (ფსალმ. 37:3; ეს. 48:17, 18). პირადად შენ გახსოვს დიდებული შემოქმედი?

„მიენდე იეჰოვას მთელი გულით“

3, 4. როგორ ცხადყო იესომ, რომ ენდობოდა იეჰოვას და რატომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენც ასე მოვიქცეთ?

3 იეჰოვაზე მინდობის საუკეთესო მაგალითს, რა თქმა უნდა, იესო ქრისტე გვაძლევს. ის სწორედ იმ სიტყვების თანახმად ცხოვრობდა, რომლებიც იგავების 3:5, 6-შია ჩაწერილი: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. იესოს ნათლობიდან ცოტა ხნის შემდეგ სატანა ცდილობდა, ეცდუნებინა ის, რისთვისაც მთელი ქვეყნიერების ძალაუფლება და დიდება შესთავაზა (ლუკ. 4:3—13). იესო ამით არ ცდუნდა. მან იცოდა, რომ ნამდვილი „სიმდიდრე და დიდება“ მოაქვს „თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს“ (იგავ. 22:4).

4 დღევანდელ ქვეყნიერებას სიხარბე და ეგოიზმი მართავს. რამდენადაც ასეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, გონივრულია, რომ მივყვეთ იესოს მაგალითს. გახსოვდეს, სატანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იეჰოვას მსახურები შეაცდინოს და მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ვიწრო გზიდან გადაიყვანოს. მას სურს, რომ ფართო გზით ვიაროთ, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს ადამიანი. არ დაუშვა, რომ სატანამ მოგატყუოს! ყოველთვის გახსოვდეს დიდებული შემოქმედი! სრულად მიენდე მას და მტკიცედ ჩაეჭიდე „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“, რომელიც მალე რეალობად იქცევა (1 ტიმ. 6:19).

ახალგაზრდებო, ბრძნულად იმოქმედეთ!

5. რა მომავალი ელის ქვეყნიერებას?

5 ახალგაზრდები, რომლებსაც ახსოვთ თავიანთი დიდებული შემოქმედი, თანატოლებთან შედარებით გაცილებით გონიერები არიან (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:99, 100). მათ იციან ღვთის განზრახვები, ამიტომ დარწმუნებულნი არიან, რომ მალე ეს ქვეყნიერება განადგურდება. ახალგაზრდებო, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არა გაქვთ, თქვენ ხედავთ, რომ ადამიანები სულ უფრო მეტად წუხან ხვალინდელ დღეზე და მომავალს შიშით უყურებენ. თუ სკოლაში სწავლობთ, ალბათ ხშირად ისმენთ დაბინძურების, გლობალური დათბობის, ტყეების გაჩეხვისა და მსგავსი პრობლემების შესახებ. ადამიანები შეშფოთებულნი არიან ამ მოვლენების გამო, იეჰოვას მოწმეებმა კი იციან, რომ ეს ყოველივე სატანის ქვეყნიერების გარდაუვალ აღსასრულზე მეტყველებს (გამოცხ. 11:18).

6. როგორ მოიტყუა თავი ზოგმა ახალგაზრდამ?

6 სამწუხაროდ, ღვთის ზოგი ახალგაზრდა მსახური სიფხიზლეს კარგავს და მათ მხედველობიდან რჩებათ, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული ძალიან ახლოსაა (2 პეტ. 3:3, 4). ზოგმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა იმის გამო, რომ ურთიერთობა დაიწყო ცუდ საზოგადოებასთან ან პორნოგრაფიის ყურება ჩვევად ექცა (იგავ. 13:20). რა სამწუხარო იქნებოდა, რომ ღვთის კეთილგანწყობა დაგვეკარგა ახლა, როცა ამ ქვეყნიერების აღსასრულს ასე მივუახლოვდით! მოდი დავფიქრდეთ, თუ რისი სწავლა შეგვიძლია ისრაელების შემთხვევიდან, რომლებიც ძვ. წ. 1473 წელს მოაბის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი და ძალიან ახლოს იყვნენ აღთქმულ მიწასთან. ვნახოთ, თუ რა მოხდა იქ.

ისინი აღთქმული მიწის ზღურბლთან იდგნენ

7, 8. ა) რა ხერხს მიმართა სატანამ მოაბის ველზე ისრაელების შესაცდენად? ბ) რა მეთოდს იყენებს სატანა დღეს?

