არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წმინდა სულის ძალით ნებისმიერ განსაცდელს გაუმკლავდებით!

წმინდა სულის ძალით ნებისმიერ განსაცდელს გაუმკლავდებით!

წმინდა სულის ძალით ნებისმიერ განსაცდელს გაუმკლავდებით!

„ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილ. 4:13).

1. რატომ ხვდებიან იეჰოვას მოწმეები არაერთ გასაჭირს?

იეჰოვას მოწმეები არ არიან დაზღვეული სხვადასხვა გასაჭირისგან. ზოგჯერ ამის მიზეზი არასრულყოფილება ან დღევანდელი ბოროტი ქვეყნიერებაა. ზოგჯერ კი ღვთის მსახურებს სირთულეებს უქმნიან ისინი, ვინც ეწინააღმდეგება მათ რწმენას (დაბ. 3:15). კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე ღმერთი ეხმარებოდა თავის ერთგულ მსახურებს, აეტანათ რელიგიური შეუწყნარებლობა, არ მოქცეულიყვნენ თანატოლების გავლენაში და გაეძლოთ ყველანაირი გასაჭირისთვის. ღვთის წმინდა სულის ძალით ჩვენც შევძლებთ ამას.

წმინდა სული გაგაძლიერებთ რელიგიური შეუწყნარებლობის დროს!

2. რა არის მოწინააღმდეგეების მიზანი, და როგორ ვლინდება რელიგიური შეუწყნარებლობა?

2 რელიგიური შეუწყნარებლობის დროს მიზანმიმართულად ავიწროებენ ან ზიანს აყენებენ ხალხს თავიანთი რწმენის გამო. მოწინააღმდეგეების მიზანია, შეაჩერონ მორწმუნეების საქმიანობა, ხელი შეუშალონ თავიანთი მრწამსის გავრცელებაში ან შეარყიონ მათი ერთგულება. რელიგიური დევნა შეიძლება იყოს შენიღბული ან აშკარა. ბიბლია სატანის თავდასხმებს ლომისა და კობრას თავდასხმებს ადარებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 91:13 ).

3. როგორია ლომის მსგავსი და კობრას მსგავსი თავდასხმები?

3 გააფთრებული ლომის მსგავსად, სატანა ხშირად პირდაპირ გადმოდის შეტევაზე — ის აღძრავს ხალხს, ძალა იხმარონ ღვთის ხალხზე, ციხეში ჩასვან ან აკრძალონ მათი საქმიანობა (ფსალმ. 94:20). „წელიწდეულში“ ხშირად მოყვანილია იეჰოვას მოწმეების არაერთი შემთხვევა, საიდანაც ჩანს, რომ სატანა ასეთ ტაქტიკას მიმართავდა. ბევრგან უმართავი ბრბო, რომელთაც სამღვდელოების ფანატიკოსი წარმომადგენლები თუ პოლიტიკოსები აქეზებენ, შეურაცხყოფას აყენებს ღვთის ხალხს. ეს თავდასხმები, რომლებიც ლომის მსხვერპლზე თავდასხმას მოგვაგონებს, ცოტას თუ აკარგვინებს იეჰოვას მსახურების სურვილს. ეშმაკი აგრეთვე კობრას მსგავსად ფარულად ესხმის თავს მსხვერპლს, რათა მოწამლოს მათი გონება და თავისი ნება შეასრულებინოს. ამ ტაქტიკას იგი იმიტომ მიმართავს, რომ ღვთის მსახური სულიერად დაასუსტოს ან ღვთის რომელიმე პრინციპი დაარღვევინოს. მაგრამ ღვთის წმინდა სულის ძალით ჩვენ შევძლებთ, გავუძლოთ სატანის თავდასხმას, იქნება ეს აშკარა თუ შენიღბული.

4, 5. რა მოგვამზადებს დევნის ასატანად, და რატომ? მოიყვანეთ მაგალითი.

