არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იყავით მადლიერნი

იყავით მადლიერნი

რჩევა 3

იყავით მადლიერნი

რას გვეუბნება ბიბლია? „ყველაფრისთვის მადლობლები იყავით“ (1 თესალონიკელები 5:18).

ხელის შემშლელი ფაქტორი. ჩვენ ქედმაღალი და უმადური ადამიანების გარემოცვაში ვცხოვრობთ და ადვილი შესაძლებელია, მათნაირები გავხდეთ (2 ტიმოთე 3:1, 2). გარდა ამისა, სულ უფრო და უფრო მეტ საქმეს ვეჭიდებით და ისედაც დაძაბულ ცხოვრებას კიდევ უფრო ვირთულებთ. პრობლემებმა შეიძლება ისე დაგვამძიმოს, ან საკუთარ თავზე ფიქრმა იმდენად მოგვიცვას, რომ დრო აღარ დაგვრჩეს, დავაფასოთ ის, რაც უკვე გვაქვს, ან მადლიერება გამოვხატოთ იმისთვის, რასაც სხვები ჩვენთვის აკეთებენ.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ? იფიქრეთ იმ კარგზე, რაც უკვე გაქვთ. შეიძლება პრობლემებმა გადაგღალათ. გავიხსენოთ მეფე დავითი. ზოგჯერ ის თავს განადგურებულად გრძნობდა, განსაცდელებისგან მას გული ჰქონდა ჩამკვდარი. მიუხედავად ამისა, ღმერთს ლოცვაში ეუბნებოდა: „ვფიქრობ ყველა შენს ნამოქმედარზე. სიამოვნებით ვფიქრობ შენს ნახელავზე“ (ფსალმუნი 143:3—5). განსაცდელების მიუხედავად, დავითი მადლიერი და კმაყოფილი იყო იმით, რაც ჰქონდა.

იფიქრეთ იმაზე, რაც სხვებს თქვენთვის გაუკეთებიათ და იყავით მადლიერი. ამ მხრივ არაჩვეულებრივი მაგალითი იესომ დაგვიტოვა. მაგალითად, როცა მარიამმა იესოს ძვირად ღირებული ნელსაცხებელი სცხო თავსა და ფეხებზე, ზოგმა თქვა: „ასე უაზროდ რატომ დაიხარჯა ნელსაცხებელი?“. * კრიტიკულად განწყობილები ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა ნელსაცხებლის გაყიდვა და ფულის ღარიბებისთვის დარიგება. იესომ მათ უპასუხა: „თავი დაანებეთ. რას ერჩით?“ შემდეგ დაამატა: „მან ის გააკეთა, რაც შეეძლო“ (მარკოზი 14:3—8; იოანე 12:3). იესოს ყურადღება იმაზე არ გაუმახვილებია, რაც მარიამმა არ გააკეთა, არამედ იმაზე გაამახვილა, რაც გააკეთა და ამისთვის მადლიერება გამოხატა.

ზოგი ოჯახის წევრების, მეგობრების თუ სხვა რამის დაფასებას მაშინ იწყებს, როცა მათ კარგავს. ეს რომ არ მოხდეს, იფიქრეთ იმაზე, რაც ამჟამად გაქვთ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ან ქაღალდზე ჩამოწეროთ ის კურთხევები, რისთვისაც მადლიერი ხართ.

ვინაიდან „ყოველი კარგი ძღვენი“ ღვთისგან მომდინარეობს, კარგი იქნება თუ ლოცვაში ღმერთს მადლობას ვეტყვით (იაკობი 1:17). თუ ყოველთვის ასე მოვიქცევით, მადლიერების გრძნობას არ დავკარგავთ და ვისწავლით, ვიყოთ კმაყოფილი იმით, რაც გვაქვს (ფილიპელები 4:6, 7).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 პირველ საუკუნეში სტუმრის თავზე ნელსაცხებლის ცხება სტუმართმოყვარეობის ნიშანი იყო, ხოლო ფეხებზე — თავმდაბლობის.

[სურათი 6 გვერდზე]

მადლიერი ხართ იმისათვის, რასაც თქვენთვის აკეთებენ?