7 სატანას სურდა, რომ ისრაელები არ შესულიყვნენ აღთქმულ მიწაზე. მას შემდეგ, რაც სატანას ბალაამის მიერ ისრაელის დაწყევლა არ გამოუვიდა, მან სხვა ხერხს მიმართა — ის შეეცადა, რომ ისრაელ ერს იეჰოვას კურთხევა დაეკარგა. მან ისრაელების შესაცდენად მოაბელი ქალები გამოიყენა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. ხალხმა გარყვნილების ჩადენა დაიწყო მოაბის ასულებთან და ისინი ფეორის ბაალის თაყვანისცემაში ჩაებნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელები ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან, აღთქმული მიწის ზღურბლთან დაახლოებით 24 000-მა ისრაელმა დაკარგა სიცოცხლე. ეს მართლაც ტრაგედია იყო! (რიცხ. 25:1—3, 9).

8 დღეს ჩვენ ძალიან სწრაფად ვუახლოვდებით გაცილებით უკეთეს აღთქმულ მიწას — ახალ ქვეყნიერებას. სატანა კვლავაც სექსუალურ უზნეობას იყენებს იმისთვის, რომ გარყვნას ღვთის ხალხი. დღეს ქვეყნიერებაში ზნეობრივი ნორმები ისე ეცემა, რომ მრავალი სიძვას ნორმალურად მიიჩნევს, ხოლო რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმს, ბევრი თვლის, რომ ეს საკითხი ადამიანის პირადი გადასაწყვეტია. ერთმა ქრისტიანმა დამ თქვა: „ჩემი ბავშვები მხოლოდ სახლში და სამეფო დარბაზში ისმენენ, რომ ჰომოსექსუალიზმი და ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირი ღვთისთვის მიუღებელია“.

9. რა შეიძლება მოხდეს, როცა ადამიანს მოზღვავებული აქვს „ახალგაზრდული ვნებები“, და როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს ახალგაზრდები?

9 ახალგაზრდებმა, რომლებსაც ახსოვთ თავიანთი დიდებული შემოქმედი, იციან, რომ სქესობრივი ურთიერთობა წმინდა ძღვენია, რომელიც ხელს უწყობს ახალი სიცოცხლის წარმოქმნასა და გამრავლებას. აქედან გამომდინარე, ღვთის ნორმების თანახმად სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის უნდა ხდებოდეს (ებრ. 13:4). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში, როცა ადამიანს მოზღვავებული აქვს „ახალგაზრდული ვნებები“, მას შეიძლება უჭირდეს საღად აზროვნება და სიწმინდის შენარჩუნებას ის შესაძლოა დიდ ძალისხმევას ახმარდეს (1 კორ. 7:36). როგორ უნდა მოიქცე, როცა უწმინდური აზრები მოგდის? მთელი გულით სთხოვე იეჰოვას დახმარება, რომ ყურადღება იმაზე გადაიტანო, რაც წმინდაა. იეჰოვა ყოველთვის უსმენს მათ, ვინც მას გულწრფელად მიმართავს (წაიკითხეთ ლუკას 11:9—13). სულიერ საკითხებზე საუბრებიც დაგეხმარება არასწორი აზრების დაძლევაში.

დაისახე გონივრული მიზნები!

10. როგორ აზროვნებას უნდა ვერიდოთ და რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

10 ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არიან დღეს ქვეყნიური ახალგაზრდები ‘უმართავები’ და ხორციელ სურვილებს აყოლილნი, არის ის, რომ მათ არა აქვთ „ხილვა“, ანუ ისინი არ მიჰყვებიან ღვთის ხელმძღვანელობას და არა აქვთ მომავლის იმედი (იგავ. 29:18). ისინი ჰგვანან ესაიას დროს მცხოვრებ ისრაელებს, რომლებიც ჩამოშორდნენ ღმერთს და ცხოვრებას ‘სიხარულსა და მხიარულებაში, ხორცის ჭამასა და ღვინის სმაში’ ატარებდნენ (ეს. 22:13). ნაცვლად იმისა, რომ შეგშურდეს ასეთი ადამიანების, იფიქრე იმ ძვირფას იმედზე, რომელსაც იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს აძლევს. თუ იეჰოვას ახალგაზრდა მსახური ხარ, ელოდები მოუთმენლად ახალ ქვეყნიერებას? აკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ‘იცხოვრო აზრიანად, ვიდრე ელი მშვენიერ იმედს’, რომელსაც იეჰოვა გაძლევს? (ტიტ. 2:12, 13). შენი პასუხი აჩვენებს იმას, თუ რა მიზნებს დაისახავ და რას მიანიჭებ უპირატესობას ცხოვრებაში.

