არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არ დაკარგოთ გულმოდგინება მსახურებაში!

არ დაკარგოთ გულმოდგინება მსახურებაში!

ქადაგება დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. ეჭვი არ გვეპარება, რომ თქვენ, როგორც იეჰოვას მსახურს, დიდ პატივად მიგაჩნიათ ამ გრანდიოზულ საქმეში მონაწილეობა. თუმცა ალბათ დაგვეთანხმებით, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მაუწყებლები და პიონერები მსახურებაში გულმოდგინებას კარგავენ.

რა დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ გულმოდგინება მსახურებაში?

ზოგი მაუწყებელი გულგატეხილია, რადგან კარდაკარ მსახურების დროს ვერავისთან ქადაგებს. ამის მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ მას ბევრი შინ არ ხვდება. ზოგი გულმოდგინებას იმის გამო კარგავს, რომ მობინადრეები გულგრილები ან მტრულად განწყობილები არიან. ზოგიც იმან დათრგუნა, რომ ვრცელ და ნაყოფიერ ტერიტორიაზე ქადაგებს და ფიქრობს, რომ დავალებას თავს ვერ გაართმევს. სხვა მაუწყებლებს კი, რომლებიც უკვე არაერთი წელია ქადაგებენ, გული გაუტყდათ, რადგან ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ამდენ ხანს მოუწევდათ ქადაგება.

იეჰოვას ხალხმა შეიძლება სირთულეების გამო მსახურებაში სიხარული დაკარგოს. ჩვენ ისიც გვესმის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობის ქადაგება ქვეყნიერებაში, რომელსაც „ბოროტი“, სატანა ეშმაკი, მართავს, ნამდვილად არ არის ადვილი (1 იოან. 5:19).

თუმცა გახსოვდეთ და გჯეროდეთ, რომ რა სირთულეებსაც არ უნდა შეხვდეთ სასიხარულო ცნობის გაცხადების გამო, იეჰოვა დაგაძლევინებთ მათ. მოდი, ქვემოთ განვიხილოთ ზოგიერთი რჩევა, რაც დაგეხმარებათ, არ დაკარგოთ გულმოდგინება ქრისტიანულ მსახურებაში.

დაეხმარეთ გამოუცდელებს

ყოველწლიურად ათასობით ადამიანი უძღვნის თავს იეჰოვას. თუ ახალმონათლული ხართ, და-ძმები, რომლებიც დიდი ხანია, ქადაგებენ, საუკეთესო დახმარებას გაგიწევენ. და თუ უკვე წლებია, რაც სამეფოს ცნობას ქადაგებთ, ძალიან კარგს იზამთ, თუ მსახურებაში ახლებს მხარში ამოუდგებით.

იესო ქრისტემ კარგად უწყოდა, რომ მოწაფეებს მისი ხელმძღვანელობა სჭირდებოდათ, რათა ისინი კარგ მქადაგებლებად ჩამოყალიბებულიყვნენ; მან თავად უჩვენა მოწაფეებს, თუ როგორ უნდა ექადაგათ  (ლუკ. 8:1). დღესაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და-ძმების მომზადება, რათა ისინი წარმატებული მსახურები გახდნენ.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ, თუ ახალბედა მაუწყებელი მსახურებაში მონაწილეობას მიიღებს, თავისთავად დახელოვნდება. მას სჭირდება მასწავლებელი, რომელიც თბილად და რბილად აუხსნის, რა უნდა გააკეთოს. მასწავლებელმა მას უნდა ასწავლოს: 1) როგორ მოამზადოს შეთავაზება, რომელსაც მსახურებაში გამოიყენებს, 2) როგორ წამოიწყოს საუბარი მობინადრესთან ან გამვლელთან, 3) როგორ შესთავაზოს ლიტერატურა, 4) როგორ გაუღვიძოს მსმენელს ინტერესი და 5) როგორ დაიწყოს ბიბლიის შესწავლა. ალბათ, სასურველი შედეგი არ დაახანებს, თუ ახალბედა მაუწყებელი თავის მასწავლებელს მსახურებისას დააკვირდება და მას მიჰბაძავს (ლუკ. 6:40). ახალი მაუწყებელი ძალიან კმაყოფილი იქნება, თუ მას გვერდით ეყოლება ისეთი თანამშრომელი, რომელიც მოუსმენს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება. გამოუცდელ მაუწყებელს არანაკლებ წაადგება შექება და სასარგებლო რჩევები (ეკლ. 4:9, 10).

ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს

მსახურებაში შეიძლება ყველანაირად ცდილობთ, რომ მობინადრე საუბარში აიყოლიოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ესაუბროთ თქვენს პარტნიორს. ბიბლიიდან ხომ გახსოვთ, რომ იესომ თავისი მოწაფეები მსახურებაში ორ-ორად გაგზავნა?! (ლუკ. 10:1). ამგვარად მათ შეეძლოთ, მსახურების დროს ერთმანეთი გაემხნევებინათ და წაეხალისებინათ. ამიტომ მსახურებაში ყოფნისას შეგვიძლია, „გავამხნეოთ ერთმანეთი“ (რომ. 1:12).

