არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვიხაროთ ერთად!

ვიხაროთ ერთად!

ვიხაროთ ერთად!

ბედნიერებისა და სიხარულის მიღწევა უფრო და უფრო რთული ხდება. დადებითი ემოციების სხვებისთვის გაზიარება ბევრს თითქმის შეუძლებლად მიაჩნია. თანამედროვეობამ, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, გამოიწვია ის, რომ ადამიანები კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან და ყველასგან იზოლირებას ცდილობენ.

ფსიქოლოგიის პროფესორმა ალბერტო ოლივერიომ თქვა: „მარტოობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ცხადია, დიდ ქალაქებში ცხოვრება ადამიანების განმარტოებას უწყობს ხელს. ხშირ შემთხვევაში, ეს იმის მიზეზი ხდება, რომ უბრალოდ იგნორირებას ვუკეთებთ თანამშრომელს, მეზობელს ან გამყიდველს, რომელიც ჩვენს სახლთან ახლო მდებარე სუპერმარკეტში მუშაობს“. ასეთი იზოლირება ხშირად დეპრესიას იწვევს.

მაგრამ თანაქრისტიანების მდგომარეობა და შინაგანი განწყობა სრულიად განსხვავებულია. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყოველთვის ხარობდეთ“ (1 თეს. 5:16). ჩვენ სიხარულისა და თანაქრისტიანებთან ერთად გახარების უამრავი მიზეზი გვაქვს, რადგან თაყვანს ვცემთ უზენაეს ღმერთ იეჰოვას, გვესმის ბიბლიური ჭეშმარიტება, გვაქვს ხსნისა და მარადიული სიცოცხლის იმედი და შეგვიძლია სხვებსაც დავეხმაროთ მსგავსი კურთხევების მიღებაში (ფსალმ. 106:4, 5; იერ. 15:16; რომ. 12:12).

სიხარული და ამ სიხარულის ერთმანეთისთვის გაზიარება ჭეშმარიტი ქრისტიანების დამახასიათებელი თვისებებია. ამიტომ, გასაკვირი არ არის ის, რაც პავლემ ფილიპელებს მისწერა: „მიხარია და ვხარობ თქვენთან ერთად. თქვენც გიხაროდეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად“ (ფილ. 2:17, 18). ამ მოკლე ფრაზაში პავლემ ორჯერ მოიხსენია სიხარული და სხვებთან ერთად გახარება.

რა თქმა უნდა, ქრისტიანები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ თავი აარიდონ განმარტოებისკენ მიდრეკილებას. ის, ვინც განმარტოებას ირჩევს, ვერ შეძლებს თანამორწმუნეებთან გახარებას. როგორ შეგვიძლია, მივყვეთ პავლეს მოწოდებას: „იხარეთ უფალში“ ჩვენს და-ძმებთან ერთად? (ფილ. 3:1).

იხარეთ თანამორწმუნეებთან ერთად

როცა პავლე ფილიპელებს სწერდა თავის წერილს, ის შესაძლოა რომში იყო დაპატიმრებული სამქადაგებლო საქმიანობის გამო (ფილ. 1:7; 4:22). მაგრამ პატიმრობას მისთვის მსახურების ენთუზიაზმი არ ჩაუხშია. პირიქით, ის ხარობდა, რომ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებდა იეჰოვას მსახურებაში, და „დასაღვრელი შესაწირავივით იღვრებოდა“ (ფილ. 2:17). პავლეს განწყობამ ცხადყო, რომ სიხარული არ არის დამოკიდებული გარემო პირობებზე. ბორკილების მიუხედავად, მან თქვა: „კვლავაც გავიხარებ“ (ფილ. 1:18).

კრება ფილიპეში პავლემ ჩამოაყალიბა და ამიტომ, განსაკუთრებულად უყვარდა იქაური ძმები. მან იცოდა, რომ იეჰოვას მსახურებით განცდილი სიხარულის გაზიარება ამ ძმებსაც გაამხნევებდა. ამიტომ დაწერა: „მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ ყველაფერი, რაც თავს გადამხდა, სასიხარულო ცნობის წინსვლას მოემსახურა და სხვა არაფერს. ჩემი ბორკილები ქრისტეში ცნობილი გახდა პრეტორიული გვარდიისა და ყველა დანარჩენისთვის“ (ფილ. 1:12, 13). ამ გამამხნევებელი შემთხვევების გაზიარება პავლეს სიხარულისა და ძმებთან ერთად გახარების ერთ-ერთი მიზეზი იყო. თავის მხრივ, ფილიპელებსაც უნდა გაეხარათ პავლესთან ერთად. მაგრამ იმას, რაც პავლეს გადახდა, მათი გულგატეხილობა არ უნდა გამოეწვია. პირიქით, მათ უნდა მიებაძათ მოციქულისთვის (ფილ. 1:14; 3:17). გარდა ამისა, ფილიპელებს შეეძლოთ, ელოცათ პავლესთვის და, შეძლებისდაგვარად, პრაქტიკული დახმარება და მხარდაჭერაც აღმოეჩინათ მისთვის (ფილ. 1:19; 4:14—16).