11. რატომ უნდა ისწავლონ კარგად ახალგაზრდა ქრისტიანებმა სკოლაში?

11 ქვეყნიერებას სურს, რომ ახალგაზრდებმა მთელი თავიანთი ენერგია ქვეყნიურ მიზნებს შეალიონ. თუ ჯერ ისევ სკოლაში დადიხარ, ბუნებრივია, უნდა ისწავლო, რომ კარგი განათლება მიიღო. გახსოვდეს, შენი მიზანი მხოლოდ ის კი არ უნდა იყოს, რომ კარგი სამსახური იშოვო, არამედ ისიც, რომ კრებასთან ითანამშრომლო და ეფექტური მქადაგებელი იყო. ამ მიზანს რომ მიაღწიო, უნდა შეგეძლოს აზრების ნათლად გამოხატვა, ლოგიკური აზროვნება, სხვებთან მშვიდად მსჯელობა და მათ მიმართ პატივისცემის გამოვლენა. ის ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ ბიბლიას და ცდილობენ, ცხოვრებაში მისი პრინციპები გამოიყენონ, საუკეთესო განათლებას იღებენ და წარმატებული მარადიული მომავლისთვის შესანიშნავ ნიადაგს ქმნიან * (წაიკითხეთ ფსალმუნის 1:1—3).

12. ვის მაგალითს უნდა მიჰბაძონ ქრისტიანულმა ოჯახებმა?

12 ისრაელში მშობლები დიდ ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ ბავშვებს კარგი განათლება მიეღოთ. ასეთი განათლება ფაქტობრივად ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავდა, განსაკუთრებული ყურადღება კი სულიერ განათლებას ექცეოდა (კან. 6:6, 7). აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა ისრაელები, რომლებიც თავიანთ მშობლებსა და უფროსი ასაკის სხვა ღვთისმოშიშ ადამიანებს უსმენდნენ, იძენდნენ არა მარტო ცოდნას, არამედ სიბრძნეს, გამჭრიახობას, გაგების უნარსა და ჭკუას — იმ იშვიათ თვისებებს, რომელთა შეძენაც ღვთიური განათლებითაა შესაძლებელი (იგავ. 1:2—4; 2:1—5, 11—15). ქრისტიანულ ოჯახებს დღესაც მსგავსი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ განათლების მიმართ.

მოუსმინე მათ, ვისაც უყვარხარ

13. ვისგან ისმენენ რჩევებს ახალგაზრდები და რატომ უნდა იყვნენ ისინი ფრთხილად?

13 დღეს ახალგაზრდები ბევრისგან, მათ შორის, მასწავლებლებისგან, ისმენენ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიაღწიონ წარმატებას ცხოვრებაში. ახალგაზრდებო, ყველა ასეთი რჩევის გათვალისწინებამდე ილოცეთ და გადაწყვეტილების მიღებამდე ის მითითებები გაითვალისწინეთ, რომლებსაც ღვთის სიტყვიდან და ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებული პუბლიკაციებიდან იღებთ. ბიბლიიდან შენ უკვე იცი, რომ ახალგაზრდები და გამოუცდელები სატანის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ. მაგალითად, ედემის ბაღში გამოუცდელმა ევამ მოუსმინა სატანას, უცხოს, რომელსაც მის მიმართ იოტისოდენა სიყვარულიც კი არ ამოძრავებდა. რამდენად განსხვავებული იქნებოდა შედეგი, თუ ევა მოუსმენდა იეჰოვას, რომელსაც მის მიმართ არაერთხელ გამოუვლენია სიყვარული! (დაბ. 3:1—6).

14. რატომ უნდა მოვუსმინოთ იეჰოვას და მორწმუნე მშობლებს?

