იოშია სწორად იქცეოდა
ასწავლეთ შვილებს
იოშია სწორად იქცეოდა
შენი აზრით, ძნელია იმის კეთება, რაც სწორია? *~ ბევრი ფიქრობს, რომ ძნელია. ზრდასრულ ადამიანებსაც კი უჭირთ იმის კეთება, რაც სწორად მიაჩნიათ. ვნახოთ, რატომ იყო იოშიასთვის განსაკუთრებით ძნელი სწორი არჩევნის გაკეთება. იცი, ვინ იყო იოშია?~
იოშია იუდას მეფის, ამონის შვილი იყო, რომელსაც ის 16 წლის ასაკში შეეძინა. ამონი თავისი მამის, მეფე მენაშეს მსგავსად ძალიან ცუდად იქცეოდა. ბოროტი მეფე მენაშე მრავალი წელი განაგებდა ქვეყანას. მაგრამ ის ასურელებმა დაატყვევეს და შორეულ ბაბილონში წაიყვანეს. ტყვეობაში ყოფნისას მენაშემ იეჰოვას პატიება სთხოვა და იეჰოვამაც შეიწყალა.
ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ მენაშე იერუსალიმში დაბრუნდა და ტახტი დაიბრუნა. მან მიატოვა არასწორი საქმეები და ხალხს იეჰოვასთან დაახლოებაში დაეხმარა. მენაშე ალბათ წუხდა, რომ მისი შვილი ამონი არ ჰბაძავდა მის კარგ მაგალითს. დაახლოებით ამ პერიოდში დაიბადა იოშია. ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რამდენ დროს ატარებდა მენაშე თავის შვილიშვილთან, იოშიასთან. როგორ ფიქრობ, შეეცდებოდა მენაშე, ღვთის მსახურად აღეზარდა იოშია?~
იოშია ექვსი წლისა იყო, როცა მენაშე მოკვდა და მის ნაცვლად ამონი გამეფდა. გამეფებიდან ორი წლის შემდეგ ამონი თავისმა მსახურებმა მოკლეს. იუდას სამეფო ტახტზე რვა წლის იოშია ავიდა (2 მატიანე, თავი 33). შენი აზრით, როგორ მოიქცეოდა იოშია? გაჰყვებოდა ის თავისი მამის, ამონის ცუდ მაგალითს თუ მომნანიებელი პაპის, მენაშეს კარგ მაგალითს მიჰბაძავდა?~
იოშია პატარა იყო, მაგრამ იცოდა, რომ იეჰოვასთვის უნდა ემსახურა. ის მათ უსმენდა, ვისაც იეჰოვა უყვარდა, მამის ცუდ მეგობრებს კი ყურს არ უგდებდა. თუმცა ის მხოლოდ რვა წლისა იყო, ესმოდა, რომ ასე მოქცევა სწორი იყო (2 მატიანე 34:1, 2). იცი, ვინ აძლევდა იოშიას რჩევებს და ვინ მისცა მისაბაძი მაგალითი?~
ერთ-ერთი, ვინც იოშიას კარგ მაგალითს აძლევდა, იყო წინასწარმეტყველი სოფონია. შესაძლოა, ის მენაშეს მამის, ღვთის ერთგული მეფის, ხიზკიას შთამომავალი და იოშიას ნათესავი იყო. იოშიას მეფობის პირველ წლებში სოფონიამ დაწერა ბიბლიის წიგნი, რომელიც მისივე სახელითაა ცნობილი. სოფონია წინასწარმეტყველებდა, რომ უბედურება დაატყდებოდა ყველას, ვინც იეჰოვას თვალში სწორად არ მოიქცეოდა. იოშიამ ყურად იღო მისი გაფრთხილება.
იმ პერიოდში ცხოვრობდა იერემიაც, რომელზეც ალბათ გსმენია კიდეც. იერემია და იოშია ბავშვობიდანვე ემსახურებოდნენ იეჰოვას. ისინი ერთმანეთისგან არც თუ ისე შორს ცხოვრობდნენ. იეჰოვამ შთააგონა იერემიას, დაეწერა ბიბლიის წიგნი, რომელიც მის სახელს ატარებს. ბრძოლაში იოშიას დაღუპვის შემდეგ იერემიამ დაწერა სამგლოვიარო სიმღერა, რომელშიც თავისი მწუხარება გამოხატა (2 მატიანე 35:25). წარმოიდგინე, როგორ დაეხმარებოდნენ ისინი ერთმანეთს, რომ ბოლომდე იეჰოვას ერთგულები დარჩენილიყვნენ!
რის სწავლა შეგიძლია იოშიას შემთხვევიდან?~ თუ მამაშენიც არ არის იეჰოვას მსახური, შეუძლია დედას, პაპას, ბებიას ან ნათესავს, დაგეხმაროს, ღვთის მსახური გახდე? ან იქნებ ის დაგეხმაროს, ვისაც დედამ სთხოვა, შენთვის ბიბლია ესწავლებინა?
ვინც არ უნდა გაგიწიოს დახმარება, ერთი რამ გახსოვდეს — თუმცა იოშია ბავშვი იყო, მან იცოდა, რომ მეგობრებად იეჰოვას მსახურები უნდა აერჩია. შენც ასე მოიქეცი და გააკეთე ის, რაც სწორია!
[სქოლიო]
^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და აღძარით ბავშვი, თავისი აზრი გამოთქვას.
კითხვები:
○ ვინ იყვნენ იოშიას მამა და პაპა და როგორები იყვნენ ისინი?
○ რა ცვლილებები მოახდინა იოშიას პაპამ ცხოვრებაში?
○ რა ერქვა იმ ორ წინასწარმეტყველს, რომლებმაც კარგი გავლენა მოახდინეს იოშიას ცხოვრებაზე, და რატომ ფიქრობ, რომ აუცილებელია მათნაირი მეგობრები გყავდეს?
[სურათები 25 გვერდზე]
როგორ დაეხმარნენ სოფონია და იერემია იოშიას, რომ სწორად მოქცეულიყო?