არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

აღდგებიან არშობილი ბავშვები?

ვისაც არ გამოუცდია არშობილი ბავშვის სიკვდილი, შეიძლება ბოლომდე არ ესმის, რას გრძნობს ამ დროს მშობელი. ზოგს ძალიან უჭირს ამ დანაკარგთან შეგუება. ერთ ქალს ხუთჯერ მოეშალა მუცელი. მართალია, მოგვიანებით ის ორი ჯანმრთელი ვაჟის დედა გახდა, მაგრამ არშობილი შვილები სიკვდილამდე ახსოვდა და იმასაც კი ანგარიშობდა, როდის რამდენი წლისები იქნებოდნენ. უნდა ჰქონდეთ ასეთ დედებს იმის იმედი, რომ მათი არშობილი შვილები აღდგებიან?

რთულია ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა. ბიბლიაში პირდაპირ არაფერია ნათქვამი ასეთი ბავშვების აღდგომაზე. მაგრამ ღვთის სიტყვაში ვხვდებით ზოგიერთ პრინციპს, რომლებიც შეიძლება მანუგეშებელი იყოს მშობლებისთვის.

ჯერ ვიმსჯელოთ ორ საკითხზე. ღვთის თვალსაზრისით, როდის იწყება ადამიანის სიცოცხლე — ჩასახვისას თუ დაბადებისას? და როგორ უყურებს იეჰოვა არშობილ ნაყოფს — როგორც ჩამოყალიბებულ პიროვნებას თუ უჯრედებისა და ქსოვილების გროვას ქალის საშვილოსნოში? ბიბლიური პრინციპები გვეხმარება ორივე კითხვაზე პასუხის პოვნაში.

მოსეს კანონიდან ნათლად ჩანს, რომ სიცოცხლე დაბადებამდე გაცილებით ადრე იწყება. მაგალითად, სიკვდილით ისჯებოდა ის, ვისი მიზეზითაც არშობილი ბავშვი დაიღუპებოდა. კანონში ნათქვამი იყო: „უნდა ზღო სულის სანაცვლოდ სული“ (გამ. 21:22, 23). * დედის საშვილოსნოში მყოფი არშობილი ბავშვი ცოცხალია და ცოცხალ სულად ითვლება. ამის ცოდნამ უარი ათქმევინა მილიონობით ქრისტიანს აბორტზე. მათ იციან, რომ ეს სერიოზული ცოდვაა ღვთის წინაშე.

ფაქტია, რომ ჯერ არდაბადებული ბავშვი ცოცხალია. მაგრამ რამდენად ძვირფასია იეჰოვასთვის მისი სიცოცხლე? ზემოხსენებული კანონით არშობილი ბავშვის სიკვდილის გამო ზრდასრული ადამიანი ისჯებოდა სიკვდილით. აქედან გამომდინარე, ღვთისთვის ჯერ არშობილი ბავშვის სიცოცხლეც ძალიან ძვირფასია. ბიბლიის სხვა მუხლებიდანაც ჩანს, რომ იეჰოვასთვის არშობილი ბავშვი უკვე ინდივიდია. მაგალითად, მეფე დავითი ღვთის შთაგონებით იეჰოვას შესახებ ამბობდა: „გამოცალკევებული გყავდი დედის მუცელში . . . შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ, როცა ყველა ჩემი ნაწილი უნდა ჩამოყალიბებულიყო“ (ფსალმ. 139:13—16; იობ. 31:14, 15).

იეჰოვა აგრეთვე ხედავს არშობილი ბავშვის თავისებურებებსა და პოტენციალს. როცა ისააკის ცოლი, რებეკა, ფეხმძიმედ იყო, იეჰოვამ იწინასწარმეტყველა მის მუცელში მოჯაჯგურე ტყუპებზე. ღმერთმა დაინახა მათი თვისებები, რის საფუძველზეც განსაზღვრა, რა მოხდებოდა მომავალში (დაბ. 25:22, 23; რომ. 9:10—13).