4 დევნის ასატანად ვერ მოვემზადებით, თუ წინასწარ წარმოვიდგენთ, რა შეიძლება შეგვემთხვას მომავალში. ზუსტად ვერ ვიტყვით, რა გველოდება წინ, ამიტომ ზედმეტი წუხილი არას გვარგებს, რადგან ჩვენი შიში შეიძლება არასდროს გამართლდეს. მაგრამ რაღაცის გაკეთება მაინც შეგვიძლია. მათ უმრავლესობას, ვინც წინააღმდეგობა გადაიტანა, დაეხმარა იესოს მაგალითსა და სწავლებებზე, აგრეთვე იმ ბიბლიურ პერსონაჟებზე ფიქრი, ვინც ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩა. ამის წყალობით მათ იეჰოვასადმი სიყვარული გაუღრმავდათ. ღვთის სიყვარულმა კი მათ ყველანაირი განსაცდელი გადაატანინა.

5 დავფიქრდეთ ორი მალაველი დის მაგალითზე. მათ გააფთრებული ბრბო დაესხა თავს და პარტიული ბილეთის ყიდვას აიძულებდა; ისინი სცემეს, გააშიშვლეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. ისიც კი უთხრეს, რომ ბეთელის ოჯახის წევრებმა იყიდეს პარტიული ბილეთები. დებმა ამაზე უპასუხეს: „ჩვენ მხოლოდ იეჰოვა ღმერთს ვემსახურებით. ნაყიდიც რომ ჰქონდეთ ფილიალში ძმებს ბილეთები, ჩვენ აზრს მაინც არ შევიცვლით. კიდეც რომ მოგვკლათ, მაინც იმავე აზრზე დავრჩებით!“ ბრბომ თავი დაანება დებს, როცა მათი გაბედულება დაინახა.

6, 7. როგორ აძლიერებს იეჰოვა წმინდა სულით თავის მსახურების დევნის დროს?

6 პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ თესალონიკელმა ქრისტიანებმა „დიდ გასაჭირში“ მიიღეს ჭეშმარიტება, მაგრამ ეს „წმინდა სულის სიხარულით“ გააკეთეს (1 თეს. 1:6). ბევრი ქრისტიანი, წარსულშიც და დღესაც, რომლებმაც დევნა აიტანეს, ამბობს, რომ ყველაზე უმძიმესი განსაცდელების დროსაც კი ისინი შინაგან სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ, რაც წმინდა სულის ერთ-ერთი ნაყოფია (გალ. 5:22). სწორედ მშვიდობამ დაიცვა მათი გულები და გონება. იეჰოვა თავისი წმინდა სულით აძლიერებს თავის მსახურებს, რომ გადაიტანონ განსაცდელი და როცა გასაჭირში ჩავარდებიან, ბრძნულად მოიქცნენ. *

7 ბევრი გაოცებას ვერ მალავს, როცა ხედავს, როგორ ინარჩუნებენ ერთგულებას ღვთის მსახურები სასტიკი დევნების დროსაც კი. მოწმეები აღმატებულ ძალას იღებენ ღვთისგან და ამიტომაც შეუძლიათ ნებისმიერი განსაცდელის გადატანა. პეტრე მოციქული გვარწმუნებს: „თუ ქრისტეს სახელისთვის გლანძღავენ, ბედნიერები ხართ, რადგან დიდების სული, ღვთის სული, თქვენზეა დავანებული“ (1 პეტ. 4:14). ჩვენ რომ იეჰოვას სამართლიანი ნორმების დაცვის გამო ვიდევნებით, იმაზე მოწმობს, რომ ღვთის კეთილგანწყობას ვიმსახურებთ (მათ. 5:10—12; იოან. 15:20). მართლაც სიხარულის მიზეზია ის, რომ იეჰოვას მოწონებას ვიმსახურებთ!

წმინდა სულის დახმარებით არ მოექცევით თანატოლების გავლენაში!

