არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აღმოსავლეთ აზიელი კაცი ძველ იტალიაში

აღმოსავლეთ აზიელი კაცი ძველ იტალიაში

აღმოსავლეთ აზიელი კაცი ძველ იტალიაში

როგორ აღმოჩნდა 2 000 წლის წინათ ძველი რომის იმპერიაში აღმოსავლეთ აზიური წარმოშობის კაცი? ეს კითხვა არქეოლოგებს მას შემდეგ დაებადათ, რაც 2009 წელს სამხრეთ იტალიაში საინტერესო ნამარხი აღმოაჩინეს.

ძველ რომაულ სასაფლაოზე, ვანარიში, ქალაქ ბარიდან დასავლეთით 60 კილომეტრში 75 ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. ძვლებზე ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ ადამიანების უმეტესობა ახლომდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა. მაგრამ ერთი კაცის ჩონჩხმა არქეოლოგების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს კაცი დედის მხრიდან აღმოსავლეთ აზიიდან იყო. * მისი ნაშთი ახ. წ. I ან II საუკუნით დაათარიღეს. ნაპოვნი ჩონჩხის შესახებ ერთი საინფორმაციო წყარო იუწყებოდა: „ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აღმოსავლეთ აზიელი კაცის ჩონჩხი რომის იმპერიაში იპოვეს“. ვინ იყო ეს კაცი?

იგივე წყარო იუწყებოდა: „ერთი შეხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს კაცი ეწეოდა აბრეშუმით ვაჭრობას, რომელიც ჩინეთსა და რომს შორის იყო გაჩაღებული“. მაგრამ ცნობილია, რომ აბრეშუმით ვაჭრობა ხორციელდებოდა არაერთი შუამავლის მეშვეობით, რადგან ჩინეთიდან იტალიამდე 8 000 კილომეტრს არავინ გაივლიდა.

რას ვიგებთ იმ ადგილის შესახებ, სადაც ეს ნამარხები აღმოაჩინეს? ძველად ვანარი იყო იმპერიის ცენტრისგან დაშორებული ტერიტორია, რომელიც იმპერიის სამფლობელოში შედიოდა და მას იმპერატორი მართავდა. იქ მუშები რკინას ადნობდნენ და ფილაქნებს ამზადებდნენ. ბევრი მუშა მონა იყო და არ არის გამორიცხული, რომ ეს აღმოსავლელი კაციც მონა ყოფილიყო. მისი სასაფლაო მდიდარი კაცის სასაფლაოს არ ჰგავდა. ერთადერთი ნივთი, რაც მის გვერდით იპოვეს, ქვაბი იყო. მასზე სხვა ადამიანი იყო დამარხული.

რატომ იწვევს ეს აღმოჩენა ინტერესს? ახ. წ. I საუკუნეში ქრისტიანული რწმენის ფართოდ გავრცელება იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი შორეულ ტერიტორიებზე მოგზაურობა. ბიბლიიდან ვიცით, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში ჩასულმა უცხოელებმა სასიხარულო ცნობა შემდგომ შორეულ ადგილებშიც იქადაგეს (საქმეები 2:1—12, 37—41). ეს ჩონჩხი სხვა თუ არაფერი იმას მაინც გვეუბნება, რომ იმ დროისთვის ადამიანები აღმოსავლეთ აზიიდან ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მოგზაურობდნენ. *

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზით მამის წინაპრებზე რაიმე ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია.

^ აბზ. 6 არსებობს იმის დამამტკიცებელი ფაქტებიც, რომ დასავლელები მოგზაურობდნენ აღმოსავლეთ აზიაში. იხილეთ 2009 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკის“ სტატია „რამდენად შორს წავიდნენ მისიონერები აღმოსავლეთისკენ?“

[რუკა 29 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

რომი

ვანარი

ხმელთაშუა ზღვა

აღმოსავლეთი აზია

წყნარი ოკეანე

[სურათი 29 გვერდზე]

ძველ რომაულ სასაფლაოზე ნაპოვნი აღმოსავლეთ აზიელი კაცის ჩონჩხი

[საავტორო უფლება]

© Su concessione del Ministero per i Beni e le Attività Culturali-Direzione Regionale per i Beni Culturali e Paesaggistici della Puglia-Soprintendenza per i Beni Archeologici della Puglia