უფრთხილდით გულის ზრახვებს
„გული ყველაზე ვერაგი და უმართავია“, — ნათქვამია ბიბლიაში (იერ. 17:9). როცა მთელი გულით გვსურს რამე, განა არ ვცდილობთ, განვახორციელოთ ჩვენი სურვილები?
ბიბლია გვაფრთხილებს: „გულიდან გამოდის ბოროტი აზრები, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, ქურდობა, ცრუმოწმეობა, მკრეხელობა“ (მათ. 15:19). გულმა შეიძლება გვაცდუნოს და ისეთ საქციელისკენ გვიბიძგოს, რაც ეწინააღმდეგება ღვთის ნებას. ამას შეიძლება მხოლოდ მას მერე მივხვდეთ, როცა არასწორად მოვიქცევით. რა დაგვეხმარება გულის ზრახვების გაგებაში, სანამ ცუდ რამეს ჩავიდენთ?
როგორ გავიგოთ გულის ზრახვები?
იკითხეთ ბიბლია ყოველდღე და იფიქრეთ წაკითხულზე.
„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და აღწევს ხორცისა და სულის . . . ადგილამდე“, — დაწერა მოციქულმა პავლემ. ბიბლიაში მოცემული ღვთის ცნობა „არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრ. 4:12). წმინდა წერილების კვლევით შევძლებთ გულის ზრახვების ამოცნობას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველდღე ვიკითხოთ ღვთის სიტყვა და ვიფიქროთ წაკითხულზე. ეს დაგვეხმარება, გვქონდეს იეჰოვას თვალსაზრისი.
თუ მოვუსმენთ ღვთის სიტყვაში მოცემულ რჩევებს და გამოვიყენებთ ბიბლიურ პრინციპებს, შევძლებთ გავწვრთნათ სინდისი, შინაგანი ხმა, რომელიც „გვიმოწმებს“ (რომ. 9:1). სინდისი გვეხმარება, რომ არ გავამართლოთ ჩვენი არასწორი საქციელი. გარდა ამისა, ბიბლიაში მოცემულია მაგალითები „ჩვენ გასაფრთხილებლად“ (1 კორ. 10:11). ამ მაგალითების განხილვა გვეხმარება, არ გადავდგათ არასწორი ნაბიჯი. რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა?
სთხოვეთ ღმერთს, დაგეხმაროთ გულის ზრახვების გაგებაში.
იეჰოვა არის „გულების შემმოწმებელი“ (1 მატ. 29:17). ის „ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (1 იოან. 3:20). ღმერთს ვერ მოვატყუებთ. თუ ლოცვაში იეჰოვას გულახდილად ვეტყვით, რაც გვაწუხებს, გავუზიარებთ გრძნობებსა და სურვილებს, მას შეუძლია, გაგვაგებინოს ჩვენი გულის ზრახვები. ღმერთს აგრეთვე შეგვიძლია ვთხოვოთ, რომ „სუფთა გული“ შექმნას ჩვენში (ფსალმ. 51:10). ასე რომ, ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იეჰოვა დაგვეხმაროს გულის ზრახვების გაგებაში.
ყურადღებით იყავით კრების შეხვედრებზე.
კრების შეხვედრებზე ყურადღებით ყოფნა დაგვეხმარება, გულწრფელად შევაფასოთ ჩვენი შინაგანი პიროვნება ანუ ჩვენი გული. თუმცა კრების შეხვედრებზე ყოველთვის ახალ ინფორმაციას არ ვიღებთ, მათზე დასწრება ხელს შეგვიწყობს, უკეთ გავიგოთ ბიბლიური პრინციპები და ის მნიშვნელოვანი შეხსენებები, რომლებიც ჩვენი გულის ზრახვების ამოცნობაში დაგვეხმარება. შინაგანი პიროვნების გაუმჯობესებაში ჩვენი და-ძმების კომენტარებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს (იგავ. 27:17). ქრისტიანული შეხვედრების გაცდენა ნამდვილად ზიანის მომტანი იქნებოდა ჩვენთვის. ამან შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ საკუთარი გულისთქმების შესრულება უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნიოთ (იგავ. 18:1). ამიტომ კარგია, თუ საკუთარ თავს ვკითხავთ: „ჩვევად მაქვს კრების ყველა შეხვედრაზე დასწრება და ყურადღებით მოსმენა?“ (ებრ. 10:24, 25).
