არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიხარულითა და იმედით სავსე დღე

სიხარულითა და იმედით სავსე დღე

გალაადის 130-ე კლასის გამოშვება

სიხარულითა და იმედით სავსე დღე

უდავოა, რომ „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 130-ე კლასის კურსდამთავრებულები მოუთმენლად ელოდნენ ამ სასიხარულო დღეს. 2011 წლის 12 მარტს, შაბათს, სკოლა „გალაადის“ გამოსაშვებ პროგრამას 8 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ სტუდენტები, მათი ოჯახის წევრები და მეგობრები. ყველას სიხარულით უბრწყინავდა თვალები და ერთი სული ჰქონდათ, გაეგოთ, მსოფლიოს რომელ ქვეყნებში გააგზავნიდნენ საუკეთესოდ მომზადებულ მისიონერებს, რომლებსაც ხალხისთვის ბიბლიური ჭეშმარიტება უნდა ესწავლებინათ.

„ბედნიერია ყველა, ვისაც [იეჰოვას] მოლოდინი აქვს“

ესაიას 30:18-ში ჩაწერილ ამ სიტყვებზე იყო დაფუძნებული იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრისა და პროგრამის თავმჯდომარის ჯეფრი ჯექსონის მოხსენება. მან გულთბილად და მცირეოდენი იუმორით მიულოცა კურსდამთავრებულებს, რომ „გადაურჩნენ“ სკოლა „გალაადის“ ამ საკმაოდ რთულ კურსს. ისინი გულწრფელ შექებას იმსახურებდნენ ამ შესანიშნავ დღეს. რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდათ კურსდამთავრებულებს თავიანთი დავალების შესრულების დროს? მან ესაიას 30:18—21 მუხლებზე დაყრდნობით სამ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

თავდაპირველად, ძმა ჯექსონმა მიმართა კურსდამთავრებულებს: „დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა მოისმენს თქვენს ლოცვებს“. მან ამის დასტურად მე-19 მუხლი მოიყვანა, სადაც ვკითხულობთ: „[ღმერთი] უეჭველად წყალობას გიყოფს შენი ყვირილის ხმაზე“. ძმა ჯექსონმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამ მუხლში გამოყენებულია პირის ნაცვალსახელი „შენ“ და არა „თქვენ“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა პირადად ისმენს თითოეული ჩვენგანის ლოცვას. როგორც ძმა ჯეფრიმ აღნიშნა, მოსიყვარულე მამა არ გვეუბნება: „რატომ არა ხარ სხვასავით ძლიერი?“ პირიქით, ის გულისყურით გვისმენს თითოეულს და გვპასუხობს.

შემდეგ მომხსენებელმა გულწრფელად აღნიშნა, რომ ჩვენ ვერ დავაღწევთ თავს პრობლემებს. „იეჰოვა არ გვპირდება იოლ ცხოვრებას, მაგრამ გვარწმუნებს, რომ შეგვეხიდება“. მე-20 მუხლიდან ჩანს, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველების თანახმად, ალყაში მოქცეული ისრაელისთვის გასაჭირი და ჩაგვრა პურივითა და წყალივით იქნებოდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვა ყოველთვის მზად იყო თავისი ხალხის გადასარჩენად. სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულებიც შეხვდებოდნენ სირთულეებს, თუმცა არა მაინცდამაინც ისეთს, როგორსაც თავად მოელოდნენ. ძმა ჯექსონმა დასძინა: „მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა თქვენ გვერდით იქნება და ნებისმიერ სირთულეს გადაგატანინებთ“.

