არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როდის დაიწერა ბიბლია?

როდის დაიწერა ბიბლია?

როდის დაიწერა ბიბლია?

ბიბლია განსაკუთრებული წიგნია. სამ მილიარდზე მეტი ადამიანი მას წმინდა წიგნად მიიჩნევს. ის ყველა დროის ბესტსელერია. მთლიანად ან ნაწილობრივ ბიბლიის დაახლოებით 6 000 000 000 ეგზემპლარია გამოცემული 2 400-ზე მეტ ენაზე.

ისტორიის განმავლობაში არც ერთ წიგნს არ ჰყოლია იმდენი მკითხველი, რამდენიც ბიბლიას. მიუხედავად ამისა, ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს მისი დაწერის თარიღთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ებრაული წერილების, რომელსაც ხშირად „ძველ აღთქმას“ უწოდებენ. ამის შესახებ შეიძლება ჟურნალებსა და წიგნებში წაგიკითხავთ ან დოკუმენტური ფილმები გინახავთ. ქვემოთ ვისაუბრებთ დღეს გავრცელებულ რამდენიმე მოსაზრებაზე.

„ბიბლიის წიგნების უმეტესობა ძვ. წ. VIIIVI საუკუნეებში ანუ წინასწარმეტყველ ესაიასა და იერემიას მოღვაწეობის დროს დაიწერა“.

„ბოლო ორი ასწლეულია, რაც ბიბლიის მკვლევარები ფიქრობენ, რომ ებრაული წერილები ძირითადად დაიწერა და გადაიწერა სპარსეთისა და ელინისტური სახელმწიფოების აღზევების ხანაში (ძვ. წ. VII საუკუნეებში)“.

„ჩვენამდე მოღწეული ყველა ებრაული ტექსტი განეკუთვნება ელინისტურ ხანას (არაუგვიანეს [ძვ. წ.III საუკუნე)“.

როგორ უნდა უყურებდეს ამ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს ქრისტიანი, რომელსაც სჯერა, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, ვიმსჯელოთ ამ შეხედულებებზე.

ბიბლიური ქრონოლოგია

ებრაულ წერილებში უამრავი ქრონოლოგიური მასალაა მოცემული. ამის წყალობით ვიგებთ, რომ ბიბლიის პირველი წიგნები დაიწერა მოსესა და იესო ნავეს ძის დროს, დაახლოებით 3 500 წლის წინათ. * მათ დაემატა ძვ. წ. XI საუკუნეში დაწერილი სამუელის, დავითისა და სოლომონის წიგნები. შემდგომ, ძვ. წ. IX—V საუკუნეებში კი შეიქმნა ისტორიული, ლირიკული და წინასწარმეტყველური შინაარსის წიგნები.

ბიბლიის ამ წიგნების ასლები თუ ცალკეული ფრაგმენტები, წიგნ „ესთერის“ გარდა, მკვდარი ზღვის ხელნაწერებს შორის იქნა აღმოჩენილი. რადიონახშირბადისა (14C) და პალეოგრაფიული (შეისწავლის ძველი დამწერლობის ძეგლებს) მეთოდით დათარიღებამ ცხადყო, რომ ამ ხელნაწერებიდან უძველესი დაახლოებით ძვ. წ. 200 წელს განეკუთვნება.

რას ამბობენ კრიტიკოსები

ბიბლია თავად აცხადებს, რომ ღვთის შთაგონებით არის დაწერილი. ძირითადად ამ მიზეზის გამო მიიჩნევენ კრიტიკოსები საეჭვოდ ბიბლიური ქრონოლოგიის უტყუარობას. მაგალითად, ამასთან დაკავშირებით პროფესორი ვოლტერ კაიზერ უმცროსი თავის ერთ წიგნში ამ თვალსაზრისის შესახებ წერს: „შეუძლებელია ენდო ამ წიგნს [ბიბლიას], როცა ის თავად აცხადებს, რომ ღვთისგან არის შთაგონებული და ღმერთსა და სასწაულებზე საუბრობს“ (The Old Testament Documents). მკვლევარები, რომლებსაც არ სწამთ, რომ ბიბლია ღვთისგანაა, აცხადებენ, რომ სხვა წიგნების მსგავსად ისიც კრიტიკის ცეცხლში უნდა გატარდეს.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარვინის ევოლუციის თეორიას იყენებდნენ იმის ასახსნელად, თუ როგორ განვითარდა რელიგია მარტივიდან რთულ სახეობამდე — ანიმიზმიდან პოლითეიზმამდე და როგორ მიაღწია კულმინაციას, მონოთეიზმს. ვინაიდან ბიბლიის პირველივე წიგნებში მონოთეიზმზე ანუ ერთი ღმერთის თაყვანისცემაზეა საუბარი, ზოგი ფიქრობს, რომ ეს წიგნები გაცილებით გვიან დაიწერა, ვიდრე ამას ბიბლია ამბობს.