რისკენ გვიბიძგებს გული?
ჩვენმა ვერაგმა გულმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: მატერიალიზმი, ალკოჰოლური სასმელების მიღება, მეგობრებისა და დასვენების არჩევა.
მატერიალიზმი.
ბუნებრივია, რომ გვსურს ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვა. მაგრამ იესომ მოიყვანა გამაფრთხილებელი მაგალითი, რომლითაც აჩვენა, რამდენად არასწორია მატერიალურ საკითხებზე გადაჭარბებული ზრუნვა. იესო მოჰყვა ერთ მდიდარ კაცზე, რომელსაც სავსე ჰქონდა ბეღლები და არ იცოდა, ახალი მოსავალი სად დაებინავებინა. ამიტომ, ამ კაცმა გადაწყვიტა, დაენგრია ძველი ბეღლები და აეშენებინა უფრო დიდები. ის მსჯელობდა: „იქ დავაბინავებ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს. შემდეგ ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი დოვლათი გაქვს დაგროვებული, მრავალი წლის სამყოფი, დაისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“. მაგრამ ამ მდიდარ კაცს ყურადღებიდან გამორჩა ერთი რამ — ის იმავე ღამეს შეიძლება მომკვდარიყო (ლუკ. 12:16—20).
წლების მატებასთან ერთად შეიძლება უფრო მეტად დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ სიბერეში მატერიალურად ვიყოთ უზრუნველყოფილი. შესაძლოა, სწორედ ამიტომ დავუთმოთ მეტი დრო სამუშაოს, რის გამოც შეიძლება გაგვიცდეს კრების შეხვედრები ან უარი ვთქვათ ქრისტიანული პასუხისმგებლობების შესრულებაზე. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ განგვივითარდეს ასეთი აზროვნება. ან თუ ახალგაზრდა ვართ, გვესმის რომ სრული დროით მსახურებაზე უკეთესი არაფერია, მაგრამ შეიძლება ვფიქრობთ, რომ პიონერობამდე ჯერ ფინანსურად უნდა უზრუნველვყოთ საკუთარი თავი. არავინ იცის, ხვალ ვიქნებით თუ არა ცოცხლები, ამიტომ ახლა არის დრო, საუკეთესო გავიღოთ ღვთისთვის.
ალკოჰოლური სასმელები.
„ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს“, — ნათქვამია იგავების 23:20-ში. ვინც ალკოჰოლური სასმელებისადმია მიდრეკილი, შეიძლება სხვადასხვა მიზეზით გაიმართლოს თავი, თუ რატომ სვამს ხშირად. მაგალითად, შეიძლება თქვას, რომ განტვირთვისთვის სვამს და არა დასათრობად. თუ განტვირთვისთვის ჩვენც ვეძალებით ალკოჰოლს, დროა, შევამოწმოთ ჩვენი გულის მდგომარეობა.
მეგობრები.
ცხადია, სკოლაში, სამსახურსა თუ მსახურებაში დროდადრო გვიწევს ურთიერთობა მათთან, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე. მაგრამ სულ სხვა საკითხია დროის ერთად გატარება და მით უმეტეს მეგობრობა. მათი კარგი თვისებების გამო ხომ არ ვამართლებთ ასეთ ურთიერთობას? „ნუ შეცდებით, — გვაფრთხილებს ბიბლია. — ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორ. 15:33). როგორც სუფთა წყალი შეიძლება პატარა რაღაცამ დააბინძუროს, ასევე მათთან ურთიერთობამ, ვინც არ ემსახურება ღმერთს, შეიძლება „დააბინძუროს“ ჩვენი სულიერობა და განგვივითაროს ქვეყნიური თვალსაზრისი ჩაცმულობასთან, მეტყველებასა და ქცევასთან დაკავშირებით.
დასვენება და გართობა.
