არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო — რატომ მოკვდა?

იესო — რატომ მოკვდა?

„კაცის ძე [იმისთვის მოვიდა, რომ] . . . მისცეს თავისი სული [ანუ სიცოცხლე] მრავალთა გამოსასყიდად“ (მარკოზი 10:45).

იესომ იცოდა, რა ელოდა. მას ესმოდა, რომ ჩვეულებრივი ადამიანივით მშვიდად ვერ იცხოვრებდა. მისი ცხოვრება ტრაგიკულად უნდა დასრულებულიყო მაშინ, როცა ჯერ კიდევ სიცოცხლით სავსე იქნებოდა. თუმცა ის სრულიად მზად იყო, რომ სიკვდილისთვის თვალებში ჩაეხედა.

ბიბლია დიდ ყურადღებას ამახვილებს იესოს სიკვდილზე. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ანუ „ახალ აღთქმაში“ მისი სიკვდილი დაახლოებით 175-ჯერ არის მოხსენიებული. მაგრამ რატომ უნდა დატანჯულიყო იესო და მომკვდარიყო? ამის გაგებას უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს ცხოვრებაზე.

რა ელოდა იესოს.

დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ წელს, იესომ არაერთხელ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ უნდა დატანჯულიყო და მომკვდარიყო. როდესაც იერუსალიმში პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად მიდიოდა, იესომ თავის 12 მოციქულს შემდეგი სიტყვები უთხრა: „კაცის ძე უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს გადაეცემა. ისინი სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას და გადასცემენ უცხოტომელებს, რომლებიც მასხრად აიგდებენ, შეაფურთხებენ, გაშოლტავენ და მოკლავენ“ (მარკოზი 10:33, 34). * რატომ იყო ის ამაში ასე დარწმუნებული?

იესომ ებრაულ წერილებში ჩაწერილი ყველა წინასწარმეტყველება იცოდა, რომლებშიც მისი სიკვდილის შესახებ ეწერა (ლუკა 18:31—33). განვიხილოთ ზოგიერთი წინასწარმეტყველება ბიბლიურ მუხლებთან ერთად, რათა დავინახოთ, როგორ შესრულდა ისინი.

მესიას . . .

იესოზე არა მარტო ეს, არამედ სხვა მრავალი წინასწარმეტყველებაც შესრულდა. შეუძლებელია, რომ ეს მას თავად გაეკეთებინა. ყველა ამ წინასწარმეტყველების შესრულება იმაზე მეტყველებს, რომ იესო ნამდვილად ღვთისგან იყო გამოგზავნილი. *

რატომ გახდა საჭირო იესოს ტანჯვა და სიკვდილი?

იესო მოკვდა, რათა გადაეჭრა უმნიშვნელოვანესი საკითხი.

იესომ კარგად იცოდა, რომ ედემის ბაღში წამოჭრილ საკამათო საკითხებს საყოველთაო მნიშვნელობა ჰქონდა. ღვთის მოწინააღმდეგე სულიერი ქმნილების გავლენით ადამმა და ევამ ღვთისადმი მორჩილებაზე უარი თქვეს. მათმა დაუმორჩილებლობამ წამოჭრა საკითხები, რომლებიც ღვთის უზენაესობას ანუ მმართველობას უკავშირდებოდა. ადამისა და ევას მიერ ჩადენილმა ცოდვამ თითოეული ადამიანის ღვთისადმი ერთგულება დააყენა ეჭვქვეშ (დაბადება 3:1—6; იობი 2:1—5).

იესომ დამაჯერებელი პასუხი გასცა ორივე კითხვას, რომელიც იეჰოვას უზენაესობასა და ადამიანის ერთგულებას ეხებოდა. იესო „წამების ბოძზე სიკვდილამდე“ ერთგული იყო, რითაც იეჰოვას უზენაესობას დაუჭირა მხარი (ფილიპელები 2:8). იესომ ისიც დაამტკიცა, რომ სრულყოფილ ადამიანს უკიდურესი განსაცდელის დროსაც კი შეუძლია ერთგულების შენარჩუნება.

იესო კაცობრიობის გამოსასყიდად მოკვდა.

ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ აღთქმული მესია ტანჯვითა და სიკვდილით ადამიანებს ცოდვისგან გამოისყიდდა (ესაია 53:5, 10). იესოს კარგად ესმოდა ეს და ნებაყოფლობით გაიღო „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). მისმა მსხვერპლმა ადამიანებს იეჰოვასთან დაახლოების შესაძლებლობა მისცა და ცოდვისა და სიკვდილისგან დაიხსნა. იესოს გამოსასყიდით შეგვიძლია დავიბრუნოთ ის, რაც ადამმა და ევამ დაგვაკარგვინეს — მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე სრულყოფილ პირობებში (გამოცხადება 21:3, 4). *

რისი გაკეთება შეგიძლიათ.

ამ სტატიათა სერიიდან ბიბლიის დახმარებით გავიგეთ, საიდან იყო იესო, როგორ ცხოვრობდა და რატომ მოკვდა. ეს ყველაფერი მხოლოდ მასზე გავრცელებულ არასწორ აზრებს არ გვიფანტავს. თუ ამ ცოდნას ცხოვრებაში გამოვიყენებთ კურთხევები არ მოგვაკლდება არც დღეს და არც მომავალში. დღესვე ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახდება, მომავალში კი მარადიულად ვიცოცხლებთ. ბიბლია იმასაც გვეუბნება, თუ როგორ შეიძლება ამ კურთხევების მიღება.

  • უფრო მეტი გაიგეთ იესო ქრისტესა და იმის შესახებ, თუ რა როლი დააკისრა მას ღმერთმა თავისი განზრახვის შესასრულებლად (იოანე 17:3).

  • გამოავლინეთ რწმენა იესოსადმი და ცხოვრებით აჩვენეთ, რომ ის თქვენი მხსნელია (იოანე 3:36; საქმეები 5:31).

იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან, რომ გაიღრმაოთ ცოდნა ღვთის „მხოლოდშობილი ძის“, იესოს ქრისტეს შესახებ, ვისი მეშვეობითაც „მარადიული სიცოცხლის“ მიღება შეგვიძლია (იოანე 3:16).

^ აბზ. 5 იესო ხშირად უწოდებდა საკუთარ თავს „კაცის ძეს“ (მათე 8:20). ეს გამოთქმა მხოლოდ იმაზე არ მიუთითებს, რომ ის ადამიანი იყო, არამედ იმაზეც, რომ ის იყო ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები „კაცის ძე“ (დანიელი 7:13, 14).

^ აბზ. 13 დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შესრულდა იესოზე დაწერილი წინასწარმეტყველებები, იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, დანართი „იესო ქრისტე — აღთქმული მესია“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 17 დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იესოს სიკვდილს გამოსყიდვის ძალა აქვს, იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 5, „გამოსასყიდი — ღვთის უძვირფასესი საჩუქარი“.