8. ა) რა დაეხმარა იესო ნავეს ძეს და ქალებ იეფუნეს ძეს, არ მოქცეულიყვნენ იმ ისრაელების გავლენაში, რომლებიც მათი ასაკის იყვნენ? ბ) რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათი მაგალითიდან?

8 სატანის კარგად შენიღბული მეთოდებიდან ერთ-ერთია თანატოლების ზეგავლენა. მაგრამ იეჰოვას სული ქვეყნიერების სულზე გაცილებით ძლიერია, ამიტომ ჩვენ შევძლებთ ავიტანოთ დაცინვა, ცილისწამება და აგრეთვე არ მოვექცეთ მათ გავლენაში, ვინც გვაიძულებს ღვთის ნორმების დარღვევას. მაგალითად, ვნახოთ, რა დაეხმარა იესო ნავეს ძეს და ქალებ იეფუნეს ძეს, არ მოქცეულიყვნენ სხვა ათი მზვერავის გავლენაში, რომლებიც ქანაანის მიწის დასაზვერად იყვნენ გაგზავნილი. ღვთის წმინდა სული დაეხმარა მათ, რომ იეჰოვას თვალით შეეხედათ სიტუაციისთვის და სრულიად განსხვავებული აზროვნება ჰქონოდათ (წაიკითხეთ რიცხვების 13:30; 14:6—10, 24 ).

9. რატომ უნდა იყვნენ ქრისტიანები უმრავლესობისგან განსხვავებული?

9 წმინდა სული იესოს მოციქულებსაც დაეხმარა, დამორჩილებოდნენ ღმერთს და არა ბევრისთვის პატივდებულ რელიგიურ წინამძღოლებს (საქ. 4:21, 31; 5:29, 32). უმეტესობამ არჩია, უმრავლესობის აზრი გაეზიარებინა და ამგვარად თავი აერიდებინა დაპირისპირებისა თუ კონფლიქტისთვის. რაც შეეხება ჭეშმარიტ ქრისტიანებს, მათ ხშირად უწევთ, დადგნენ სიმართლის მხარეს და დაიცვან თავიანთი პოზიცია. მაგრამ ღვთის წმინდა სულის შეწევნით მათ არ აქვთ იმის შიში, რომ სხვებისგან განსხვავებული აზრი ჰქონდეთ (2 ტიმ. 1:7). განვიხილოთ, რა მხრივ არ უნდა მოვექცეთ თანატოლების გავლენაში.

10. რა დილემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ზოგი ქრისტიანი?

10 ზოგი ახალგაზრდა შეიძლება დილემის წინაშე დადგეს, თუ გაიგებს, რომ მისმა მეგობარმა უწმინდური ჩვევა განივითარა. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ თუ მეგობრის დასახმარებლად უხუცესს მიმართავენ, მეგობრის ნდობას დაკარგავენ. სწორედ ამიტომ დუმილს არჩევენ, რადგან მათ ასე ესმით მეგობრისადმი ერთგულება. ცოდვის ჩამდენმა შეიძლება დაჟინებით სთხოვოს მეგობარს, რომ არ გათქვას ის. ეს მხოლოდ ახალგაზრდების პრობლემა არ არის. ზოგი უფროსი ასაკის ადამიანსაც უჭირს, უხუცესთან მივიდეს და თავისი მეგობრის ან ოჯახის წევრის ჩადენილი დანაშაულის შესახებ უთხრას. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ჭეშმარიტი ქრისტიანი?

11, 12. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თანამორწმუნე დაჟინებით გთხოვთ, არ გაამხილოთ მისი დანაშაული, და რატომ უნდა მოიქცეთ ასე?

