ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვის ნიშანია სიღარიბე?
ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვის ნიშანია სიღარიბე?
ღმერთმა ისრაელებს უთხრა: „არ უნდა იყოს ღარიბი თქვენ შორის“. ეს იმიტომ, რომ ღვთის კანონის თანახმად, ისრაელებს ღარიბებზე უნდა ეზრუნათ და ვალებიც უნდა ეპატიებინათ (კანონი 15:1—4, 7—10). ისრაელში ღარიბი არ უნდა ყოფილიყო, რადგან იეჰოვამ აღუთქვა მათ, რომ აკურთხებდა. მაგრამ კურთხევას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ კანონს დაემორჩილებოდნენ. სამწუხაროდ, ისრაელებმა ღვთის კანონი უგულებელყვეს.
ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ღარიბი ღვთისგან უგულებელყოფილი იყო, მდიდარი კი — ღვთისგან კურთხეული. ღვთის მრავალი ერთგული მსახური ღარიბი იყო. მაგალითად, წინასწარმეტყველი ამოსი ღარიბი მწყემსი იყო და სეზონურ სამუშაოს ასრულებდა (ამოსი 1:1; 7:14). როცა ისრაელში შიმშილობა ჩამოვარდა, წინასწარმეტყველ ელიას ღარიბი ქვრივი გაუმასპინძლდა, რომელსაც ცოტაოდენი ფქვილი და ზეთი ჰქონდა დარჩენილი. სასწაული იყო, რომ შიმშილის დროს ქვრივს ფქვილი და ზეთი არ ელეოდა. არც ელია ყოფილა მდიდარი და არც ქვრივი, მაგრამ იეჰოვასგან აუცილებელი არ მოჰკლებიათ (1 მეფეები 17:8—16).
ზოგჯერ გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა შეიძლება ადამიანი გააღარიბოს; უბედური შემთხვევა თუ ავადმყოფობა დროებითი ან სამუდამო უმუშევრობის მიზეზი გახდეს; შეიძლება ოჯახისთავის სიკვდილმა ობლები და ქვრივები მარჩენლის გარეშე დატოვოს. ასეთი განსაცდელები არ მიუთითებს ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვაზე. ნაომისა და რუთის ისტორია თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა გაჭირვებულებზე. ქმრების სიკვდილის შემდეგ ნაომსა და რუთს გაუჭირდათ, მაგრამ იეჰოვა ღმერთმა აკურთხა ისინი და აუცილებლით უზრუნველყო (რუთი 1:1—6; 2:2—12; 4:13—17).
ფაქტია, სიღარიბე არ არის ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვის ნიშანი. იეჰოვა ღმერთის ერთგულებს უნდა სჯეროდეთ მეფე დავითის სიტყვების: „ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფსალმუნი 37:25).
[სურათი 8 გვერდზე]
ღმერთმა იზრუნა ნაომიზე და რუთზე და სიღარიბის მიუხედავად, აკურთხა ისინი