მას შემდეგ ბიბლია არაერთგზის გახდა კრიტიკის საგანი. მაგალითად, ბოლო დროს გამოცემულ „ძველი აღთქმის“ თეოლოგიურ ლექსიკონში დეტალურად არის აღწერილი, როგორ აკრიტიკებდნენ ბიბლიაში ჩაწერილი ისტორიული მოვლენების სიზუსტეს, თხრობის სტილს, ხუთწიგნეულში მოხსენიებულ მოვლენებს, ბიბლიის დამწერთა მიერ გამოყენებულ წყაროებსა და სხვა.

ბიბლიის წიგნების დაწერის თარიღთან დაკავშირებით მკვლევარებს განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ, თუმცა ბევრი იზიარებს პროფესორ ფრიდმენის შეხედულებას: „ათასობით წლის წინათ იქმნებოდა მხატვრული ნაწარმოებები და სამართლებრივი დოკუმენტები. ზოგი მწერალი ამ წყაროებს იყენებდა. მათ სწორედ ამ წყაროების საფუძველზე შექმნეს ბიბლია“.

ერთ-ერთ წიგნში განხილულია ზემოხსენებული თუ სხვა კრიტიკული შეხედულებები, რომლებიც ბიბლიას ეხება. თუმცა დასკვნაში ნათქვამია: «მართალია, მკვლევარები ერთსულოვნად უცხადებენ „საღვთო წერილს“ უნდობლობას და სრულიად დარწმუნებულნი არიან თავიანთ თეორიებში, მაგრამ ერთმანეთის შეხედულებებსაც ხმალამოღებულნი ეწინააღმდეგებიან“» (Faith, Tradition, and History).

ბიბლიური ქრონოლოგიის მხარდაჭერა

თავდაპირველად წმინდა წერილებს მალფუჭებად მასალაზე წერდნენ. ამიტომ არარეალურია იმის მოლოდინი, რომ ოდესმე იპოვიან უშუალოდ მოსეს, იესო ნავეს ძის, სამუელის ან დავითის ხელით დაწერილ ტექსტებს. მაგრამ ის კი შესაძლებელია, რომ გამოვიკვლიოთ არაპირდაპირი ისტორიული მტკიცებულებები, რომლებიც მხარს უჭერს ბიბლიაში მოხსენიებული თარიღების უტყუარობას, როგორც ამას ზოგიერთი ცნობილი მეცნიერი თუ არქეოლოგი აკეთებს. განვიხილოთ ზოგიერთი ასეთი მტკიცებულება.

არსებობდა წერილობითი წყაროები ახლო აღმოსავლეთში 3 500 წლის წინათ ანუ იმ დროს, როცა, როგორც ბიბლია ამბობს, მოსე და იესო ნავეს ძე ცხოვრობდნენ? შუამდინარეთსა და ეგვიპტეში იწერებოდა ისტორიული, რელიგიური, სამართლებრივი და მხატვრული ტექსტები. მაგრამ რისი თქმა შეიძლება იმ ტექსტებზე, რომლებიც მოსემ და სხვა ისრაელებმა დაწერეს? ამ კითხვაზე პასუხს ერთი ლექსიკონი გვცემს: „არანაირი საფუძველი არა გვაქვს დავეჭვდეთ, რომ გვიანი ბრინჯაოს ხანის [დაახლოებით ძვ. წ. 1550—1200 წლებში] ქანაანში წერილობითი ტექსტები არსებობდა“ (Dictionary of the Old Testament: Pentateuch). ამავე ლექსიკონში ნათქვამია: „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმ დროისთვის წერილობითი ტექსტები უკვე არსებობდა, რატომღაა რთული დასაჯერებელი, რომ მოსემ ნამდვილად დაწერა ბიბლიის წიგნები. იმავეს თქმა შეიძლება ებრაული წერილების სხვა დამწერებზეც“ (გამოსვლა 17:14; 24:4; 34:27, 28; რიცხვები 33:2; კანონი 31:24).