11 წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. დავუშვათ, ახალგაზრდა ძმამ ნიკამ, გაიგო, რომ მის მეგობარს დათოს ჩვევად ექცა პორნოგრაფიის ყურება. ნიკამ დათოს უთხრა, რომ სერიოზულად დააფიქრა მისმა საქციელმა. დათომ არაფრად ჩააგდო მისი სიტყვები. როცა ნიკამ ურჩია, რომ უხუცესებთან მისულიყო, დათომ უთხრა: თუ შენ ჩემი ნამდვილი მეგობარი ხარ, არავის ეტყვი ამის შესახებ. მეგობრის დაკარგვის შიში ხომ არ გაუჩნდებოდა ნიკას? შეიძლება ის ფიქრობდა, რომ თუ დათო ყველაფერს უარყოფდა, დაუჯერებდნენ კი მას უხუცესები? მაგრამ იგი დუმილით ვერ გამოასწორებდა მდგომარეობას. უფრო მეტიც, თუ გაჩუმდებოდა, მას იეჰოვასთან გაუფუჭდებოდა ურთიერთობა. კარგი იქნებოდა, თუ ნიკას გაახსენდებოდა, რომ „ვინც ხალხის წინაშე კანკალებს, მას მახე უგია, იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება“ (იგავ. 29:25). კიდევ რა უნდა გაეკეთებინა ნიკას? ის კიდევ ერთხელ უნდა მისულიყო დათოსთან და თბილად აეხსნა მისთვის, რომ ცოდვას სჩადიოდა. ნიკას ამისთვის გაბედულება დასჭირდებოდა. თუ დათო მზად იქნებოდა ამ საკითხზე სალაპარაკოდ, ნიკა კიდევ ერთხელ შეახსენებდა მას, რომ უხუცესებთან მისულიყო და გაეფრთხილებინა ის, თუ რაღაც პერიოდის განმავლობაში არ იტყოდა სიმართლეს, თავად გააკეთებდა ამას (ლევ. 5:1).

12 თუ თქვენც აღმოჩენილხართ მსგავს სიტუაციაში, შეიძლება თავიდან თქვენი მეგობარიც განაწყენდა. მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ის მიხვდა, რომ მისთვის საუკეთესო გსურდათ. თუ შემცოდველი მიიღებს დახმარებას, ის ყოველთვის თქვენი მადლიერი იქნება იმისთვის, რომ გაბედულება გამოიჩინეთ და უერთგულეთ. მაგრამ, თუ ის ღალატად ჩაგითვლით თქვენს საქციელს, გიღირთ კი ასეთი მეგობრის ყოლა? არასდროს ინანებთ, თუ ყველაზე ძვირფას მეგობარს, იეჰოვას ასიამოვნებთ. როცა, პირველ რიგში, იეჰოვას ვუხარებთ გულს, ჩვენი ერთგულებისთვის დაგვაფასებენ ისინი, ვისაც იეჰოვა უყვარს და ჩვენი ნამდვილი მეგობრები გახდებიან. ჩვენ არასდროს უნდა დავუშვათ, რომ ‘ადგილი მივცეთ ეშმაკს’ ქრისტიანულ კრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იეჰოვას წმინდა სულს დავანაღვლიანებთ. მაგრამ, როცა ქრისტიანული კრების სიწმინდეს ვუწყობთ ხელს, წმინდა სულის ხელმძღვანელობას მივყვებით (ეფეს. 4:27, 30).

ღვთის სულის ძალით ნებისმიერ გასაჭირს გადაიტანთ!

13. რა და რა სახის გასაჭირს ხვდება იეჰოვას ხალხი, და რატომ?

13 ქრისტიანს შეიძლება სხვადასხვა სახის გასაჭირი დაატყდეს თავს — ეს შესაძლოა იყოს ფინანსური კრიზისი, უმუშევრობა, სტიქიური უბედურება, საყვარელი ადამიანის სიკვდილი თუ ავადმყოფობა. ჩვენ ვცხოვრობთ „ბოლო დღეებში“ და ამიტომ, ადრე თუ გვიან ნებისმიერ ჩვენგანს მოუწევს ამა თუ იმ სახის განსაცდელთან გამკლავება (2 ტიმ. 3:1). ნებისმიერი გასაჭირის დროს მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. ღვთის წმინდა სულის ძალით ნებისმიერ გასაჭირს გადავიტანთ.