ჩვენთვის საინტერესოა იოანე ნათლისმცემლის შემთხვევაც. სახარებაში ვკითხულობთ: „როცა ელისაბედმა მარიამის მისალმება მოისმინა, ჩვილი შეუთამაშდა მუცელში. ელისაბედი წმინდა სულით აღივსო“ (ლუკ. 1:41). ექიმმა ლუკამ აქ გამოიყენა ბერძნული სიტყვა, რომელიც შეიძლება ეხებოდეს როგორც ნაყოფს, ისე დაბადებულ ბავშვს. მან იგივე სიტყვა გამოიყენა ბაგაში მწოლიარე ჩვილი იესოს შემთხვევაშიც (ლუკ. 2:12, 16; 18:15).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, განასხვავებს ბიბლია ჩანასახს ახალშობილისგან? როგორც ჩანს, არა. საწინააღმდეგო აზრს არც მეცნიერები გამოთქვამენ. მაგალითად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დედის მუცელში ბავშვი გრძნობს და რეაგირებს გარეგან გაღიზიანებაზე. ამიტომ გასაკვირი არაა, თუ რატომ უჩნდება მომავალ დედას თბილი გრძნობები ჯერ არდაბადებული შვილისადმი.

ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდი ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა იყოს. განვიხილოთ ერთი მაგალითი: ქალი ნაადრევად მშობიარობს, მაგრამ ბავშვი რამდენიმე დღეში იღუპება. მეორე ქალი კი თავის დროზე მშობიარობს, მაგრამ ბავშვი მკვდარი იბადება. რომელ დედას უნდა ჰქონდეს აღდგომის იმედი — პირველს, რომელმაც ცოცხალი ბავშვი შვა და მერე მოუკვდა, თუ მეორეს, რომელმაც მკვდარი ბავშვი დაბადა?

ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ სიცოცხლე ჩასახვისას იწყება და იეჰოვასთვის ჯერ არშობილი ბავშვიც ძვირფასია. აქედან გამომდინარე, რამდენად მართებულია ვიფიქროთ, რომ ის ბავშვები, რომლებმაც მზის შუქი ვერ იხილეს, არ აღდგებიან? და თუ ეს ასეა, რატომ იკავებენ ქრისტიანები თავს აბორტისგან, რის არგუმენტადაც ზემოთ ნახსენები ბიბლიური პრინციპი მოჰყავთ?

ამ ჟურნალის ერთ-ერთ ძველ ნომერში დასმული იყო კითხვები. მაგალითად, სამოთხეში ხელახლა გადაიტანს ღმერთი ნაწილობრივ განვითარებულ ჩანასახს დედის საშვილოსნოში? მსგავსი კითხვები ეჭვქვეშ აყენებდა არშობილი ბავშვების მკვდრეთით აღდგომას. მაგრამ საფუძვლიანი კვლევისა და ლოცვის შედეგად ხელმძღვანელი საბჭო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საკითხისადმი ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება აღდგომის იმედს. იესომ თქვა: „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მარ. 10:27). ამ სიტყვების ჭეშმარიტება თავად იესოს შემთხვევაში დადასტურდა. ღმერთმა მისი სიცოცხლე ზეციდან ქალწულის საშვილოსნოში გადაიტანა, რაც ადამიანური თვალსაზრისით შეუძლებელი იყო.

აქედან გამომდინარე, მხარს უჭერს ბიბლია იმ აზრს, რომ არშობილი ბავშვები აღდგებიან? ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ კითხვაზე ბიბლია კონკრეტულ პასუხს არ გვცემს. ამიტომ ამ საკითხს დოგმატურად არ უნდა მივუდგეთ. ეს თემა უამრავ კითხვას ბადებს. კარგს ვიზამთ, თუ თავს შევიკავებთ დასკვნების გაკეთებისგან. ერთი რამ ცხადია, ყველაფერი იეჰოვაზეა დამოკიდებული, რომელიც სიკეთითა და წყალობით არის სავსე (ფსალმ. 86:15). უდავოა, მას ძალიან სურს, აღდგომის მეშვეობით გააქროს სიკვდილის ყოველგვარი ნიშანწყალი (იობ. 14:14, 15). ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა ყოველთვის იმას აკეთებს, რაც სწორია. ის თავისი ძის მეშვეობით დაამსხვრევს „ეშმაკის საქმეებს“ და მის მიერ მიყენებულ ყველა ჭრილობას მოგვიშუშებს (1 იოან. 3:8).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ზოგიერთ თარგმანში ისე ჩანს, რომ ამ კანონით სიკვდილით უნდა დასჯილიყო ის, ვისი მიზეზითაც დაიღუპებოდა დედა და არა ნაყოფი. მაგრამ ებრაული დედნის მიხედვით აქ იგულისხმება როგორც დედის, ისე არშობილი ბავშვის სიკვდილი.

[სურათი 13 გვერდზე]

იეჰოვა ყველა ჭრილობას მოგვიშუშებს