როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება?
რას ვსწავლობთ იესოსგან?
როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება?
რა არის ბედნიერების საიდუმლო?
▪ მთაზე ქადაგებისას იესომ პირველივე სიტყვებში მოიხსენია ბედნიერება. მან თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). რას გულისხმობდა ის? რას ნიშნავს, ვიყოთ სულიერს მოწყურებულნი?
სუნთქვა, სმა და ჭამა აუცილებელია ჩვენთვის, რომ ვიცოცხლოთ. ყოველივე ეს ცხოველებისთვისაც მნიშვნელოვანია. მაგრამ ბედნიერები რომ ვიყოთ, ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენთვის აუცილებელია, გვესმოდეს, რა არის სიცოცხლის აზრი. მხოლოდ სიცოცხლის შემოქმედს შეუძლია, დაგვიკმაყოფილოს ეს მოთხოვნილება. სწორედ ამიტომ თქვა იესომ: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). ისინი, ვინც სულიერს არიან მოწყურებული, ბედნიერები არიან, რადგან უახლოვდებიან იეჰოვას, „ბედნიერ ღმერთს“, რომელიც ბედნიერებისთვის აუცილებელ იმედს აძლევს მათ (1 ტიმოთე 1:11).
როგორ მოგვცა იესომ იმედი?
▪ „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“, — თქვა იესომ (მათე 5:5). იესომ კაცობრიობას იმედი იმით მისცა, რომ ავადმყოფებს კურნავდა, მკვდრებს კი დედამიწაზე საცხოვრებლად აღადგენდა. გარდა ამისა, ის იმედის მომცემ ცნობასაც აცხადებდა. მან თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). ღვთის მორჩილი ადამიანები დედამიწაზე მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ რბილი ხასიათის მქონე ადამიანებთან ცხოვრობთ და, ამასთანავე, არ ბერდებით? გასაკვირი არ არის, რატომ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა: „იხარეთ იმედში“ (რომაელები 12:12). იესო იმაზეც საუბრობდა, თუ დღესვე როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება.
იესოს სწავლების თანახმად, როგორ ცხოვრებას მოაქვს ბედნიერება?
▪ იესომ პრაქტიკული რჩევები მოგვცა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანებთან ურთიერთობა, ქორწინება და თავმდაბლობა. მან ასევე აგვიხსნა, თუ როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს მატერიალურ საკითხებზე (მათე 5:21—32; 6:1—5, 19—34). თუ მის რჩევებს გავითვალისწინებთ, ბედნიერები ვიქნებით.
გაცემას დიდი ბედნიერება მოაქვს (საქმეები 20:35). მაგალითად, იესომ თქვა: „როცა ნადიმს გამართავ, დაპატიჟე ღარიბები, ხეიბრები, კოჭლები და უსინათლოები და ბედნიერი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ გადაგიხადონ“ (ლუკა 14:13, 14). ბედნიერება მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვას კი არა, სხვაზე ზრუნვას მოაქვს.
რას მოაქვს უდიდესი ბედნიერება?
▪ სხვა ადამიანებისთვის სიკეთის კეთებას ბედნიერება მოაქვს, თუმცა ამაზე დიდ ბედნიერებას ღვთის ნების შესრულება მოგიტანთ. ამას ვერ შეედრება ის ბედნიერება, რასაც კარგი შვილების მშობლები განიცდიან. ეს კარგად ჩანს იესოს ერთ-ერთი შემთხვევიდან, როდესაც ის ხალხს ასწავლიდა. «ხალხში ერთმა ქალმა ხმამაღლა წამოიძახა: „ბედნიერია, ვინც მუცლით გატარა და ვინც ძუძუ გაწოვა!“ მან კი თქვა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“» (ლუკა 11:27, 28).
თავად იესოც კმაყოფილებას გრძნობდა და ბედნიერი იყო, როდესაც თავისი ზეციერი მამის ნებას ასრულებდა. ღვთის ნება კი ის არის, რომ ხალხმა გაიგოს მარადიული სიცოცხლის იმედის შესახებ. ერთხელ, როდესაც ამ იმედის შესახებ ესაუბრებოდა ერთ ქალს, იესომ თქვა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო“ (იოანე 4:13, 14, 34). თუ ბიბლიურ ჭეშმარიტებას გაუზიარებთ სხვებს, თქვენც განიცდით იმ ბედნიერებას, რომელიც ღვთის ნების შესრულებას მოაქვს.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ამ წიგნის პირველი თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 16 გვერდზე]
ნამდვილად ბედნიერები ვიქნებით, თუ სიცოცხლის აზრის გაგებით დავიკმაყოფილებთ სულიერ მოთხოვნილებას