არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არის ზოგისთვის ცხოვრება აზრს მოკლებული?

რატომ არის ზოგისთვის ცხოვრება აზრს მოკლებული?

რატომ არის ზოგისთვის ცხოვრება აზრს მოკლებული?

რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ სიცოცხლე ყოველთვის არ იქნება „ამაო ცხოვრების დათვლილი დღეებივით“, რომელიც, როგორც მეფე სოლომონმა თქვა, აჩრდილივით ქრება (ეკლესიასტე 6:12, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). ღვთის შთაგონებული სიტყვა, ბიბლია — უდავოდ სანდო ინფორმაციის წყარო — გვპირდება, რომ მომავალში ცხოვრება ნამდვილად აზრით აღსავსე იქნება (2 ტიმოთე 3:16, 17).

ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რა განზრახვა ჰქონდა ღმერთს თავდაპირველად დედამიწასთან დაკავშირებით. ეს წიგნი იმასაც გვეუბნება, თუ რატომ არის ქვეყნიერებაში უსამართლობა, ჩაგვრა და ტანჯვა. ამის გაგება მნიშვნელოვანია, რადგან, ძირითადად, ადამიანებს ცხოვრება უაზროდ იმიტომ ეჩვენებათ, რომ არ იციან ან არ სურთ გაიგონ, რა განზრახვა აქვს ღმერთს კაცობრიობის მიმართ.

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

იეჰოვა * ღმერთმა დედამიწაზე შექმნა სამოთხე ანუ სრულყოფილი ადგილი, სადაც ადამიანები მარადიულად დატკბებოდნენ აზრიანი, ბედნიერი ცხოვრებით. ეს ჭეშმარიტება შორს არის დღეს გავრცელებული არაბიბლიური სწავლებისგან, რომლის თანახმადაც ღმერთმა დედამიწა ადამიანთა გამოსაცდელად შექმნა, რათა ენახა, დაიმსახურებდნენ, თუ არა ისინი სულიერ სამყაროში უფრო აზრიან ცხოვრებას (იხილეთ ჩარჩო  „აუცილებელია დედამიწა დავტოვოთ, აზრიანი ცხოვრება რომ გვქონდეს?“, გვერდი 6).

ღმერთმა მამაკაცი და ქალი თავის მსგავსებად შექმნა ანუ მისცა იმის უნარი, რომ ღვთის შესანიშნავი თვისებები აერეკლათ (დაბადება 1:26, 27). მან ისინი სრულყოფილად შექმნა. მათ ყველაფერი ჰქონდათ იმისათვის, რომ აზრიანად ეცხოვრათ მარადიულად. პირველ წყვილს ღმერთმა დაავალა, რომ გამრავლებულიყვნენ და აევსოთ დედამიწა; დაპატრონებოდნენ მას და მთელ პლანეტაზე განევრცოთ ედემის ბაღის საზღვრები (დაბადება 1:28—31; 2:8, 9).

რატომ განვითარდა მოვლენები სულ სხვაგვარად?

აშკარაა, რომ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ადამიანები ღვთის თვისებებს არ ირეკლავენ და, შესაბამისად, არც დედამიწაა სამოთხე. მიზეზი ის არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა, ადამმა და ევამ არასწორად გამოიყენეს ნების თავისუფლება. მათ სურდათ, ღმერთივით ყოფილიყვნენ და თავად გადაეწყვიტათ, რა იქნებოდა სიკეთე და რა — ბოროტება. ამგვარად, ისინი ურჩი სატანა ეშმაკის კვალს გაჰყვნენ (დაბადება 3:1—6).

აქედან გამომდინარე, ბოროტების სათავე არ არის იდუმალებით მოცული და არც ღვთის განზრახვა ყოფილა, რომ ბოროტებას ეარსება. ბოროტებამ მაშინ იჩინა თავი, როცა სატანა, მოგვიანებით კი ადამი და ევა, ღვთის მმართველობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. დაუმორჩილებლობის გამო მათ დაკარგეს სამოთხე და სრულყოფილება. და არა მარტო თვითონ გახდნენ ცოდვილები და მოკვდავები, არამედ მთელი თავიანთი შთამომავლობა ცოდვასა და სიკვდილს დაუმონეს (დაბადება 3:17—19; რომაელები 5:12). სწორედ ამიტომაა დღეს დედამიწა ასეთ მდგომარეობაში და ამიტომ აქვს ბევრისთვის ცხოვრებას აზრი დაკარგული.