გარდა ამისა, ძმა ჯექსონმა კურსდამთავრებულებს შეახსენა, რომ როგორც მე-20 და 21-ე მუხლებიდან ჩანს, იეჰოვა მათ ნაბიჯებს მიმართულებას მისცემდა და მოუწოდა, რომ მის ხელმძღვანელობას მიჰყოლოდნენ. მან თავის მოხსენებაში ისიც აღნიშნა, რომ დღეს თითოეულმა ქრისტიანმა ყურადღებით უნდა მოუსმინოს, რას გვეუბნება იეჰოვა ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული ლიტერატურის მეშვეობით. მომხსენებელმა მთელი გულით მოუწოდა კურსდამთავრებულებს, ყოველდღე ეკითხათ ბიბლია, რადგან ეს მათთვის სიცოცხლეს ნიშნავს.

„იეჰოვას შიშმა მოგიცვათ!“

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ანტონი მორისმა განმარტა, რას ნიშნავს ბიბლიური ფრაზა „იეჰოვას შიში“ (2 მატიანე 19:7). ეს ფრაზა არ მიუთითებს პანიკურ შიშზე, არამედ იმის ძლიერ სურვილზე, რომ აკეთო ის, რაც სწორია. იეჰოვასადმი მოწიწების გრძნობა იმდენად გულწრფელი და ძლიერია, რომ მასთან ურთიერთობას დაჰკანკალებ. ძმა მორისმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა: „მისიონერული მსახურების დროს ყოველთვის გამოავლინეთ ღვთისადმი ასეთი შიში. როგორ შეუძლიათ მისიონერებს იეჰოვასადმი ასეთი ღრმა პატივისცემის გამოვლენა? მომხსენებელმა ორ პრაქტიკულ რჩევაზე გაამახვილა ყურადღება.

თავდაპირველად, ძმა მორისმა ურჩია კურსდამთავრებულებს, რომ გაეთვალისწინებინათ იაკობის 1:19-ში ჩაწერილი რჩევა: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“. მან აღნიშნა, რომ კურსდამთავრებულებმა ხუთი თვის მანძილზე ბევრი რამ ისწავლეს, მაგრამ თავიანთი დავალების შესრულების დროს მათ ამ ცოდნით არ უნდა ეტრაბახათ. მან კურსდამთავრებულებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ უნდა მოუსმინოთ სხვებს. უნდა მოუსმინოთ თქვენი კრების წევრებს და მათ, ვინც ხელმძღვანელობას უწევს სამქადაგებლო საქმიანობას ქვეყანაში, სადაც თქვენ იმსახურებთ. მოუსმინეთ, რას გეტყვიან ისინი თავიანთ ქვეყანასა და კულტურაზე. არ მოგერიდოთ იმის თქმა, რომ რაღაც არ იცით. რაც უფრო მეტს ისწავლით, მით უფრო მიხვდებით, რომ ძალიან ცოტა იცით“.

ძმა მორისმა აგრეთვე ამოიკითხა იგავების 27:21: „სადნობი ჭურჭელი ვერცხლისთვისაა, ქურა — ოქროსთვის, ქება კი — ადამიანის გამოსაცდელად“. მან განმარტა, რომ როგორც ოქროსა და ვერცხლს სჭირდება გადადნობა ანუ გაწმენდა, ასევე შეიძლება ჩვენზე იმოქმედოს ქებამ. შესაძლოა ქებამ ჩვენი პიროვნება გამოავლინოს — ჩვენ შეიძლება გავამაყდეთ და სულიერად დავსუსტდეთ ან შეიძლება ვაღიაროთ, რომ იეჰოვასთან ვალში ვართ, რაც გაგვიძლიერებს იმის სურვილს, რომ არასდროს დავარღვიოთ მისი ნორმები. ამგვარად, ძმა მორისმა მოუწოდა კურსდამთავრებულებს, რომ ნებისმიერ შექებაზე სწორი რეაგირება მოეხდინათ და იეჰოვასთვის დაემტკიცებინათ, რომ მისი შიში აქვთ.