ვავლენთ სიხარულის ისეთივე სულს, როგორსაც პავლე ავლენდა? ვცდილობთ, დავინახოთ დადებითი მხარეები ჩვენს ცხოვრებასა და ქრისტიანულ მსახურებაში? და-ძმებთან ურთიერთობისას, კარგი იქნება, თუ ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს, რომელიც სამქადაგებლო საქმიანობას მოაქვს. არ უნდა ველოდოთ, რაღაც უჩვეულო შემთხვევას. შეიძლება რაიმე ეფექტური შეთავაზებით ან სამეფოს შესახებ ცნობაზე მსჯელობით დავაინტერესეთ ვინმე; ან კარგი საუბარი გვქონდა მობინადრესთან რომელიმე ბიბლიური მუხლის გარშემო. შესაძლოა, გვიცნეს, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ, და ამან ქადაგების კარგი შესაძლებლობა მოგვცა. ასეთი შემთხვევების გაზიარება ერთად გახარების ერთ-ერთი საშუალებაა.

მრავალი იეჰოვას მოწმე, როგორც წარსულში, ისე ახლა, სამქადაგებლო მსახურებისთვის გარკვეულ მსხვერპლზე მიდის. პიონერები, მიმომსვლელი ზედამხედველები, ბეთელელები, მისიონერები და საერთაშორისო მსახურები მთელ თავიანთ დროს უთმობენ მსახურებას, რასაც მათთვის სიხარული მოაქვს. განიცდით თქვენც ბედნიერებასა და სიხარულს მათთან ერთად? ისინი არიან ძვირფასი „თანამსახურები ღვთის სამეფოსთვის“ (კოლ. 4:11). ნუთუ არ ვართ მადლიერები იეჰოვასი, რომ ასეთი და-ძმები გვყავს? კრების შეხვედრებზე თუ კონგრესებზე შეგვიძლია მთელი გულით გავამხნევოთ ისინი. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია მივბაძოთ მათ გულმოდგინებას. თუ მათდამი სტუმართმოყვარეობას გამოვავლენთ, მაგალითად, სადილზე დავპატიჟებთ, შესაძლებლობა მოგვეცემა, მოვისმინოთ მათი გამამხნევებელი შემთხვევები და საუბრები (ფილ. 4:10).

იხარეთ მათთან ერთად, ვინც განსაცდელებს ხვდება

დევნებისა და განსაცდელების გადატანამ განამტკიცა პავლე, დარჩენილიყო იეჰოვას ერთგული (კოლ. 1:24; იაკ. 1:2, 3). მან იცოდა, რომ ფილიპეში მცხოვრები ძმები, თუ მსგავს განსაცდელებს შეხვდებოდნენ, გამხნევდებოდნენ მისი სიმტკიცით და ეს მოციქულს სიხარულის მიზეზს აძლევდა. პავლემ დაწერა: „რადგან თქვენ გხვდათ წილად პატივი ქრისტეს გულისთვის, რომ არა მხოლოდ გერწმუნათ იგი, არამედ გეტანჯათ კიდეც მისი გულისთვის. თქვენც იმ ბრძოლას ეწევით, რომელ ბრძოლაშიც მე მნახეთ და რომლის შესახებაც ახლა ისმენთ“ (ფილ. 1:29, 30).

მსგავსადვე დღესაც, სამქადაგებლო საქმიანობის გამო ქრისტიანები განსაცდელებს ხვდებიან. დროდადრო წინააღმდეგობა ძალადობის ფორმას იღებს, მაგრამ უფრო ხშირად ფარული, მზაკვრული ხასიათისაა. ეს შეიძლება იყოს განდგომილების ცრუ ბრალდებები, ოჯახის წევრების მტრული განწყობა ან თანამშრომლებისა თუ თანაკლასელების მხრიდან დაცინვა. იესომ გაგვაფრთხილა, რომ ასეთმა განსაცდელებმა არც უნდა გაგვაკვირვოს და არც გული გაგვიტეხოს. პირიქით, განსაცდელები ჩვენთვის სიხარულის მიზეზი უნდა იყოს. მან თქვა: „ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში“ (მათ. 5:11, 12).

ჩვენ არ უნდა შევშინდეთ ან შევძრწუნდეთ, როცა გავიგებთ, რომ რომელიმე ქვეყანაში და-ძმები დიდ წინააღმდეგობას ხვდებიან. პირიქით, ჩვენ უნდა გავიხაროთ მათი სიმტკიცით. შეგვიძლია, ვილოცოთ მათთვის და ვთხოვოთ იეჰოვას, განამტკიცოს მათი რწმენა და გადაატანინოს განსაცდელი (ფილ. 1:3, 4). თუმცა ამ ძვირფას ძმებს შეიძლება სხვა ვერაფრით დავეხმაროთ, შეგვიძლია დახმარების ხელი გავუწოდოთ ჩვენი კრების იმ წევრებს, რომლებიც განსაცდელებს ხვდებიან. შეგვიძლია დავინტერესდეთ მათი მდგომარეობით და მხარში ამოვუდგეთ მათ. ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე მათი დაპატიჟებით, ერთად მსახურებით ან უბრალოდ დროის ერთად გატარებით, შევძლებთ მათთან ერთად გახარებას.

ჩვენ სიხარულის ბევრი მიზეზი გვაქვს. მოდი, წინააღმდეგობა გავუწიოთ ქვეყნიერებაში გაბატონებულ განმარტოების სულს და განვაგრძოთ და-ძმებისთვის სიხარულის გაზიარება. ასეთი სახით, ჩვენ არა მარტო სიყვარულისა და ერთობის სულს შეუწყობთ კრებაში ხელს, არამედ სრულად გავიხარებთ ქრისტიანული საძმოთი (ფილ. 2:1, 2). დიახ, პავლე მოგვიწოდებს: „ყოველთვის იხარეთ უფალში. კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ!“ (ფილ. 4:4).

[სურათის საავტორო უფლება 6 გვერდზე]

Globe: Courtesy of Replogle Globes