არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ფრთხილად იყავით, რომ არ მოტყუვდეთ

ფრთხილად იყავით, რომ არ მოტყუვდეთ

ფრთხილად იყავით, რომ არ მოტყუვდეთ

დონ კიხოტი ამავე სახელით ცნობილი რომანის მთავარი გმირია, რომლის ავტორიც მე-16 საუკუნეში მოღვაწე ესპანელი მწერალი, მიგელ დე სერვანტესია. დონ კიხოტს ძლიერ იტაცებს ლეგენდები მბრწყინავ აბჯარასხმულ რაინდებზე, რომლებიც მშვენიერ ასულთა სახსნელად მიიჩქარიან. ბოლოს ის თავადაც კეთილშობილ რაინდად წარმოიდგენს თავს. ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდში ის ერკინება ქარის წისქვილებს, რომლებიც მას საზარელი გოლიათები ჰგონია. ის თავს არწმუნებს იმაში, რომ თუ გოლიათებს დაამარცხებს, ღვთის ნებას შეასრულებს. ყველაფერი კი მისი მარცხითა და დამცირებით მთავრდება.

შეიძლება დონ კიხოტის საქციელი ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში თავის მოტყუება ნამდვილად არ არის სასაცილო. მაგალითად ალკოჰოლიკი, რომელიც ფიქრობს, რომ არაფერი დაშავდება, თუ ბევრს დალევს, საბოლოო ჯამში ჯანმრთელობასაც ვნებს და ოჯახსაც. ან ანორექსიით დაავადებული ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ნორმალურად იკვებება და ჯანმრთელია, მაგრამ სინამდვილეში შიმშილით იკლავს თავს.

სამწუხაროდ, თითოეული ჩვენგანი შეიძლება მოტყუვდეს. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა საქმე ჩვენს რელიგიურ მრწამსს ეხება, რასაც თავის მხრივ კატასტროფული შედეგები მოჰყვება. რატომ? რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ მოვტყუვდეთ?

ფარული საფრთხე

ერთი ლექსიკონის თანახმად, მოტყუება ვინმესთვის ტყუილის დაჯერებას ნიშნავს. ამაში ვინმესთვის მცდარი შეხედულების ან იდეის თავს მოხვევაც იგულისხმება, რაც აბნევს და უმეცრებაში ამყოფებს ადამიანს. გარდა ამისა, ამაში შეიძლება ვინმეს განზრახ შეცდომაში შეყვანაც იგულისხმებოდეს. ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება, რომ შეცდომაშია შეყვანილი და მას უმეცრებაში ამყოფებენ, სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მოტყუებული და შეცდომაში შეყვანილი ადამიანები ხშირ შემთხვევაში არ იცვლიან აზრს მაშინაც კი, როცა ფაქტები საპირისპიროს მოწმობს. შესაძლოა მათში მცდარი შეხედულებები ისეა გამჯდარი, რომ თვალს ხუჭავენ და ყურს იხშობენ ნებისმიერ მტკიცებაზე, რამაც შეიძლება მათი შეხედულებები ეჭვქვეშ დააყენოს.

რამდენად რეალურია საფრთხე?

ხომ არ გავაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ ყველანი შეიძლება მოვტყუვდეთ, როცა საქმე რელიგიურ მრწამსს ეხება? არა, რადგან სატანა ეშმაკი, რომელსაც იესომ „სიცრუის მამა“ უწოდა, ყველა ჩვენგანის მოტყუებას ცდილობს (იოანე 8:44). ბიბლიაში სატანას „ამ ქვეყნიერების ღმერთი“ ეწოდება, რომელიც საუკუნეებია, მილიონობით ადამიანს უბრმავებს გონებას (2 კორინთელები 4:4). დღემდე მას „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (გამოცხადება 12:9).