მოიხსენიებს ბიბლია მანამდე არსებულ ძველ წყაროებს? დიახ. ბიბლიის ზოგი დამწერი მოიხსენიებს „წიგნებს“, რომლებიც შესაძლოა შეიცავდა ოფიციალურ დოკუმენტაციას, საგვარეულო ნუსხებს, ისტორიულ მონათხრობებსა და ტომთა თუ საგვარეულოთა საკუთრებაში არსებულ ჩანაწერებს (რიცხვები 21:14; იესო ნავეს ძე 10:13; 2 სამუელი 1:18; 1 მეფეები 11:41; 2 მატიანე 32:32).

რატომ არ არის ნაპოვნი მკვდარი ზღვის ხელნაწერებზე უფრო ძველი ბიბლიური ხელნაწერები? ერთ ჟურნალში ამის შესახებ აღნიშნულია: „პაპირუსსა და ტყავზე შესრულებული დოკუმენტები პალესტინის უმეტეს ნაწილში განადგურდა. ისინი მხოლოდ ისეთ გახრიოკებულ ადგილებში შემორჩა, როგორიც მკვდარი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაა. პაპირუსიც და ტყავიც ნესტიან ნიადაგში მალე ლპება. ის ფაქტი, რომ უძველესი ხელნაწერები ვერ აღმოაჩინეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საერთოდ არ არსებობდა“ (Biblical Archaeology Review). თუმცა, აღმოჩენილ იქნა ასობით თიხის ბეჭედი, რომლითაც ოფიციალურ დოკუმენტებს ბეჭდავდნენ. პაპირუსსა და ტყავზე შესრულებული დოკუმენტები ცეცხლმა ან ნესტიანმა ნიადაგმა გაანადგურა, თიხის ბეჭდებს კი ვერაფერი დააკლო. ეს ბეჭდები დაახლოებით ძვ. წ. IX—V საუკუნეებით თარიღდება.

როგორ მოაღწია ჩვენამდე ბიბლიურმა ხელნაწერებმა? ერთ წიგნში ვკითხულობთ: „როგორც ჩანს, თვით ბიბლიურ დროშიც კი ხშირად ხდებოდა იმ ისტორიული, სამართლებრივი და წინასწარმეტყველური ტექსტებისა თუ ფსალმუნების გადაწერა, რომლებმაც ჩვენამდე ბიბლიის სახით მოაღწია . . . ის ფაქტი, რომ ბიბლიურ დროში გამუდმებით კეთდებოდა ამ ხელნაწერთა ასლები, იმაზე მეტყველებს, რომ მათ იყენებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში . . . უმიზნოდ მათი გადაწერით თავს არავინ აიტკივებდა“ (The Bible as It Was) (კანონი 17:18; იგავები 25:1).

ბიბლიის პირველი წიგნების ასლების გაკეთება ახ. წ. პირველ საუკუნემდე, თითქმის 1 500 წლის განმავლობაში ხდებოდა. სიზუსტის დასაცავად გადამწერები „ითვალისწინებდნენ ახლო აღმოსავლეთში მიღებულ მეთოდს და მოძველებულ გრამატიკულ წესებსა და მართლწერას თანამედროვეთი ცვლიდნენ“, — ნათქვამია ერთ წიგნში (On the Reliability of the Old Testament). * ამგვარად, უსაფუძვლოა იმ კრიტიკოსთა განაცხადი, რომლებიც ბიბლიურ ტექსტებს გრამატიკული ცვლილების გამო აკრიტიკებენ.

როდის დაიწერა ბიბლია?

რადგან არ არსებობს მოსეს, იესო ნავეს ძის, სამუელისა და ებრაული წერილების სხვა დამწერთა დროინდელი ხელნაწერები, განა გონივრულია იმის მტკიცება, რომ ეს წიგნები იმ დროს არ დაწერილა? ბევრი მეცნიერი ეთანხმება იმ აზრს, რომ მტკიცებულების არქონა, მის არარსებობას არ ნიშნავს. სიმართლე რომ ვთქვათ, მალფუჭებად მასალაზე შესრულებულმა რამდენმა ხელნაწერმა მოაღწია ჩვენამდე? ეგვიპტოლოგი კენეტ კიჩინი ამბობს, რომ ბერძნულ-რომაული კულტურის აღზევებამდე არსებული თითქმის ყველა ეგვიპტური პაპირუსი განადგურდა.