„შეიყვარეთ თქვენი მსახურება“

პროგრამის მთავარი მოხსენებით ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გაი პირსი გამოვიდა. მან ახსნა, რომ სიტყვა „მისიონერში“ იგულისხმება „ის, ვინც კონკრეტული მისიით არის გაგზავნილი“. მან აღნიშნა, რომ არსებობს ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც სხვადასხვა მისიით აგზავნიან თავის წარმომადგენლებს. ბევრი მათგანი ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნავს ან მსოფლიო პოლიტიკური პრობლემების გადაჭრაზეა კონცენტრირებული. ძმა პირსმა კურსდამთავრებულებს უთხრა: „თქვენ განსხვავებული მისია გაკისრიათ“.

სწავლის პერიოდში კურსდამთავრებულებმა ბიბლიიდან მრავალი შემთხვევა განიხილეს, რომელიც ფიზიკურ განკურნებას ეხებოდა. როდესაც იესომ პატარა გოგონა აღადგინა, მშობლების „აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა“ (მარკოზი 5:42). მსგავსად ამისა, როცა მან ბრმები სასწაულებრივად განკურნა, ისინი ძალიან გახარებული იყვნენ. ასეთი სასწაულები იმას აჩვენებს, თუ რას გააკეთებს იესო ახალ ქვეყნიერებაში. „უამრავი ხალხი“ ანუ სამართლიანი ადამიანები, რომლებიც ბოროტი ქვეყნიერების განადგურების დროს გადარჩებიან, ყველანაირი დაავადებისგან განიკურნებიან (გამოცხადება 7:9, 14). წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულს იგრძნობთ, როცა თქვენი საყვარელი მიცვალებულები აღდგებიან და სრულიად ჯანმრთელები იქნებიან.

მაგრამ, როგორც ძმა პირსმა აღნიშნა, ფიზიკური განკურნება არ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. ავადმყოფები, რომლებიც იესომ განკურნა, ისევ ავად გახდნენ. მიცვალებულები, რომლებიც მან აღადგინა, ისევ დაიხოცნენ. ბრმებს, რომლებსაც იესომ თვალი აუხილა, საბოლოოდ მაინც დაბრმავდნენ, ყოველ შემთხვევაში მაშინ მაინც, როცა სიკვდილის ძილით მიიძინეს. გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ხალხის სულიერად განკურნება, რასაც იესო აკეთებდა. სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულებსაც ევალებათ ხალხის სულიერად განკურნება. ისინი ეხმარებიან მათ, შეურიგდნენ ზეციერ მამას და სულიერი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. მხოლოდ ისინი, ვინც სულიერად არიან განკურნებული, მიიღებენ ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს. ძმა პირსმა აღნიშნა: „სწორედ სულიერი განკურნება განადიდებს ღმერთს. თუ ხალხს სულიერად განკურნავთ, ამ შემთხვევაში შეასრულებთ თქვენს მისიას წარმატებით.

კიდევ სამი მნიშვნელოვანი მოხსენება

„იქნება ეს დღე წარმატებული?“ ამ კითხვით დაიწყო თავისი მოხსენება შეერთებული შტატების კომიტეტის წევრმა რობერტ რაიანსმა. მან კურსდამთავრებულები დაარწმუნა, რომ თუ გონივრულად გამოიყენებდნენ დროს, სირთულეების წინაშე ყოფნისას ღვთის სიტყვას მიმართავდნენ და იეჰოვას მიენდობოდნენ ლოცვით, თითოეული დღე მათთვის წარმატებული იქნებოდა.

„აქცევთ ძველს ახლად?“ ასეთი კითხვა დასვა გალაადის ერთ-ერთმა მასწავლებელმა მარკ ნიუმარმა. მან განიხილა 1 იოანეს 2:7, 8, სადაც მოციქული იოანე მოიხსენიებს „ძველ მცნებას“, რომელიც აგრეთვე „ახალი მცნებაც“ იყო. ორივე მიუთითებდა ერთი და იმავე მცნებაზე — ქრისტეს მიმდევრებს უანგაროდ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი და მზად უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთისთვის თავის გასაწირად (იოანე 13:34, 35). ეს მცნება ძველი იყო იმ გაგებით, რომ ათობით წლის წინ თავად იესო ქრისტემ მისცა ის თავის მიმდევრებს. თუმცა, ახალიც იყო იმ გაგებით, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ქრისტიანები ახალი სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდნენ და საჭირო გახდებოდა სიყვარულის უფრო სრულად და ახლებური სახით გამოვლენა. მისიონერებიც ახალ გარემოში აღმოჩნდებოდნენ და სიყვარულის განსხვავებული სახით გამოვლენა მოუწევდათ. რა იქნებოდა მათთვის დამხმარე?