სატანამ ადამიანების მოტყუება კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე დაიწყო. მაგალითად, მან ევა დაარწმუნა იმაში, რომ შემოქმედის კანონები არაფერში სჭირდებოდა და შეეძლო „ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების“ მცოდნე გამხდარიყო ანუ თავად გადაეწყვიტა, რა იყო კარგი და რა — ცუდი (დაბადება 3:1—5). ეს იყო პირველი დიდი ტყუილი. მართალია ადამიანებს ჰქონდათ არჩევნის თავისუფლება, მაგრამ ღმერთს არ მიუცია მათთვის იმის უნარი, თავად გადაეწყვიტათ, რა იყო სწორი და რა — არა. ამის უფლება მხოლოდ უზენაეს ღმერთს, ჩვენს შემოქმედს აქვს (იერემია 10:23; გამოცხადება 4:11). მართლაც თავის მოტყუებაა იმის დაჯერება, რომ კარგსა და ცუდს შორის არჩევნის გაკეთების უფლება იმის განსაზღვრის უფლებასაც ნიშნავს, რა არის კარგი და რა — ცუდი. სამწუხაროდ, არასრულყოფილი ადამიანები ადვილად ებმებიან ამ სიცრუის მახეში.

შეიძლება ეს თქვენც დაგემართოთ?

თქვენთვის ძვირფასი რელიგიური მრწამსი შეიძლება საუკუნეებია არსებობს და თაობიდან თაობას გადაეცემა. მაგრამ მისი სისწორე მხოლოდ ამით არ განისაზღვრება. რატომ? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ქრისტეს მოციქულების სიკვდილის შემდეგ ქრისტიანულ კრებაში გამოჩნდნენ მატყუარები, რომლებიც უკუღმართად ლაპარაკობდნენ, რათა თან გაეყოლებინათ მოწაფეები (საქმეები 20:29, 30). მათ მოხერხებულად შეჰყავდათ შეცდომაში სხვები „დამაჯერებელი მტკიცებებით . . . ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებს“ (კოლოსელები 2:4, 8).

დღეს თუ შეიცვალა რამე? არა, რადგან მოციქულმა პავლემ გაგვაფრთხილა, რომ „ბოლო დღეებში“, ანუ ჩვენს დღეებში, მდგომარეობა გაუარესდებოდა. ის წერდა: „ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან“ (2 ტიმოთე 3:1, 13).

ამიტომ გონივრული იქნება, თუ გავითვალისწინებთ მოციქული პავლეს შემდეგ სიტყვებს: „ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს“ (1 კორინთელები 10:12). პავლე ამ შემთხვევაში ღვთის წინაშე დგომას გულისხმობდა. ფაქტობრივად, თავს ვიტყუებთ, თუ ვფიქრობთ, რომ სატანა ვერასდროს მოგვატყუებს. სატანის ხრიკებისგან არავინ არის დაზღვეული (ეფესოელები 6:11). სწორედ ამიტომ სწერდა პავლე მოციქული თანაქრისტიანებს: „მეშინია, რომ, როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი ცბიერებით, თქვენი გონებაც არ გაირყვნას და არ დაშორდეს ქრისტეს საკადრის გულწრფელობასა და სიწმინდეს“ (2 კორინთელები 11:3).

რა უნდა გააკეთოთ, რომ არ მოტყუვდეთ?

რა უნდა გააკეთოთ, რომ სატანამ არ მოგატყუოთ? როგორ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით“ სცემთ თაყვანს? (იოანე 4:24). გამოიყენეთ ის, რაც იეჰოვა ღმერთმა მოგცათ. პირველ რიგში მან მოგცათ გონება, რათა სწორის არასწორისგან გარჩევა შეძლოთ (1 იოანე 5:20). გარდა ამისა, ღმერთი სატანის ზრახვებსაც გიმხელთ (2 კორინთელები 2:11). ფაქტობრივად, იეჰოვა ღმერთმა ყველაფერი მოგვცა იმისათვის, რომ არ გავებათ სატანის სიცრუის მახეში (იგავები 3:1—6; ეფესოელები 6:10—18).