ვისაც სჯერა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, შეიძლება აინტერესებს, თავად იესო რას ფიქრობდა ებრაულ წერილებზე. პირველ საუკუნეში ებრაული წერილების დაწერის დროზე არავინ დავობდა. როგორც ჩანს, იმდროინდელი იუდეველების მსგავსად, არც იესოს ეპარებოდა ეჭვი ებრაული წერილების ქრონოლოგიაში. აღიარებდა იესო ებრაული წერილების დამწერებს?

იესო ციტირებდა მოსეს წერილებიდან. მაგალითად, მან მოიხსენია „მოსეს წიგნი“ (მარკოზი 12:26; იოანე 5:46). მას მოჰყავდა ციტატები „დაბადებიდან“ (მათე 19:4, 5; 24:37—39), „გამოსვლიდან“ (ლუკა 20:37), „ლევიანებიდან“ (მათე 8:4), „რიცხვებიდან“ (მათე 12:5) და „მეორე კანონიდან“ (მათე 18:16). იესომ თქვა: „ყველაფერი, რაც მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში ჩემ შესახებ არის დაწერილი, უნდა შესრულდეს-მეთქი“ (ლუკა 24:44). თუ ის აღიარებდა, რომ ებრაული წერილები მოსემ და ბიბლიის სხვა დამწერებმა დაწერეს, მას არც ამ წერილების ქრონოლოგიის სიზუსტეში შეეპარებოდა ეჭვი.

მაშ, როდის დაიწერა ბიბლია? სანდოა ბიბლიური ქრონოლოგია? ამ სტატიაში ჩვენ განვიხილეთ ბევრი კრიტიკოსის აზრი თუ თავად ბიბლიის თვალსაზრისი, აგრეთვე არაპირდაპირი ისტორიული მტკიცებულებები და იესოს შეხედულებები. თქვენ თუ ენდობით ბიბლიურ ქრონოლოგიას? ეს იქიდან გამოჩნდება, თუ იზიარებთ იესოს სიტყვებს, რომელიც მან თავისი მამისადმი, იეჰოვა ღმერთისადმი, ლოცვისას წარმოთქვა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“? (იოანე 17:17).

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 ბიბლიური ქრონოლოგიის უფრო დაწვრილებით გამოსაკვლევად იხილეთ წიგნი „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 1, გვერდები 447—467 (ინგლ.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 23 იხილეთ 2007 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია „გადამწერები ძველ დროში და ღვთის სიტყვა“, გვერდები 18—20.

[დიაგრამა/სურათები 20-23 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

(დროის დიაგრამაზე მოცემულია მიახლოებითი წლები, როცა ბიბლიის წიგნები დაიწერა)

ძვ. წ. 2000

1800

[სურათი]

მოსეს დაბადებამდე ეგვიპტელი მწიგნობრები უკვე ქმნიდნენ წერილობით ტექსტებს

[საავტორო უფლება]

© DeA Picture Library/Art Resource, NY

1600

[სურათი]

მოსემ წიგნი „დაბადება“ მალფუჭებად მასალაზე დაწერა, რომლის წერაც ძვ. წ. 1513 წელს დაასრულა

დაბადება ძვ. წ. 1513

იესო ნავეს ძე

1400

1200

სამუელი

ძვ. წ. 1000

[სურათი]

ასობით თიხის ბეჭედმა მოაღწია ჩვენამდე

ძვ. წ. 900—500

იონა

800

ესაია

600

იერემია

დანიელი

[სურათი]

დაკეცილი, ბაწრით შეკრული და ბეჭედდასმული პაპირუსის დოკუმენტი

ძვ. წ. 449

[საავტორო უფლება]

Brooklyn Museum, Bequest of Theodora Wilbour from the collection of her father, Charles Edwin Wilbour

400

200

[სურათი]

ტილოში გახვეული მკვდარი ზღვის ხელნაწერები შენახული იყო თიხის ჭურჭელში. ისინი დღემდე აღმოჩენილი უძველესი ბიბლიური ტექსტებია

ძვ. წ. 200—100

[საავტორო უფლება]

Shrine of the Book, Photo © The Israel Museum, Jerusalem