არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

ვინ იყვნენ მოგვები, რომლებიც ჩვილი იესოს სანახავად მივიდნენ?

მათეს სახარებაში, სადაც იესოს დაბადებაზეა საუბარი, ვკითხულობთ აღმოსავლეთიდან ჩვილ იესოსთან მისულ სტუმრებზე, რომლებმაც ახალი მეფის ვარსკვლავი იხილეს და ბავშვს საჩუქრები მიართვეს. სახარების ბერძნულ ტექსტში ამ სტუმრებს „მაგოი“ ანუ „მოგვნი“ ეწოდებათ (მათე 2:1, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). რა ვიცით მოგვების შესახებ?

ჩვენს ხელთ არსებულ უძველეს ცნობებს მოგვების შესახებ გვაწვდის ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე. ჰეროდოტემ, რომელიც ძვ. წ. V საუკუნეში ცხოვრობდა, დაწერა, რომ მოგვები სპარსელთა სამღვდელო კლასს მიეკუთვნებოდნენ და საკმაოდ კარგად ჰქონდათ შესწავლილი ასტროლოგია, შეეძლოთ სიზმრების ახსნა და ჯადოების გაკეთება. ჰეროდოტეს დროს სპარსელები ზოროასტრიზმის მიმდევრები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მოგვებზე საუბრისას ჰეროდოტეს, როგორც ჩანს, მხედველობაში ზოროასტრიზმის მიმდევარი მღვდლები ჰყავდა. „საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიის ენციკლოპედიაში“ ნათქვამია, რომ „ზოგადად ელინისტურ სამყაროში მაგოსს ზებუნებრივი ცოდნა და უნარი ჰქონდა და ზოგჯერ ჯადოქრობას ეწეოდა“.

ძველი დროის ისეთმა „ქრისტიანმა“ კომენტატორებმა, როგორებიც იყვნენ იუსტინე წამებული, ორიგენე და ტერტულიანე, იესოსთან მისული მოგვები ასტროლოგებად მოიხსენიეს. მაგალითად, ტერტულიანე თავის წიგნში „კერპების შესახებ“ წერდა: „ვიცით, რომ მაგია და ასტროლოგია მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ვარსკვლავებზე მკითხავები პირველები იყვნენ . . . რომლებმაც მას [იესოს] ძღვენი მიართვეს“. ამიტომაც არის, რომ ბიბლიის ბევრ თარგმანში „მოგვები“ „ასტროლოგებად“ არის ნათარგმნი.

რატომ მიაწერს მათე ზაქარიას წიგნში ჩაწერილ სიტყვებს წინასწარმეტყველ იერემიას?

ზემოთქმული ეხება მათეს 27:9, 10-ს, რომელშიც სახარების დამწერი მოიხსენიებს ფულს, რაც იუდა ისკარიოტელს იესოს გაცემისთვის გადაუხადეს. იქ ვკითხულობთ: «მაშინ შესრულდა წინასწარმეტყველ იერემიას ნათქვამი: „და აიღეს ოცდაათი ვერცხლის მონეტა — საფასური, რომლითაც . . . შეაფასეს კაცი — და გადაიხადეს მეთუნის მინდორში“». ოცდაათი ვერცხლის შესახებ წინასწარმეტყველება ეკუთვნის ზაქარიას და არა იერემია წინასწარმეტყველს (ზაქარია 11:12, 13).

როგორც ცნობილია, წიგნების კრებული, რომელიც „წინასწარმეტყველთა წიგნების“ სახელით იყო ცნობილი, ზოგჯერ ესაიას ნაცვლად, იერემია წინასწარმეტყველის წიგნით იწყებოდა (მათე 22:40). აქედან გამომდინარე, როცა მათემ წინასწარმეტყველი იერემია მოიხსენია, მხედველობაში ჰქონდა წერილების მთელი კრებული, რომელსაც პირველი წიგნის დამწერის სახელი ერქვა. ამ კრებულში ზაქარიას წიგნიც შედიოდა.

მსგავსადვე, იესომ „ფსალმუნები“ უწოდა ბიბლიის რამდენიმე წიგნს, რომლებიც აგრეთვე წერილების სახელითაა ცნობილი. ამრიგად, როცა იესომ თქვა, რომ უნდა შესრულებულიყო ყველაფერი, რაც მის შესახებ „მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში“ იყო ჩაწერილი, ის გულისხმობდა მთელ ებრაულ წერილებში ჩაწერილ წინასწარმეტყველებებს (ლუკა 24:44).