რის შესახებ შეგიძლიათ ესაუბროთ თქვენს პარტნიორს? ხომ არ გქონიათ რომელიმე თქვენგანს ახლახან რაიმე გამამხნევებელი შემთხვევა მსახურებაში? რომელიმე აზრმა ხომ არ მიიპყრო თქვენი ყურადღება პირადი ან ოჯახური შესწავლის დროს? ისეთი აზრი ხომ არ მოისმინეთ კრების შეხვედრაზე, რამაც გაგამხნევათ? დროდადრო შეიძლება ისეთ მაუწყებელთან მოგიწიოთ მსახურება, ვისთან ერთადაც ხშირად არ ქადაგებთ. შეგიძლიათ მას ჰკითხოთ, როგორ გაიგო მან ჭეშმარიტება? რამ დაარწმუნა, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ღვთის ორგანიზაციაა? რა პატივი ხვდა წილად მას, როგორც იეჰოვას მოწმეს ან რა გამამხნევებელ შემთხვევებს გაიხსენებდა? შეგიძლიათ საკუთარი შემთხვევებიც მოუყვეთ. იმისდა მიუხედავად, მოგისმენთ თუ არა ხალხი მსახურებაში, თანაქრისტიანთან ერთად ქადაგება საუკეთესო საშუალებაა, რომ „აღაშენოთ ერთმანეთი“ (1 თეს. 5:11).

ყოველთვის იქონიეთ შესწავლის კარგი ჩვევა

მსახურებაში გულმოდგინება რომ არ დავკარგოთ, შესწავლის კარგი ჩვევა უნდა გვქონდეს. „ერთგული და გონიერი მონა“ ხომ პუბლიკაციებში უამრავ თემაზე ამახვილებს ყურადღებას?! (მათ. 24:45). ასე რომ, ძალიან ბევრი საკითხია, რომელთა გამოკვლევის წყალობითაც სულიერად დანაყრდებით. მოდი, ახლა ვისაუბროთ ერთ-ერთ საკითხზე, რომლის ჩართვაც ნამდვილად ღირს პირადი შესწავლის პროგრამაში: რატომ  არის სამქადაგებლო საქმე უაღრესად მნიშვნელოვანი? იხილეთ თანდართული ჩარჩო, რომელშიც ამის რამდენიმე მიზეზია მოყვანილი.

ჩარჩოში განხილული მიზეზების გააზრება დაგეხმარებათ, რომ უფრო თავგამოდებით იმსახუროთ. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ ერთ-ერთი შესწავლის დროს მიზნად დაისახავთ, დამატებითი მიზეზები მოიძიოთ, რის გამოც ღირს მსახურებაში ბოლომდე დახარჯვა. იფიქრეთ ამ მიზეზებზე და იმ ბიბლიურ მუხლებზე, რომლებიც პრინციპად უდევს მათ. ეს ყველაფერი გაგიათკეცებთ მსახურების სურვილს.

ყურად იღეთ რჩევები

ჩვენ გამუდმებით ვიღებთ რჩევებს ღვთის ორგანიზაციიდან, რათა დავიხვეწოთ მსახურებაში და კარდაკარ მსახურების გარდა, მსახურების სხვა სფეროებშიც მივიღოთ მონაწილეობა. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ვიმსახუროთ წერილებით, ტელეფონით, ქუჩაში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამასთანავე, შეგვიძლია დავამოწმოთ არაფორმალურად და საქმიან უბნებზე. გარდა ამისა, შეგვიძლია პირად გეგმებშიც მოვახდინოთ საჭირო ცვლილებები, რათა ვიმსახუროთ ისეთ ტერიტორიებზე, რომელიც იშვიათად მუშავდება.

მზად ხართ, გაითვალისწინოთ ზემოხსენებული რჩევები და მონაწილეობა მიიღოთ მსახურების სხვადასხვა სფეროში? ბევრმა, ვინც ყურად იღო ორგანიზაციის რჩევები და მსახურების სხვადასხვა სფეროში მოსინჯა ძალა, დიდად გაიხარა. მოდი, მიმოვიხილოთ სამი შემთხვევა.

პირველი შემთხვევა საუკეთესოდ გვიჩვენებს, თუ რა კარგი შედეგი შეიძლება მოჰყვეს „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ ჩაწერილი რჩევების მიყოლას. მაგალითად, ერთმა დამ, სახელად ეიპრილმა, გაითვალისწინა „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემული რჩევები ბიბლიის შესწავლების დაწყებასთან დაკავშირებით. მან ბიბლიის შესწავლა შესთავაზა თავის სამ თანამშრომელს. მისდა გასახარად, სამივემ დაიწყო ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება.

