არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყველა ერთგული ქრისტიანი მიდის ზეცაში?

ყველა ერთგული ქრისტიანი მიდის ზეცაში?

მკითხველები გვეკითხებიან

ყველა ერთგული ქრისტიანი მიდის ზეცაში?

▪ ბევრს წაუკითხავს იესოს მანუგეშებელი სიტყვები: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). გულისხმობდა იესო იმას, რომ თავისი ზეციერი მამის, იეჰოვა ღმერთის, ყველა ერთგული თაყვანისმცემელი ზეცაში წავიდოდა და მარადიულ ნეტარებაში იქნებოდა?

ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ: „ზეცაში არავინ ასულა ზეციდან ჩამოსული კაცის ძის გარდა“ (იოანე 3:13). აქედან კარგად ჩანს, რომ ძველ დროში მცხოვრები ღვთის ისეთი ერთგული მსახურები, როგორებიც იყვნენ ნოე, აბრაამი, მოსე და დავითი, ზეცაში არ წასულან (საქმეები 2:34). მაშ სად წავიდნენ ისინი სიკვდილის შემდეგ? მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ერთგული ადამიანები სამარეში, უგრძნობ მდგომარეობაში არიან, სიკვდილის ძილით სძინავთ და მკვდრეთით აღდგომას ელოდებიან (ეკლესიასტე 9:5, 6; საქმეები 24:15).

სიკვდილის შემდეგ ზეცაში ცხოვრების შესახებ ბიბლიაში მოხსენიებული პირველი სიტყვები იესოს ეკუთვნის. მან თავის მოციქულებს უთხრა, რომ ზეცაში ადგილს მოუმზადებდა (იოანე 14:2, 3). ღვთის ხალხისთვის ეს რაღაც ახალი იყო. მოციქულმა პავლემ მოგვიანებით ახსნა, რომ იესომ სიკვდილისა და ზეცად აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს „ახალი და ცოცხალი გზა“ გაუხსნა. ამ გზაზე მანამდე კაციშვილს არ გაევლო (ებრაელები 10:19, 20).

ნიშნავს ეს იმას, რომ მას შემდეგ ღვთის ყველა ერთგული მსახური ზეცაში მიდის? არა, რადგან ზეციერი აღდგომა მხოლოდ ზოგიერთის ხვედრია. მოციქულებთან გატარებულ ბოლო საღამოს იესომ მათ უთხრა, რომ ისინი ზეციერ სამეფოში ტახტებზე დასხდებოდნენ ხალხის გასასამართლებლად. ამგვარად, ისინი, ვინც ზეცაში წავიდოდნენ, იესოსთან ერთად იმმართველებდნენ (ლუკა 22:28—30).

ამ შესანიშნავ დავალებას მოციქულების გარდა სხვებიც მიიღებდნენ. მოციქულმა იოანემ ხილვაში იხილა იესო მკვდრეთით აღმდგარ ადამიანთა ჯგუფთან ერთად, რომლებზეც ნათქვამია, რომ იქნებოდნენ მეფეები, მღვდლები და დედამიწის მმართველები (გამოცხადება 3:21; 5:10). რამდენი იყვნენ ისინი? ნებისმიერ მთავრობაში მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ადამიანები შედიან. ასევეა ზეციერ სამეფოშიც. ამ ხილვის მიხედვით, იესო ანუ ღვთის კრავი მეფობს 144 000 თანამმართველთან ერთად, რომლებიც „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი“ (გამოცხადება 14:1, 4, 5).

144 000 მართლაც მცირე რიცხვია ყველა დროში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურთა რაოდენობასთან შედარებით. მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, რადგან 144 000 ზეცაში წმინდა მსახურების შესასრულებლად არიან აღდგენილნი. სახლს რომ აშენებდეთ, განა თქვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა კარგ მშენებელს სთხოვდით ამ საქმის შესრულებას? რა თქმა უნდა, არა. თქვენ მხოლოდ იმდენს მშენებელს დაასაქმებდით, რამდენიც საჭირო იქნებოდა. მსგავსად ამისა, ღმერთი ყველა თავის ერთგულ მსახურს არ აძლევს განსაკუთრებულ დავალებას, რომ იესოსთან ერთად იმმართველოს ზეცაში.

ზეციერი მთავრობა ადამიანებთან დაკავშირებულ ღვთის პირვანდელ განზრახვას განახორციელებს. იესო და მისი 144 000 თანამმართველი უხელმძღვანელებენ მთელი დედამიწის სამოთხედ გადაქცევას, სადაც ღვთის უთვალავი ერთგული მსახური მარადიულად და ბედნიერად იცხოვრებს (ესაია 45:18; გამოცხადება 21:3, 4). დედამიწაზე მცხოვრებთა შორის იქნებიან ღვთის მეხსიერებაში მყოფნი, რომლებიც მკვდრეთით აღდგებიან (იოანე 5:28, 29).

დღეს თუ წარსულში მცხოვრები იეჰოვას ყველა ერთგული მსახური ბრწყინვალე ჯილდოს, მარადიულ სიცოცხლეს, მიიღებს (რომაელები 6:23). მათგან ზოგიერთი განსაკუთრებულ დავალებას მიიღებს, უმეტესობა კი მარადიულად იცოცხლებს სამოთხეში დედამიწაზე.