რატომ არ დაუსვა ღმერთმა ბოროტებას მაშინვე წერტილი?

ზოგს აინტერესებს, რატომ არ დაუსვა ღმერთმა ბოროტებას მაშინვე წერტილი, რატომ არ გაანადგურა სატანა და მის დამქაშები და რატომ არ დაიწყო ყველაფერი თავიდან? გონივრული იქნებოდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა? რას იფიქრებდით მთავრობაზე, რომელიც დაუყოვნებლივ დასჯიდა ნებისმიერს, ვინც მათ წინააღმდეგ აიმაღლებდა ხმას? განა ასეთი საქციელი სამართლიანი ადამიანების აღშფოთებას არ გამოიწვევდა და ამ მთავრობისადმი ხალხს ნდობას არ დაუკარგავდა?

ღმერთმა გადაწყვიტა, რომ მაშინვე არ დაესაჯა ურჩები. ბრძენმა ღმერთმა დრო გამოყო იმისთვის, რომ ედემში მის მმართველობასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხები ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრილიყო.

ღმერთი ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ბოროტებას

ერთი მთავარი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: ღმერთმა მხოლოდ დროებით დაუშვა ბოროტების არსებობა. მან იცოდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამდა წერტილს იმ სავალალო მდგომარეობას, რაც მისი მმართველობის უარყოფამ გამოიწვია, და ამის შედეგად წამოჭრილ მნიშვნელოვან საკამათო საკითხებს გადაჭრიდა.

ღმერთს არ გადაუფიქრებია თავისი განზრახვის შესრულება დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებით. წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ის არის დედამიწის შემქმნელი, რომელსაც „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია [ის], დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). ძალიან მალე ღმერთი დედამიწას თავდაპირველ, სრულყოფილ სახეს დაუბრუნებს. როცა დამტკიცდება, რომ ღვთის მმართველობა სრულიად სამართლიანია, იგი უსაზღვრო ძალას გამოიყენებს თავისი ნების შესასრულებლად და ბოროტების აღმოსაფხვრელად (ესაია 55:10, 11). იესო ქრისტე მოწაფეებს ასწავლიდა, ლოცვის დროს ისიც ეთხოვათ ღვთისთვის, რომ თავისი ნება შეესრულებინა. იესომ გვასწავლა, რა უნდა მოგვეხსენიებინა ლოცვაში: „იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). რა იგულისხმება ამაში?

ღვთის ჩანაფიქრი კაცობრიობის მიმართ

სხვა დანარჩენ კურთხევებთან ერთად „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:9—11, 29; იგავები 2:21, 22). იესო ქრისტე „დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, [და] დაჩაგრულს“. ის დაიხსნის მათ „ჩაგვრისა და ძალადობისგან“ (ფსალმუნი 72:12—14). ომი მეტად აღარ იარსებებს; სიკვდილი, გლოვა-გოდება და ტკივილი წარსულს ჩაჰბარდება (ფსალმუნი 46:9; გამოცხადება 21:1—4). სიცოცხლეს დაუბრუნდება უამრავი ადამიანი, რომლებიც მთელი იმ ხნის მანძილზე დაიღუპნენ, რაც ღმერთმა დედამიწაზე ბოროტების არსებობა დაუშვა. მათ ექნებათ შესაძლებლობა, არა მარტო ამ, არამედ სხვა კურთხევებსაც ეზიარონ (იოანე 5:28, 29).

იეჰოვა ყველა იმ სავალალო შედეგს აღმოფხვრის, რაც სატანის ღმერთთან დაპირისპირებამ გამოიწვია. ამგვარად, „დავიწყებული იქნება წინანდელი გასაჭირი [ყოველივე, რაც დღეს ტკივილისა და მწუხარების მიზეზი ხდება]“ (ესაია 65:16—19). ასეთ მომავალს წინ ვერაფერი დაუდგება, რადგან ღმერთი არასდროს ცრუობს. მისი ყველა დანაპირები სრულდება. ცხოვრება მეტად აღარ იქნება „ამაოება . . . და ქარის დევნა“ (ეკლესიასტე 2:17). პირიქით, ცხოვრება ნამდვილ აზრს შეიძენს.