 მეორე შემთხვევა გვანახვებს, თუ როგორ გვეხმარება ჩვენს პუბლიკაციებში მოცემული მითითებები ჟურნალების გავრცელებაში. მაგალითად, „ჩვენი სამეფო მსახურების“ ფურცლებზე დაიბეჭდა რჩევა, რომ ჟურნალები თემატურად მოგვერგო სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის. ერთმა სარაიონო ზედამხედველმა შეერთებულ შტატებში გაითვალისწინა ეს რჩევა და ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, რომელშიც დაბეჭდილი იყო სტატია ავტომობილის საბურავებზე, თავის ტერიტორიაზე საბურავების მაღაზიების მენეჯერებს შესთავაზა. გარდა ამისა, მან და მისმა მეუღლემ ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, რომელიც ექიმთა შრომის ჯეროვნად დაფასებას ეხებოდა, თავიანთი რაიონის ტერიტორიაზე არსებულ 100-ზე მეტ კლინიკაში გაავრცელეს. ეს სარაიონო ზედამხედველი გვიყვება: „ქადაგების ამგვარი მეთოდის გამოყენების შედეგად, ბევრი გაეცნო როგორც ჩვენს საქმიანობას, ისე ჩვენს პუბლიკაციებს, ხოლო მეგობრული დამოკიდებულების წყალობით, შესაძლებლობა მოგვეცა, უფრო ხშირად მოგვენახულებინა ისინი“.

მესამე შემთხვევა ტელეფონით მსახურებას ეხება. დამ, სახელად ჯუდიმ, ძმებს მსოფლიო მთავარ სამმართველოში წერილი მისწერა, რომელშიც მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა ტელეფონით ქადაგების შესაძლებლობაზე. მან ძმებს მოუთხრო, რომ მისი 86 წლის დედა, რომელსაც ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა, რეგულარულად მსახურობდა ტელეფონით. მის მოხუცებულ დედას ძლიერ უხაროდა, რომ ტელეფონით ბიბლიის შესწავლას უტარებდა 92 წლის ქალბატონს.

მსახურებასთან დაკავშირებული რჩევები, რომლებიც დროდადრო ჩვენს პუბლიკაციებში იბეჭდება, მეტად პრაქტიკულია. გამოიყენეთ ისინი, რაც დაგეხმარებათ, სიხარულითა და გულმოდგინებით განაგრძოთ მსახურება!

დაისახეთ გონივრული მიზნები

მსახურებაში წარმატებას არც გავრცელებული ჟურნალების რაოდენობა განსაზღვრავს და არც ის, თუ რამდენ ადამიანს ვასწავლით ბიბლიას ან რამდენს დავეხმარეთ, გამხდარიყო იეჰოვას მსახური. დაფიქრდით, ოჯახის წევრების გარდა, რამდენი ადამიანი მოაქცია ნოემ ჭეშმარიტებისკენ? ვერც ერთი, მიუხედავად იმისა, რომ იგი კარგი მქადაგებელი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ერთგულად ვემსახუროთ იეჰოვას (1 კორ. 4:2).

ბევრმა მაუწყებელმა აღმოაჩინა, რომ მსახურებაში სიხარულის შესანარჩუნებლად აუცილებელია გონივრული მიზნების დასახვა. ჩვენ რა მიზნების დასახვა შეგვიძლია? მათგან ზოგიერთი თანდართულ ჩარჩოშია მოხსენიებული.

იეჰოვას დახმარებით შეძლებთ, რომ თქვენი მსახურება უფრო ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყოს. დასახული მიზნების სისრულეში მოყვანის შემდეგ კმაყოფილების განცდა დაგეუფლებათ, რადგან ძალ-ღონე არ დაიშურეთ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად.

სასიხარულო ცნობის ქადაგება, ბუნებრივია, ბევრ სირთულესთანაცაა დაკავშირებული. თუ ზემოთ მოყვანილ რჩევებს გაითვალისწინებთ, სამეფოს გულანთებული მაუწყებელი გახდებით. მაშ ასე, მსახურებაში ყოფნის დროს გაამხნევეთ ერთმანეთი, გამოიმუშავეთ შესწავლის კარგი ჩვევა, გამოიყენეთ „გონიერი მონის“ მითითებები და დაისახეთ გონივრული მიზნები. ნურც ის გამოგრჩებათ მხედველობიდან, რომ ღმერთმა განსაკუთრებული პატივი გიბოძათ — ხართ მისი მოწმე და სასიხარულო ცნობას აუწყებთ მოყვასს (ეს. 43:10). ძვირფასო და-ძმებო, თუ მსახურებაში გულმოდგინებას არ დაკარგავთ, თქვენ ყოველთვის გახარებული გულით ემსახურებით იეჰოვას!