გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.
ნებადართულია ქრისტიანთათვის კრემაცია?
ქრისტიანი მიმართავს თუ არა კრემაციას, პირადად მისი ან ოჯახის წევრების გადასაწყვეტია. მართალია, ბიბლია პირდაპირ არ მოგვიწოდებს ამისკენ, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეფე საულისა და მისი ვაჟის, იონათანის, გვამები ჯერ დაწვეს და მერე დამარხეს (1 სამ. 31:2, 8—13) (6/15, გვერდი 7).
რატომ შეგვიძლია გადაჭრით იმის თქმა, რომ ღვთის ბრალი არ არის უბედურებები?
ღვთის ყოველი გზა სამართლიანია. ის არის სამართლიანი, ერთგული და მართალი. მას სათუთი გრძნობები აქვს და გულმოწყალეა (კან. 32:4; ფსალმ. 145:17; იაკ. 5:11) (7/1, გვერდი 4).
რა სირთულეებს შეიძლება შეხვდეს ადამიანი, როდესაც უცხოენოვან ტერიტორიაზე გადადის საქადაგებლად?
არსებობს სამი ძირითადი სირთულე: 1) შეცვლილი ცხოვრების ნირი, 2) ოჯახის წევრების მონატრება, 3) ახალი მეგობრების შეძენა. ბევრმა, ვინც გაუმკლავდა ასეთ სირთულეებს, უხვი კურთხევები მიიღო (7/15, გვერდები 4, 5).
რატომ მოიძულეს ძმებმა იოსები
უპირველესად იმიტომ, რომ იაკობს გამორჩეულად უყვარდა იოსები და განსაკუთრებული მოსასხამი შეუკერა. იოსების ძმებს შეშურდათ მისი და მონად გაყიდეს (8/1, გვერდები 11—13).
რატომ არის ახალი ბუკლეტებით მსახურება ადვილი და შედეგიანი?
ყველა ახალი ბუკლეტი ერთი და იმავე სტილითაა შედგენილი. თითოეული ბუკლეტი ისეა შედგენილი, რომ მობინადრეს მასში მოყვანილი მუხლი წავუკითხოთ და კითხვა დავუსვათ. მობინადრემ როგორი პასუხიც არ უნდა გაგვცეს, ჩვენ შეგვიძლია გადავუშალოთ ბუკლეტი და წავუკითხოთ, რას ამბობს ბიბლია. შეგვიძლია კითხვა განმეორებითი მონახულებისთვისაც დავსვათ (8/15, გვერდები 13, 14).
რა არის სირიული „ფეშიტა“?
სირიულმა ენამ, რომელიც არამეულის ერთ-ერთი დიალექტია, გავრცელება დაიწყო ახ. წ. მეორე ან მესამე საუკუნეში. როგორც აღმოჩნდა, სირიული პირველი ენა იყო, რომელზეც ითარგმნა ქრისტიანულ-ბერძნული წერილები. სირიულად ნათარგმნი ბიბლია „ფეშიტის“ სახელით გახდა ცნობილი (9/1, გვერდები 13, 14).
რა დაეხმარება ქრისტიან მშობლებს, რომ კარგად დამწყემსონ შვილები?
შვილები კარგად რომ გავიცნოთ, უნდა მოვუსმინოთ მათ. ეცადეთ, სულიერად გამოკვებოთ და სიყვარულით მისცეთ რჩევები, მაგალითად მაშინ, როდესაც ეჭვები უჩნდებათ რწმენასთან დაკავშირებით (9/15, გვერდები 18—21).
რა აღარ იქნება ღვთის სამეფოს მმართველობის დროს?
აღარ იქნება ავადმყოფობა, სიკვდილი, უმუშევრობა, ომები, საკვების უკმარისობა და სიღარიბე (10/1, გვერდები 6, 7).
რომელი შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ სხვებსაც ქრისტესთან ერთად მმართველობა?
მოციქულებთან უკანასკნელი პასექის აღნიშვნის შემდეგ იესომ შეთანხმება დაუდო ერთგულ მოწაფეებს, რომელიც ცნობილია, როგორც „შეთანხმება სამეფოსთვის“ (ლუკ. 22:28—30). ეს შეთანხმება იმის გარანტიას იძლეოდა, რომ ისინი იესოსთან ერთად იმეფებდნენ ზეცაში (10/15, გვერდები 16, 17).
მოიყვანეთ ორი ბიბლიური მაგალითი იმის დასამტკიცებლად, რომ სატანა რეალური პიროვნებაა.
ბიბლიაში წერია, რომ სატანა ელაპარაკა იესოს იმ მიზნით, რომ ეცდუნებინა. გარდა ამისა, იობის დროს სატანა იეჰოვას ელაპარაკა. ეს ბიბლიური ეპიზოდები იმაზე მიანიშნებს, რომ სატანა ნამდვილად არსებობს (11/1, გვერდები 4, 5).
საქმეების 15:14-ის თანახმად, ვინ იყო „ხალხი თავისი სახელისთვის“, ვის შესახებაც იაკობი ლაპარაკობდა?
ისინი იყვნენ იუდეველი და არაიუდეველი მორწმუნეები, რომლებიც ღმერთმა ამოირჩია, რომ ყოფილიყვნენ „რჩეული მოდგმა“ და ყველგან ეუწყებინათ მის შესახებ, ვინც მათ მოუხმო (1 პეტ. 2:9, 10) (11/15, გვერდები 24, 25).
სად იყო ტიმგადი და რა თვალსაზრისი ჰქონდა იქაურ ხალხს ცხოვრებაზე?
ტიმგადი უდიდესი რომაული ქალაქი იყო ჩრდილოეთ აფრიკაში (დღევანდელი ალჟირის ტერიტორიაზე). არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი წარწერიდან: „ნადირობა, ბანაობა, თამაში, სიცილი — აი, ეს არის ცხოვრება!“, ვიგებთ, თუ როგორ უყურებდა ზოგი ცხოვრებას. 1 კორინთელების 15:32-შიც მსგავს აზრს ვკითხულობთ (12/1, გვერდები 8—10).