რა არის სასიხარულო ცნობა?
რა არის სასიხარულო ცნობა?
„ამ სასიხარულო ცნობას . . .“ (მათე 24:14).
ქრისტიანებმა უნდა იქადაგონ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“. მათ უნდა აუხსნან სხვებს, რომ ეს სამეფო არის ხელისუფლება, რომელიც მომავალში სამართლიანად იმმართველებს დედამიწაზე. თუმცა ბიბლიაში გამოთქმა „სასიხარულო ცნობა“ მარტო სამეფოსთან დაკავშირებით არ გამოიყენება. მაგალითად, ბიბლიაში მოხსენიებულია: „სასიხარულო ცნობა . . . ხსნის შესახებ“ (ეფესოელები 1:13); „ღვთის სასიხარულო ცნობა“ (რომაელები 15:16); „იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობა“ (მარკოზი 1:1).
მარტივად რომ ვთქვათ, სასიხარულო ცნობაში იგულისხმება ყველაფერი, რასაც იესო ამბობდა და, რაც მოციქულებმა დაწერეს. ზეცად ამაღლებამდე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20). აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი ქრისტიანები არა მარტო სამეფოს შესახებ უნდა ქადაგებდნენ, არამედ მოწაფეებსაც უნდა ამზადებდნენ.
რას აკეთებენ ეკლესიები ამ მხრივ? ისინი, ვისაც თავად არ ესმით, რა არის სამეფო, — და ასეთები ბევრნი არიან, — ვერც სხვებისთვის შეძლებენ მის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას. სამეფოს შესახებ ქადაგების ნაცვლად, ისინი ქადაგებენ იმას, რისი მოსმენაც ხალხს სურს. მაგალითად, საუბრობენ ცოდვების მიტევებასა და იესოსადმი რწმენაზე. ისინი ხალხის თავიანთ რწმენაზე მოსაქცევად მიმართავენ ქველმოქმედებას — აშენებენ საავადმყოფოებს, სკოლებსა და ღარიბებისთვის სახლებს. ასეთი ძალისხმევის შედეგად შეიძლება გაიზარდოს ეკლესიის წევრთა რაოდენობა, მაგრამ ისინი ვერ გახდებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებსაც გულწრფელად სურთ იესოს სწავლების შესაბამისად ცხოვრება.
ერთმა თეოლოგმა დაწერა: „მეცნიერებისა თუ ქრისტიანული რელიგიის წინამძღოლთა უმეტესობა აღიარებს, რომ საჭიროა მოწაფეების მომზადება და მათთვის ყოველივე იმის სწავლება, რაც იესომ თქვა . . . ამ საკითხზე იესოს მითითებები ხომ საკმაოდ ნათელია! ჩვენ, უბრალოდ, არ ვაკეთებთ იმას, რაც მან თქვა და სერიოზულად არ ვეკიდებით მის ნათქვამს. როგორც ჩანს, ჩვენ არც კი ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს“.
მსგავსადვე, შეერთებულ შტატებში გამოკითხულ კათოლიკეთა 95-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ მათი მრწამსი მოითხოვს სასიხარულო ცნობის ქადაგებას. მაგრამ მათი უმრავლესობის აზრით, ამის გაკეთების საუკეთესო საშუალებაა არა ლაპარაკი სასიხარულო ცნობის შესახებ, არამედ საკუთარი ცხოვრებით სხვებისთვის მაგალითის მიცემა. ერთ-ერთმა გამოკითხულმა თქვა: „ქრისტიანობის გავრცელება შეუძლებელია მხოლოდ ლაპარაკით; ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სასიხარული ცნობით“. ჟურნალში, რომელმაც ეს გამოკითხვა ჩაატარა, აღნიშნული იყო, რომ მრავალი თავს იკავებს საკუთარ რწმენაზე საუბრისგან, რადგან „ბოლო დროს ეკლესიები სექსუალური ძალადობისა და პრობლემატური სწავლებების გამო ცუდი რეპუტაციით სარგებლობს“.
მეთოდისტური ეკლესიის ერთმა ეპისკოპოსმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ მისი ეკლესიები დაყოფილი და დაბნეულია; მათ გაბედულება არ ჰყოფნით, შეასრულონ თავიანთი მისია და იმავე ფასეულობებით ცხოვრობენ, რა ფასეულობებიც ზოგადად საზოგადოებაშია. ბოლოს, იმედგაცრუებულმა იკითხა: „ვინ უნდა იქადაგოს სამეფოს შესახებ სახარება?“
მართალია, ეპისკოპოსს თავის კითხვაზე პასუხი არ გაუცია, მაგრამ პასუხი არსებობს. მისი პოვნა შემდეგ სტატიაში შეგიძლიათ.
[ჩანართი 6 გვერდზე]
სასიხარულო ცნობა ეხება როგორც ღვთის სამეფოს, ისე ხსნას იესო ქრისტესადმი რწმენის საფუძველზე