ღმერთმა თავის დასაცავად ერთი ყველაზე საიმედო საშუალებაც მოგვცა. სწორედ ამ საშუალებაზე სწერდა მოციქული პავლე თავის თანამსახურ ტიმოთეს, რომ მას დაყრდნობოდა, როცა საქმე რწმენას ეხებოდა. ის აფრთხილებდა ტიმოთეს, რომ ბოროტებსა და თვითმარქვიებს წინ აღსდგომოდა რწმენით, რომელიც „წმინდა წერილებზე“ ანუ ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე იქნებოდა დაფუძნებული (2 ტიმოთე 3:15).

ზოგის აზრით შეცდომაშია შეყვანილი ის, ვისაც ღმერთის სწამს და ბიბლია მისი შთაგონებით დაწერილი წიგნი ჰგონია. მაგრამ სინამდვილეში შეცდომაში ის ადამიანები არიან შეყვანილნი, რომლებიც ფაქტების მიუხედავად, ჯიუტად უარყოფენ შემოქმედის არსებობასა და იმას, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა * (რომაელები 1:18—25; 2 ტიმოთე 3:16, 17; 2 პეტრე 1:19—21).

ნუ მოტყუვდებით ეგრეთ წოდებული ცოდნით, ჭეშმარიტების დასადგენად ღვთის სიტყვას მიმართეთ (1 ტიმოთე 6:20, 21). მიჰბაძეთ ბერეაში მცხოვრებ კეთილშობილ ადამიანებს, რომლებსაც პავლე მოციქულმა უქადაგა. მათ „უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა“. ბერეელებმა ბრმად კი არ დაიჯერეს, რასაც პავლე ასწავლიდა, არამედ „ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11).

ნუ შეგაშინებთ საკუთარი მრწამსის გამოკვლევა. ბიბილია მოგიწოდებთ, რომ ყველაფერში თავად დარწმუნდეთ, სანამ რამეს დაიჯერებთ (1 თესალონიკელები 5:21). ახ. წ. პირველი საუკუნის ბოლოს იოანე მოციქულმა თანაქრისტიანები გააფრთხილა: „საყვარელნო, ყველა შთაგონებულ სიტყვას კი ნუ ირწმუნებთ, არამედ შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა“ (1 იოანე 4:1). ზოგი რელიგიური მოძღვრება ერთი შეხედვით ღვთისგან შთაგონებული ჩანს, მაგრამ ჯობია, გამოიკვლიოთ წმინდა წერილები, რათა დარწმუნდეთ მათ სისწორეში (იოანე 8:31, 32).

მოიქეცით ნასწავლის თანახმად

სინამდვილეში გამოკვლევაზე გაცილებით მეტი მოგვეთხოვება. მოწაფე იაკობმა დაწერა: „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი, თავს რომ იტყუებენ მცდარი აზროვნებით“ (იაკობი 1:22). მხოლოდ იმის ცოდნა არ არის საკმარისი, რასაც ბიბლია გვასწავლის. ნასწავლი ცხოვრებაში უნდა გამოვიყენოთ, ანუ უნდა შევასრულოთ ღვთის მითითებები, და მოვერიდოთ იმას, რასაც ის კრძალავს.

მაგალითად დააკვირდით, როგორ დაეცა ზნეობრივი ნორმები მსოფლიოში. განა ეს იმაზე არ მიუთითებს, რომ სატანამ მოხერხებულად დააჯერა ხალხს, რომ ღვთის ზნეობრივი ნორმების დარღვევის გამო არ დაისჯებიან? სწორედ ამიტომ აფრთხილებდა მოციქული პავლე თანაქრისტიანებს: „ნუ შეცდებით, ღვთის დაცინვა არ გამოგივათ. კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).

ნუ დაემსგავსებით იესოს მიერ აღწერილ „უგუნურ კაცს“, რომელიც ისმენს მის სიტყვებს და არ ასრულებს მათ. სერვანტესის დონ კიხოტივით, რომელიც საკუთარი წარმოდგენებით იტყუებდა თავს, ეს კაციც ფიქრობდა, რომ ქვიშაზე მყარ სახლს აიშენებდა. ნაცვლად ამისა, მიჰბაძეთ იმ კაცს, რომელმაც „კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი“. იესომ ამ კაცს გონიერი უწოდა, რადგან მან იესოს სიტყვები მოისმინა და შეასრულა (მათე 7:24—27).