„არ გააკეთოთ ის, რაც გძულთ!“ — მოუწოდა ძმა ნიუმარმა კურსდამთავრებულებს. მან ისინი გააფრთხილა, რომ თუ ვინმე ცუდად მოექცეოდათ, იმავეთი არ ეპასუხათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკუთარ თავს ავნებდნენ. ასეთ სიტუაციებში მათ სიყვარულის ახლებური სახით გამოვლენის შესაძლებლობა მიეცემოდათ; ამგვარად ისინი „ჭეშმარიტი სინათლით“ გაანათებდნენ და სულიერ სიბნელეს გაფანტავდნენ.

„ატარეთ ტვირთი“. ეს პრაქტიკული მოხსენება გალაადის სკოლის კიდევ ერთმა მასწავლებელმა მაიკლ ბარნეტმა წარმოადგინა. მან მაგალითად მოიყვანა აფრიკელი ხალხი, რომლებიც მძიმე ტვირთს თავით ატარებენ. ისინი იყენებენ „კატას“, ნაჭრისგან გაკეთებულ პატარა რგოლს, რომელსაც თავზე იდებენ ტვირთის ტარების დროს წონასწორობის შესანარჩუნებლად. მისიონერებიც მძიმე ტვირთს ატარებენ ანუ არაერთი პასუხისმგებლობა აკისრიათ სხვა ქვეყანაში მსახურების დროს, მაგრამ მათ გააჩნიათ რაღაც, რაც „კატას“ მსგავსია — ბიბლიური განათლება, რომელიც „გალაადში“ სწავლის დროს მიიღეს. თუ ნასწავლს გამოიყენებენ, ისინი შეძლებენ მძიმე ტვირთის ტარების დროს წონასწორობის შენარჩუნებას.

შემთხვევები და ინტერვიუები

„გალაადის“ სკოლაში სწავლის დროს და-ძმები ადგილობრივი კრებების წევრებთან ერთად ქადაგებდნენ. თეოკრატიული სკოლების განყოფილების ზედამხედველმა, უილიამ სამუელსონმა, თავის მოხსენებაში „ნუ დაასვენებთ ხელს!“ მოიხსენია ზოგიერთი კურსდამთავრებულის შემთხვევა (ეკლესიასტე 11:6). რეალური შემთხვევების ინსცენირების დროს კურსდამთავრებულებმა აჩვენეს, რა გულმოდგინედ ცდილობდნენ, ყველა შესაძლებლობა გამოეყენებინათ და სასიხარულო ცნობა ექადაგათ აეროპორტებში, რესტორნებში და ბენზინგასამართ სადგურებზე. ისინი აგრეთვე ქადაგებდნენ კარდაკარ, არაფორმალურად და წერილებით. მათ არ „დაუსვენებიათ ხელი“, რაც მათივე შემთხვევებიდან გამოჩნდა.