14. რამ გააძლიერა იობი არაერთი გასაჭირის გადასატანად?

14 იობმა ერთიმეორის მიყოლებით საშინელი განსაცდელები გადაიტანა. მან დაკარგა მთელი ქონება, შვილები, მეგობრები; აგრეთვე საშინელი დაავადება შეეყარა და მისმა ცოლმა იეჰოვასადმი ნდობა დაკარგა (იობ. 1:13—19; 2:7—9). მაგრამ იობისთვის ნამდვილი ნუგეშისმცემელი ელიჰუ აღმოჩნდა. იეჰოვამ იმაზე დააფიქრა იობი, რაც ელიჰუმ უთხრა: „ყური დაუგდე ამას, იობ, გაჩერდი და დაუკვირდი ღვთის საოცარ საქმეებს“ (იობ. 37:14). რა დაეხმარა იობს განსაცდელების გადატანაში და ჩვენ რა დაგვეხმარება? იმაზე დაფიქრება, თუ როგორ ეხმარებოდა იეჰოვას წმინდა სული სხვებს გასაჭირში, დაგვეხმარება, რომ ჩვენც გავუძლოთ გასაჭირს (იობ. 38:1—41; 42:1, 2). ალბათ, არაერთი შემთხვევა გაგვახსენდება, როცა ღმერთმა პირადად ჩვენზე იზრუნა. იგი დღესაც დაინტერესებულია ჩვენი კეთილდღეობით.

15. რამ გადაატანინა პავლე მოციქულს განსაცდელები?

15 მოციქულმა პავლემ რწმენის გამო ბევრჯერ სიკვდილს ჩახედა თვალებში (2 კორ. 11:23—28). როგორ შეინარჩუნა მან ემოციური და სულიერი წონასწორობა ამ უმძიმეს პერიოდში? იგი ლოცულობდა და მთელი გულით ენდობოდა იეჰოვას. ერთ-ერთი ბოლო განსაცდელისას, რომელსაც, როგორც ჩანს, მისი წამებით სიკვდილი მოჰყვა, პავლემ დაწერა: „უფალი მედგა გვერდში და მაძლიერებდა, რათა ჩემი მეშვეობით ბოლომდე შესრულებულიყო ქადაგების საქმე და ყველა ხალხს მოესმინა; და თავი დავაღწიე ლომის ხახას“ (2 ტიმ. 4:17). ამიტომ, პავლე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე არწმუნებდა თანამორწმუნეებს, რომ ‘ნურაფერზე დაიწყებდნენ წუხილს’ (წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7, 13 ).

16, 17. მოიყვანეთ მაგალითი, რომელიც აჩვენებს, როგორ აძლიერებს იეჰოვა დღეს გასაჭირში მყოფ თავის მსახურებს.

16 პიონერი და, სახელად როქსანა ერთ-ერთია, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებზე. როდესაც მან თავის დამსაქმებელს ნებართვა სთხოვა, კონგრესზე დასასწრებად რამდენიმე დღით გაეთავისუფლებინა, უფროსმა გაბრაზებულმა უთხრა, რომ თუ კონგრესზე წავიდოდა, სამუშაოდან დაითხოვდა. ამის მიუხედავად, როქსანა მაინც წავიდა კონგრესზე და თან მხურვალედ სთხოვდა იეჰოვას, რომ მისთვის სამუშაო შეენარჩუნებინა. ლოცვის შემდეგ მან სიმშვიდე იგრძნო. ორშაბათს სწორედ ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა — იგი უფროსმა სამუშაოდან დაითხოვა. მართალია, როქსანას დიდი ხელფასი არ ჰქონდა, მაგრამ სამსახურის გარეშე ვერ შეძლებდა ოჯახის შენახვას. მან კვლავ ილოცა და დაფიქრდა იმაზე, რომ თუკი ის ღმერთმა კონგრესზე სულიერად დააპურა, მის ფიზიკურ მოთხოვნილებებზეც იზრუნებდა. ერთხელ, როდესაც სახლში ბრუნდებოდა, როქსანამ შენიშნა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ეძებდნენ მკერავებს. იგი გამოეხმაურა დამსაქმებელს. თუმცა, მას სამუშაო გამოცდილება არ ჰქონდა, მენეჯერმა მაინც აიყვანა იგი სამუშაოზე და დაუნიშნა ხელფასი, რომელიც თითქმის ორჯერ აღემატებოდა წინა სამსახურში გამომუშავებულ თანხას. როქსანამ დაინახა, რომ იეჰოვამ მის ლოცვას უპასუხა. მაგრამ ყველაზე დიდი კურთხევა ის იყო, რომ როქსანამ შეძლო თანამშრომლებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარება.

