არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაჭირვების მიუხედავად, ბედნიერი და იმედიანი

გაჭირვების მიუხედავად, ბედნიერი და იმედიანი

წერილი ბოლივიიდან

გაჭირვების მიუხედავად, ბედნიერი და იმედიანი

არ ვიცოდი, რა იყო სიღარიბე და უიმედობა, სანამ ერთ განვითარებად ქვეყანაში მისიონერული მსახურება არ დავიწყე. მინდა, რომ რაც შეიძლება მალე ყველა გათავისუფლდეს ტანჯვისგან, მაგრამ ეს მხოლოდ ღვთის სამეფოს წყალობით გახდება შესაძლებელი. ხშირად შევხვედრივარ ისეთ ადამიანებს, რომლებიც დუხჭირი ცხოვრების მიუხედავად, ღვთის სიტყვის თანახმად ცხოვრობენ და ბედნიერები არიან. საბინა ერთ-ერთი მათგანია.

წლების წინ საბინა ორი ჩვილით ხელში იდგა ავტობუსის გაჩერებაზე და თავის ქმარს აცილებდა, რომელიც უკეთესი სამუშაოს საშოვნელად უცხო ქვეყანაში მიემგზავრებოდა. მის ლოდინში გადიოდა თვეები, წლები, მაგრამ ის არ ჩანდა. მეუღლის გამგზავრების შემდეგ საბინა წელებზე ფეხს იდგამდა, რომ როგორმე თავისი ორი ქალიშვილი მილენა და გილიანი ერჩინა.

საბინას პირველად მისი დის მაღაზიაში შევხვდი, ის მოთმინებით ემსახურებოდა პრეტენზიულ კლიენტებს. საბინას დაღლილ თვალებზე შეატყობდით, რომ მთელი დღე მუხლჩაუხრელად შრომობდა. მე მას და მის ქალიშვილებს ბიბლიის შესწავლა შევთავაზე. „დიდი სიამოვნებით, — მითხრა მან. — მაგრამ დრო არა მაქვს. ჩემს გოგონებს ასწავლე ბიბლია“. საბინას შვილებთან შესწავლა დავიწყე. დროთა განმავლობაში საბინა უკეთესად გავიცანი და უფრო კარგად დავინახე მისი მძიმე ყოფა.

საბინასთვის დღე დილის ოთხ საათზე იწყებოდა. ის და მისი ქალიშვილები ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. სანამ გოგონებს ეძინათ, საბინა ალუმინის ძველ ქვაბს ქურაზე დგამდა ხორცისგან ღვეზლის შიგთავსის დასამზადებლად. ღვეზლებს ის ყიდდა, რათა ოჯახს საარსებო საშუალება ჰქონოდა. ღამით საბინას ცომი უკვე მოზელილი ჰქონდა.

ნათხოვარ ურიკაზე საბინა დებდა ქოლგას, ერთქურატიან გაზქურას, გაზის ბალონს, მაგიდას, ტაბურეტებს, ქვაბებს, ზეთს, ცომს და რამდენიმე ლიტრა სახლში დამზადებულ ხილის წვენს.

დილის ექვს საათზე საბინა და მისი ორი ქალიშვილი ბოქლომს ადებდნენ კარს და სახლიდან გადიოდნენ. მათი სახის გამომეტყველება არაფრის მთქმელი იყო, ისინი არც ლაპარაკობდნენ და არც იღიმოდნენ. მთელ თავიანთ ენერგიას სამუშაოსთვის ხარჯავდნენ. დილაობით მისიონერული სახლის ფანჯრიდან არაერთხელ მინახავს მსგავსი სურათი. საბინა ერთ-ერთი იყო იმ უამრავ ქალთაგან, რომლებიც გამთენიისას დგებოდნენ და ბოლივიის ქუჩებში სასმელსა და საკვებს ყიდდნენ.

დილის შვიდის ნახევარზე, როგორც კი მზე ამოიწვერებოდა, საბინა და მისი ქალიშვილები ქუჩის კუთხეში იდგნენ, ურიკას უსიტყვოდ ცლიდნენ და მოძრავ სამზარეულოს აწყობდნენ. როგორც კი პირველი ღვეზელი მდუღარე ზეთს მოხვდებოდა, შიშხინს იწყებდა. დილის გრილი ნიავი ღვეზლის სასიამოვნო სურნელს კიდევ უფრო ამძაფრებდა და მშიერ კლიენტებს მადას უღვიძებდა.