თანამედროვე ტექნიკის წყალობით ყველანაირი გართობა არის ხელმისაწვდომი, რომელთაგან უმეტესობა საეჭვო ან მიუღებელია ქრისტიანისთვის. პავლემ დაწერა: „უწმინდურება . . . არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის“ (ეფეს. 5:3). რა შეიძლება ითქვას, თუ სურვილი გვაქვს ვუყუროთ ან მოვუსმინოთ იმას, რაც უწმინდურია? შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ცოტა დასვენება და გართობა ყველას სჭირდება და ვინ როგორ დაისვენებს, ეს პირადი გადასაწყვეტია. მაგრამ მოდი, პავლეს რჩევა ყურად ვიღოთ და ჩვენს თვალებსა და ყურებს მოვარიდოთ უწმინდურება.
ჩვენ შეგვიძლია ცვლილებების მოხდენა.
თუ ვერაგი გულის სურვილების მსხვერპლი გავხდით და ჩვევად გვექცა არასწორი საქციელის გამართლება, ჯერ კიდევ არ არის გვიან ცვლილებების მოხდენა (ეფეს. 4:22—24). განვიხილოთ ორი თანამედროვე მაგალითი.
მიგელს * აზროვნება უნდა შეეცვალა მატერიალურ ნივთებთან დაკავშირებით. ის ჰყვება: „მე და ჩემი ოჯახი ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც დიდი ყურადღება ექცევა უახლესი ტექნიკის შეძენასა და კომფორტულ ცხოვრებას. ერთი პერიოდი ვცდილობდი, შემეძინა ყველაფერი, რასაც ქვეყნიერება მთავაზობდა, თან ვფიქრობდი, ამას ისე გავაკეთებდი, რომ მატერიალისტი არ გავხდებოდი. მალე მივხვდი, რომ ნივთების შეძენას ბოლო არ უჩანდა. იეჰოვას ლოცვაში ვთხოვდი, დამხმარებოდა, გულსა და გონებაში ცვლილებები მომეხდინა. მთელ ოჯახს გვსურდა, მისთვის სრული დროით გვემსახურა და ეს სურვილი ღმერთს ლოცვაში გავანდეთ. ჩვენ შევძელით ცხოვრების გამარტივება და გადავედით საქადაგოდ იქ, სადაც მეტი მაუწყებელი იყო საჭირო. მალე პიონერად დავიწყეთ მსახურება. მივხვდით, რომ ბედნიერი და აზრიანი ცხოვრებისთვის ბევრი არაფერი ყოფილა საჭირო“.
ლის შემთხვევა აჩვენებს, თუ როგორ დაეხმარა მას გულწრფელი თვითშემოწმება, ურთიერთობა გაეწყვიტა ცუდ საზოგადოებასთან. „სამუშაოს გამო — ამბობს ლი, — ხშირად მიწევდა ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. ვიცოდი, რომ მათთან შეხვედრების დროს დალევა არ ამცდებოდა, მაგრამ გული მაინც იქით მიმიწევდა. ხშირად ლამის დათრობამდეც კი დამილევია, შემდეგ კი მინანია. მივხვდი, რომ უნდა შემემოწმებინა ჩემი გული. ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევებისა და უხუცესების მითითებების დახმარებით დავინახე, რომ თავად ვეძებდი ურთიერთობის საშუალებას მათთან, ვისაც იეჰოვა არ უყვარდა. ახლა შეძლებისდაგვარად ტელეფონით ვაგვარებ პარტნიორებთან საქმეებს და მინიმუმამდე დავიყვანე მათთან ურთიერთობა“.
ჩვენ გულწრფელი უნდა ვიყოთ საკუთარ თავთან და გავიგოთ ჩვენი გულის ზრახვები. ამისათვის იეჰოვას უნდა ვთხოვოთ ლოცვაში დახმარება და გვახსოვდეს, რომ „მან იცის გულის საიდუმლოებები“ (ფსალმ. 44:21). ღმერთმა აგრეთვე მოგვცა თავისი სიტყვა, რომელიც ჩვენთვის სარკესავით არის (იაკ. 1:22—25). ასევე ფასდაუდებელია ის შეხსენებები თუ რჩევები, რომლებსაც ქრისტიანული პუბლიკაციებისა და კრების შეხვედრების მეშვეობით ვიღებთ. ასეთი სახით შეგვიძლია დავიცვათ გული და სიმართლის ბილიკებით ვიაროთ.
^ აბზ. 18 სახელები შეცვლილია.