14 დიდებულ შემოქმედს შენც ძალიან უყვარხარ. მას შენ მიმართ უანგარო სიყვარული ამოძრავებს და სურს, რომ ბედნიერი იყო არა მარტო ახლა, არამედ მარადიულად! ამიტომ, მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლის მსგავსად ის შენ, როგორც მის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს, გეუბნება: „ეს არის გზა, იარე მასზე“ (ეს. 30:21). თუ მორწმუნე მშობლები გყავს, რომლებსაც უყვართ იეჰოვა, ეს შენთვის კიდევ ერთი კურთხევაა. პატივისცემით მოუსმინე მათ და ყურადღებით მოეკიდე მათ რჩევებს, როდესაც ცხოვრებაში მიზნებს ისახავ (იგავ. 1:8, 9). მშობლებს შენთვის ხომ მხოლოდ კარგი სურთ — მათ უნდათ, რომ მიიღო მარადიული სიცოცხლე, რაც ბევრად აღემატება ამქვეყნიურ სიმდიდრესა თუ პრესტიჟს! (მათ. 16:26).

15, 16. ა) რაში გვარწმუნებს იეჰოვა? ბ) რას ვსწავლობთ ბარუქის შემთხვევიდან?

15 ისინი, ვისაც ახსოვთ თავიანთი დიდებული შემოქმედი, უბრალო ცხოვრებით ცხოვრობენ და დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ იეჰოვა ‘არ დატოვებს და არ მიატოვებს’ მათ (წაიკითხეთ ებრაელების 13:5). ვინაიდან ასეთი აზროვნება სრულიად განსხვავდება ქვეყნიური აზროვნებისგან, სიფრთხილე გვმართებს, რომ ქვეყნიერების სულმა გავლენა არ მოახდინოს ჩვენზე (ეფეს. 2:2). ამასთან დაკავშირებით განვიხილოთ იერემიას დამხმარის, ბარუქის, მაგალითი, რომელიც საკმაოდ რთულ პერიოდში ცხოვრობდა — ეს იყო ის დრო, როდესაც იერუსალიმს მძიმე დღეები დაუდგა, რის შემდეგაც ქალაქი ძვ. წ. 607 წელს განადგურდა.

16 შესაძლოა, ბარუქს სურდა, რომ საკუთარი ცხოვრება მატერიალურად გაეუმჯობესებინა. იეჰოვამ დაინახა ეს და სიყვარულით გააფრთხილა ბარუქი, რომ „დიდი რამე“ არ ეძებნა თავისთვის. ბარუქმა თავმდაბლობა გამოავლინა და ბრძნულად მოიქცა, რადგან მოუსმინა იეჰოვას და შედეგად, იერუსალიმის განადგურებას გადაურჩა (იერ. 45:2—5). ბარუქის თანამედროვეებმა კი, რომლებმაც მატერიალური თვალსაზრისით „დიდი რამე“ დააგროვეს და იეჰოვა ცხოვრებაში მეორე ადგილზე დააყენეს, ცოტა ხანში ყველაფერი დაკარგეს, როცა იერუსალიმი ქალდეველებმა (ბაბილონელებმა) დაიპყრეს. მრავალმა მათგანმა სიცოცხლეც კი დაკარგა (2 მატ. 36:15—18). ბარუქის შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ღმერთთან კარგი ურთიერთობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმდიდრე და ამქვეყნიური დიდება.

მათ საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვეს

17. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესო, პავლე და ტიმოთე შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენენ იეჰოვას დღევანდელი მსახურებისთვის?

17 ღვთის სიტყვაში ჩვენთვის მრავალი შესანიშნავი მაგალითია შემონახული იმისთვის, რომ სიცოცხლის გზით სიარულში დაგვეხმაროს. მაგალითად, იესო დედამიწაზე მცხოვრებთაგან ყველაზე ნიჭიერი ადამიანი იყო, მაგრამ მას მთელი ყურადღება იმ საქმეზე ჰქონდა გადატანილი, რომელიც ადამიანებს მარადიულ კეთილდღეობას მოუტანდა — ის ქადაგებდა „სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკ. 4:43). იეჰოვასთვის რომ საუკეთესო გაეღო, პავლე მოციქულმა უარი თქვა წარმატებული კარიერის შექმნაზე და მთელი თავისი დრო და ენერგია სასიხარულო ცნობის ქადაგებას მოახმარა. ტიმოთემ, პავლეს „ჭეშმარიტმა შვილმა რწმენაში“, მის შესანიშნავ მაგალითს მიჰბაძა (1 ტიმ. 1:2). ნანობდნენ იესო, პავლე და ტიმოთე იმას, რომ ცხოვრებაში ასეთი გზა აირჩიეს? არანაირად! პავლე მოციქულმა თქვა კიდეც, რომ ის, რისი შეთავაზებაც ქვეყნიერებას შეეძლო, ღვთის მსახურების პატივთან შედარებით „დიდი ნაგავი“ იყო (ფილ. 3:8—11).