მაგრამ რა შეიძლება ითქვას დღევანდელობაზე? შეუძლია ბიბლიურ სწავლებებსა და დედამიწის მიმართ ღვთის განზრახვის ცოდნას დღესვე შესძინოს აზრი თქვენს ცხოვრებას? ამ კითხვას ამ სერიის ბოლო სტატია გასცემს პასუხს.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღვთის პირადი სახელია.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

 აუცილებელია დედამიწა დავტოვოთ, აზრიანი ცხოვრება რომ გვქონდეს?

საუკუნეების მანძილზე ადამიანებმა არ იცოდნენ, რა განზრახვა ჰქონდა ღმერთს დედამიწის მიმართ. ამიტომ, ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ დედამიწის დატოვების შემდეგ იცხოვრებდნენ აზრიანად.

ერთი თეოლოგიური ლექსიკონის თანახმად, ზოგის აზრით, ადამიანის უკვდავი სული „გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას მანამდე, სანამ ადამიანის სხეულში ჩასახლდება“ (New Dictionary of Theology). სხვები კი, როგორც ერთ რელიგიურ ენციკლოპედიაში ვკითხულობთ, ფიქრობდნენ, რომ სულის „ადამიანის სხეულში ჩასახლება სულიერ სამყაროში ჩადენილი ცოდვის საზღაური იყო“ (Cyclopedia of Biblical, Theological, and Ecclesiastical Literature).

ბერძენი ფილოსოფოსები, სოკრატე და პლატონი, ასეთ აზრს ავრცელებდნენ: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის უკვდავი სული გათავისუფლდება ცოდვილი სხეულისგან, „თავს დააღწევს უგზო-უკვლოდ ხეტიალს, უგუნურებას, შიშს, მხეცურ ჟინსა თუ ადამიანთა მოდგმისთვის დამახასიათებელ სხვა ყველა მანკიერებას,“ და „ღმერთებს შორის მარადიულად“ დაიდებს ბინას (Plato’s Phaedo, 81, A).

მოგვიანებით, ეგრეთ წოდებული ქრისტიანი წინამძღოლები შეუერთდნენ ბერძენ ფილოსოფოსებს და თავიანთი სწავლებების „ნაწილად აქციეს მოსაზრება სულის უკვდავების შესახებ“ (Christianity—A Global History).

შეადარეთ ზემოხსენებული მოსაზრებები სამ ძირითად ბიბლიურ სწავლებას:

1. ღვთის განზრახვის თანახმად, დედამიწა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა ყოფილიყო ადამიანებისთვის და არა დროებითი გამოსაცდელი ადგილი, სადაც გამოჩნდებოდა, დაიმსახურებდნენ თუ არა ისინი ზეცაში ცხოვრებას. თუ ადამი და ევა დაემორჩილებოდნენ ღვთის კანონებს, დღემდე ცოცხლები იქნებოდნენ და სამოთხეში იცხოვრებდნენ (დაბადება 1:27, 28; ფსალმუნი 115:16).

2. მაშინ, როცა რელიგიების უმეტესობა ასწავლის, რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული — რაღაც არამატერიალური, რაც ადამიანის სხეულში მკვიდრობს — ბიბლია გაცილებით მარტივად ხსნის ამ საკითხს. კაცი არის „ცოცხალი სული“, რომელიც „მიწის მტვრისგანაა“ შექმნილი (დაბადება 2:7). ბიბლიაში არსად არის მოხსენიებული, რომ სული უკვდავია. პირიქით, მასში ნათქვამია, რომ სული შეიძლება მოკვდეს ან განადგურდეს, სრულიად შეწყვიტოს არსებობა (ფსალმუნი 146:4; ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4, 20). პირველი სული, ადამი, მოკვდა და დაუბრუნდა მტვერს, რომლისგანაც იყო შექმნილი. ის დაუბრუნდა არარსებულ მდგომარეობას (დაბადება 2:17; 3:19).

3. ბევრს სჯერა, რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს, რომელიც ტოვებს სულიერ სამყოფელს, მაგრამ ღვთის განზრახვის თანახმად, გარდაცვლილები დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად აღდგებიან; სწორედ ამაზეა დამოკიდებული ადამიანის მომავალი (დანიელი 12:13; იოანე 11:24—26; საქმეები 24:15).