არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1. დახმარებისთვის ავტორს მიმართეთ

1. დახმარებისთვის ავტორს მიმართეთ

როგორ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება?

1. დახმარებისთვის ავტორს მიმართეთ

„ბიბლიას ერთ დროს ძილის წინ ვკითხულობდი, — ამბობს ნინფა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს. — მესმოდა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვა იყო და ამას იმიტომ ვაკეთებდი. კითხვა სიამოვნებას არ მანიჭებდა, მაგრამ მინდოდა, გამეგო, რა ჩაწერა ღმერთმა ბიბლიაში. გადაწყვეტილი მქონდა, ბოლომდე წამეკითხა. თავიდან ადვილი მომეჩვენა, მაგრამ როცა რთულ მონაკვეთებს მივადექი, კითხვა მივატოვე“.

გეცნობათ ეს სიტუაცია? ასეთი რამ ხშირად ხდება. როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ბიბლიის ავტორს, იეჰოვა ღმერთს, სურს, რომ გვესმოდეს მისი წერილობითი სიტყვა. და მაინც, როგორ შეიძლება მისი გაგება? პირველ რიგში, დახმარებისთვის ავტორს უნდა მივმართოთ.

იესოს მოციქულებს „უსწავლელ და უბრალო“ ადამიანებად მიიჩნევდნენ, რადგან რელიგიური განათლება რაბინთა სკოლაში არ ჰქონდათ მიღებული (საქმეები 4:13). მიუხედავად ამისა, იესომ დაარწმუნა ისინი, რომ შეძლებდნენ ღვთის სიტყვის გაგებას. როგორ? იესომ თქვა: „დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით“ (იოანე 14:26). ღმერთმა დედამიწისა და სიცოცხლის შესაქმნელად წმინდა სული, თავისი მოქმედი ძალა გამოიყენა (დაბადება 1:2). მან 40-მდე მამაკაცი წმინდა სულით შთააგონა და ბიბლია დააწერინა (2 პეტრე 1:20, 21). სწორედ ეს სული ეხმარება ბიბლიის გულწრფელ მკვლევარებს მის უკეთ გაგებაში.

როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ღვთის წმინდა სული? სთხოვეთ ღმერთს რწმენით და თანაც არაერთხელ. „ითხოვეთ და მოგეცემათ, — თქვა იესომ. — თუკი თქვენ . . . აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:9, 13). იეჰოვა უხვად მისცემს წმინდა სულს მას, ვინც გულწრფელად ითხოვს. ღვთის მოქმედი ძალა დაგეხმარებათ, ჩასწვდეთ საუკუნეების წინათ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვების მნიშვნელობას. ღვთის სული იმაშიც დაგეხმარებათ, რომ ბიბლიის პრაქტიკული რჩევები ცხოვრებაში გამოიყენოთ (ებრაელები 4:12; იაკობი 1:5, 6).

ყოველთვის, როცა ბიბლიის კითხვას შეუდგებით, ღმერთს სთხოვეთ, რომ წმინდა სულით დაგეხმაროთ მისი სიტყვის უკეთ გაგებაში.