„რამდენი გნებავთ?“, — ჰკითხა საბინამ პირველ მყიდველს. ნამძინარევმა კლიენტმა თავაუწევლად ორი თითი აჩვენა, საბინამაც ორი დაბრაწული ცხელ-ცხელი ღვეზელი გაუწოდა და სანაცვლოდ ხურდა ფული გამოართვა; ასე გრძელდებოდა მთელი დღე. როცა უკანასკნელი ღვეზელი გაყიდეს, ყველაფერი ჩაალაგეს და სახლისკენ აიღეს გეზი, საბინა კი მეორე სამსახურში, თავისი დის მაღაზიაში წავიდა სამუშაოდ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე დგომისგან ფეხები სტკიოდა.

გოგონებთან პირველად ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად რომ მივედი, მაღაზიის კუთხეში ორი გრძელი სკამი დამხვდა. მაშინ მილენა ცხრა წლის იყო, გილიანი კი — შვიდის. იმ დღიდან, როცა მათთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, ისინი სულმოუთქმელად მელოდნენ და ყოველთვის მომზადებულები მხვდებოდნენ. თანდათანობით ეს ორი მორცხვი გოგო გამიშინაურდა და დამიახლოვდა, რაც ძალიან ახარებდა საბინას. ცოტა ხანში დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საბინამაც გადაწყვიტა ბიბლიის შესწავლა.

ცოდნის ზრდასთან ერთად საბინას იეჰოვა ღმერთის სიყვარულიც უღრმავდებოდა. ის თავს ბედნიერად გრძნობდა, რაც არასდროს ჰქონია განცდილი. ერთ დროს დაღლილი და სევდიანი ქუჩის გამყიდველი სულ სხვა ადამიანად იქცა. ის წელგამართული, თავაწეული დადიოდა და ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა. როგორც მისი და ამბობს, ადრე საბინა არ იღიმოდა, დღეს კი სულ მომღიმარი სახით დადის და აღარც სულიერ სიცარიელეს გრძნობს. საბინასა და მისი ქალიშვილების ამაღლებულ განწყობას სხვებიც ამჩნევენ.

საბინა შესწავლას განაგრძობდა, მაგრამ დატვირთული გრაფიკის გამო ქრისტიანულ შეხვედრებს ვერ ესწრებოდა. ერთხელაც სამეფო დარბაზში წამოსვლაზე დამთანხმდა. იმ დღიდან მას ქრისტიანულ შეხვედრებზე სიარული არ შეუწყვეტია. კრებაში საბინამ ნამდვილი მეგობრები შეიძინა. მას საკუთარი გამოცდილებიდან შეუძლია თქვას, რომ იეჰოვა ნამდვილად ეხმარება თავის მოყვარულებს, რომლებიც მისი მსახურებისთვის მსხვერპლს იღებენ (ლუკა 12:22—24; 1 ტიმოთე 6:8).

საბინამ შეიყვარა ჭეშმარიტება და მისი სხვებისთვის გაზიარების სურვილიც გაუჩნდა. მაგრამ, როცა სახალხოდ ქადაგებაზე ფიქრობდა, შიში იპყრობდა. იგი ამბობდა, ჩემნაირმა მორიდებულმა და გაუნათლებელმა ქალმა სხვებს როგორ უნდა ასწავლოსო. მაგრამ საბინამ გადალახა ეს ბარიერი მის მიმართ გამოვლენილი სიკეთისა და მის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების წყალობით. ის იმასაც აცნობიერებდა, რომ თავისი ქალიშვილებისთვის მაგალითი უნდა ყოფილიყო. ასე რომ, სასიხარულო ცნობის ქადაგებას შეუდგა და ცოტა ხანში ქალიშვილებიც შეუერთდნენ.

დღეს საბინას ცხოვრება უწინდელივით უღიმღამო არ არის. მართალია, მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა მისი ხედვა. ახლა იგი მონათლული ქრისტიანია და სხვებს უზიარებს სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან მხოლოდ ღვთის სამეფო დაიხსნის მსოფლიოს სიღარიბისა და უიმედობის მარწუხებისგან (მათე 6:10).

დღეს საბინა დილის ხუთ საათზე დგება და წასასვლელად ემზადება, ოღონდ ამჯერად ღვეზლების გასაყიდად კი არ მიდის, არამედ თანამორწმუნეებთან ერთად ქუჩაში საქადაგებლად. საბინას სიხარულს ჰგვრის, რომ ყოველ კვირა ქადაგებას დროს უთმობს. ის გაბადრული სახით გამოდის სახლიდან და ქუჩას მიუყვება. ურიკის ტარების ნაცვლად, ის ახლა ბიბლიითა და ბიბლიური ლიტერატურით სავსე დიდ ჩანთას ატარებს. საბინას ადამიანებამდე იმედის მომცემი ცნობა მიაქვს. ის ამბობს: „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სხვებს ბიბლიის შესახებ დაველაპარაკებოდი. ძალიან მიყვარს ეს საქმე!“