17 დროდადრო შეიძლება ფიქრობთ, რომ იეჰოვა არ პასუხობს თქვენს ლოცვებს, რადგან შესაძლოა მაშინვე არ გპასუხობთ ან ისე არ გპასუხობთ, როგორც ამას თქვენ მოელით. მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს. იეჰოვამ იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო და თუ დღეს ჩვენთვის ყველაფერი ცხადი არ არის, მომავალში გახდება ნათელი. ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ: ღმერთი არ მიატოვებს თავის ერთგულ მსახურებს (ებრ. 6:10).

წმინდა სულის დახმარებით ნებისმიერ განსაცდელსა თუ ცდუნებას გაუძლებთ!

18, 19. ა) რატომ ხვდებიან ხშირად ღვთის მსახურები განსაცდელებს და რატომ დგებიან ცდუნების წინაშე? ბ) როგორ შეძლებთ განსაცდელების გადატანას?

18 იეჰოვას ხალხი ხშირად დგება ცდუნების წინაშე, მათ აგრეთვე უწევთ დევნის ატანა, გულგატეხილობასთან გამკლავება და თანატოლების გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ქვეყნიერება ჩვენ მიმართ მტრულად არის განწყობილი (იოან. 15:17—19). მიუხედავად ამისა, წმინდა სულით დახმარებით შეგვიძლია დავძლიოთ ნებისმიერი განსაცდელი, რასაც ღვთის მსახურების დროს ვხვდებით. იეჰოვა არ დაუშვებს ისეთ რამეს, რის გადატანასაც ვერ შევძლებთ (1 კორ. 10:13). ის არ დაგვტოვებს და არ მიგვატოვებს (ებრ. 13:5). თუ დავემორჩილებით ღვთივშთაგონებულ სიტყვას, ეს დაგვიცავს და გაგვაძლიერებს. უფრო მეტიც, ღვთის წმინდა სულმა შეიძლება აღძრას თანამორწმუნეები, რომ ყველაზე რთულ პერიოდში დახმარების ხელი გამოგვიწოდონ.

19 დაე, თითოეულმა ჩვენგანმა სთხოვოს ღმერთს ლოცვაში წმინდა სული და ჩაუღრმავდეს ღვთის სიტყვას! კვლავაც გაძლიერდით „მთელი ძალით მისი დიდებული ძლევამოსილებისამებრ, რათა ყველაფერი მოითმინოთ და სულგრძელნი იყოთ სიხარულით“! (კოლ. 1:11).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 იხილეთ 2001 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 16 და 1993 წლის 8 მარტის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 21, 22 (რუს.).

როგორ უპასუხებთ?

• როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ დევნის ასატანად?

• როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თანამორწმუნე დაჟინებით გთხოვთ, არ გაამხილოთ მისი დანაშაული?

• რა განსაცდელშიც არ უნდა იმყოფებოდეთ, რაში შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 28 გვერდზე]

რისი სწავლა შეგვიძლია იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძისგან?

[სურათი 29 გვერდზე]

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ, მეგობარს, რომელიც ცოდვას სჩადის?