18. რა ცვლილებები მოახდინა ერთმა ახალგაზრდა ძმამ ცხოვრებაში და რატომ არ ნანობს ამას?

18 დღეს ბევრი ახალგაზრდა ქრისტიანი იესოს, პავლესა და ტიმოთეს ჰბაძავს რწმენაში. მაგალითად, ერთი ძმა, რომელსაც მაღალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდა, წერდა: «იმის გამო, რომ ბიბლიური პრინციპების თანახმად ვცხოვრობდი, სამსახურში მალე დამაწინაურეს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ჩემი წარმატებები „ქარის დევნა“ იყო. როდესაც ჩემი კომპანიის ხელმძღვანელებთან მივედი და დაველაპარაკე იმის თაობაზე, რომ სრული დროით მსახურების დაწყება მსურდა, მათ მაშინვე ხელფასის გაზრდა შემომთავაზეს, ოღონდ კი დავრჩენილიყავი. მაგრამ მე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. ბევრმა ვერ გამიგო, თუ რატომ ვთქვი უარი ასეთ წარმატებულ კარიერაზე იმის გამო, რომ სრული დროით მემსახურა. როცა მეკითხებოდნენ, თუ რატომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, მე ვამბობდი, რომ მსურდა ღვთისადმი მიძღვნის თანახმად მეცხოვრა. ახლა ჩემს ცხოვრებაში მთავარ ყურადღებას სულიერ საკითხებს ვუთმობ; ვერც ფული და ვერც ვერავითარი პრესტიჟი ვერ მომიტანდა ისეთ ბედნიერებასა და კმაყოფილებას, რასაც დღეს ვგრძნობ».

19. რა ბრძნული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ახალგაზრდებმა?

19 დღეს მთელ მსოფლიოში ათასობით ახალგაზრდა იღებს მსგავს ბრძნულ გადაწყვეტილებებს. ასე რომ, ახალგაზრდებო, როდესაც ფიქრობთ, თუ რა მიზნები დაისახოთ ცხოვრებაში, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ იეჰოვას დღე ახლოსაა (2 პეტ. 3:11, 12). ნუ შეგშურდებათ მათი, ვინც სრულად სარგებლობს ამ ქვეყნიერებით და წარმატებას აღწევს. ნაცვლად ამისა, მოუსმინეთ მათ, ვისაც ნამდვილად უყვარხართ. თუ „მოაგროვებთ განძს“ ზეცაში, ანუ ყველაზე საიმედო ადგილას, თქვენი მხრიდან ეს იქნება ყველაზე გონივრული ნაბიჯი, რომელიც მარადიულ კურთხევებს მოგიტანთ (მათ. 6:19, 20; წაიკითხეთ 1 იოან. 2:15—17). თუ ყოველთვის გემახსოვრებათ დიდებული შემოქმედი, ის არ მოგაკლებთ კურთხევებს.

[სქოლიო]

^ აბზ. 11 უმაღლეს განათლებასა და სამსახურთან დაკავშირებით იხილეთ 2005 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 26—31.

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• როგორ ვავლენთ ღვთისადმი ნდობას?

• რომელია საუკეთესო განათლება?

• რას ვსწავლობთ ბარუქის შემთხვევიდან?

• ვინ გვაძლევს შესანიშნავ მაგალითს, და რატომ ვამბობთ ამას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 13 გვერდზე]

იეჰოვა საუკეთესო განათლებას გვაძლევს

[სურათი 15 გვერდზე]

ბარუქმა მოუსმინა იეჰოვას და იერუსალიმის განადგურებას გადაურჩა. რას სწავლობ ამ შემთხვევიდან?