[სქოლიო]

^ აბზ. 18 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნები „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ და „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ (რუს.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო⁄სურათი 12, 13 გვერდებზე]

ისე აღიქვამთ ყველაფერს, როგორც სინამდვილეშია?

1930-იან წლებში შვედმა მხატვარმა, ოსკარ როიტერსვარდმა, საზოგადოებას თავისი ნამუშევრები, ეგრეთ წოდებული ირეალური ფიგურების სერია წარუდგინა. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი მარცხნივ არის ნაჩვენები. ერთი შეხედვით ეს ფიგურები ნამდვილს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში არანაირ კანონზომიერებას არ ექვემდებარება. ყურადღებით დაკვირვების შემდეგ, ხვდებით, რომ მხატვარი ოსტატურად ახერხებს დამთვალიერებლის თვალისა და გონების მოტყუებას.

ირეალური ფიგურების გარდა, არსებობს კიდევ მრავალი რამ, რასაც შეცდომაში შეჰყავს ადამიანი. დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ, ბიბლიაში გამაფრთხილებელი სიტყვები ჩაიწერა: „ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“ (კოლოსელები 2:8).

თავად ამ გამაფრთხილებელი სიტყვების დამწერიც ერთ დროს მოტყუებული იყო. წესით ეს კაცი ადვილად არ უნდა მოტყუებულიყო, რადგან მას იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რელიგიურ წინამძღოლთან ჰქონდა განათლება მიღებული (საქმეები 22:3).

ეს კაცი ტარსოსელი სავლე იყო. მას მტკიცედ სწამდა, რომ სასჯელს იმსახურებდა ყველა, ვინც მის რელიგიურ შეხედულებებსა და ტრადიციებს არ იზიარებდა. იუდეველი რელიგიური წინამძღოლების მიერ უფლებამოსილი სავლე ღვთის ნების შესრულებად თვლიდა იმ ხალხის დასჯას, ვინც საკუთარ რწმენაზე უარს არ იტყოდა. მან მხარიც კი დაუჭირა თავისი თანამემამულის მკვლელობას, რომელიც უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს ღვთის გმობაში (საქმეები 22:4, 5, 20).

მაგრამ დროთა განმავლობაში სავლემ ღვთის დახმარებით დაინახა განსხვავება სწორსა და არასწორს შორის და ის, თუ რა იყო ღვთისთვის მოსაწონი და რა — არა. როგორც კი მიხვდა, რომ ცდებოდა, სავლემ ცხოვრების წესი შეიცვალა და ქრისტეს მიმდევარი გახდა. დღეს ის მოციქულ პავლეს სახელით არის ცნობილი. მან სიცრუის მახეს დააღწია თავი და ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი გახდა (საქმეები 22:6—16; რომაელები 1:1).

პავლეს მსგავსად, მრავალი გულწრფელი ადამიანი ერთ დროს მოტყუებული იყო მცდარი სწავლებებით, რომლებიც ირეალურ ფიგურებს შეიძლება შევადაროთ. ერთი შეხედვით, სარწმუნო სწავლებები ღვთის სიტყვაზე არ იყო დაფუძნებული (იგავები 14:12; რომაელები 10:2, 3). სხვების დახმარებით მათ რეალურად დაინახეს, რას წარმოადგენს მათი რელიგია თავისი სწავლებებითა თუ საქმეებით (მათე 7:15—20). ბიბლიიდან საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ, მათ შეიცვალეს შეხედულებები და ცხოვრება ღვთის ნებას შეუსაბამეს.

მოციქულ პავლეს მსგავსად, მზად ხართ, ღვთის სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით გამოიკვლიოთ თქვენი მრწამსი? იეჰოვას მოწმეები ამაში სიამოვნებით დაგეხმარებიან.

[სურათის საავტორო უფლება 10 გვერდზე]

Engravings by Doré