კონეთ სტოუვალმა, რომელიც „გალაადის“ სკოლის მასწავლებლებთან თანამშრომლობს, ინტერვიუ აიღო სამი გამოცდილი მისიონერისგან: ბერი ჰილისგან, ედი მოუბლისგან და ტაბ ჰონსბერგერისგან. ბერი ჰილი მსახურობდა ეკვადორსა და დომინიკელთა რესპუბლიკაში, ედი მოუბლი — კოტ-დ’ივუარში, ხოლო ტაბ ჰონსბერგერი — სენეგალში, ბენინში და ჰაიტიზე. მათმა ინტერვიუებმა მეტი ხიბლი შესძინა მოხსენებას „გამოსცადეთ იეჰოვა და მიიღეთ კურთხევები“ (მალაქია 3:10). მაგალითად, ძმა ჰილმა აღნიშნა, რა რთული იყო მისთვის და მისი მეუღლისთვის ეკვადორის კლიმატთან შეგუება, რადგან იქ ცხელ და მშრალ სეზონს წვიმიანი სეზონი ცვლის. მან გაიხსენა, რომ ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ნორმალურად შხაპიც კი არ მიუღიათ, მაგრამ არასოდეს უფიქრიათ იქიდან წამოსვლაზე. პირიქით, ისინი თვლიდნენ, რომ იქ მსახურება იეჰოვას კურთხევა იყო. „ეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო“, — თქვა მან.

პროგრამის დასასრულს ერთმა კურსდამთავრებულმა კლასის სახელით წაიკითხა თბილი წერილი, რომელშიც მადლიერების სიტყვები იყო გამოთქმული: „სკოლამ აშკარად გაგვიძლიერა რწმენა, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო უფრო ძლიერი რწმენის განსავითარებლად“. ყველა კურსდამთავრებულმა მიიღო დიპლომი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიგზავნენ მისიონერებად. ბოლოს ძმა ჯექსონმა კურსდამთავრებულები დაარწმუნა, რომ ისინი ყოველთვის დაინახავდნენ იეჰოვას ძლიერ ხელს, განსაკუთრებით სირთულეების დროს. პროგრამის ბოლოს დამსწრეთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. რასაკვირველია, ამ ახალი მისიონერების მეშვეობით იეჰოვა ბევრ კარგ საქმეს მოიმოქმედებს.

[ცხრილი⁄რუკა 31 გვერდზე]

კლასის სტატისტიკა

ქვეყნების რაოდენობა, საიდანაც მისიონერები არიან 9

საშუალო ასაკი 34

მონათვლის შემდეგ მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა 18,6

სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა 13,1

[რუკა]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ქვემოთ მოცემულია ქვეყნები, სადაც მისიონერები გააგზავნეს

ქვეყნები, სადაც მისიონერები იმსახურებენ

არგენტინა

სომხეთი

ბურკინა-ფასო

ბურუნდი

კონგო (კინშასა)

ჩეხეთის რესპუბლიკა

ჰაიტი

ჰონკონგი

ინდონეზია

კენია

ლიტვა

მალაიზია

მოზამბიკი

ნეპალი

პაპუა-ახალი გვინეა

რუმინეთი

სენეგალი

ტანზანია

უგანდა

ზიმბაბვე

[სურათი 31 გვერდზე]

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 130-ე კლასის გამოშვება

რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მარცხნიდან მარჯვნივ:

1) ზ. მოლინა, ს. ბასელინო, კ. ალატსისი, ა. აროიო, ლ. ნინიო, შ. მერკლინგი, მ. კლარკი;

2) ს. ლიტლი, ს. ტაიბედო, ს. იაკობსონი, ჯ. მორენო, ა. როდრიგესი, კ. ლიი, ჰ. კარდენასი, ლ. აგილარი;

3) ა. კლარბუში, ა. პოული, ს. ქალდველი, ვ. ადამი, შ. ჰილდებრანტი, ი. შუმეიკერი, ნ. გროუმენი, გ. გალვესი;

4) ჯ. კლარკი, ა. ბასელინო, ქ. პაკემი, ჯ. ადამი, მ. კნაუსი, მ. ნინიო, რ. მორენო, ჯ. გალვესი;

5) დ. როდრიგესი, მ. ზენე, ხ. მოლინა, ა. აგილარი, ი. ალატსისი, ა. მანო, რ. გროუმენი, ჯ. პაკემი;

6) ს. ზენე, მ. კარდენასი, ც. აროიო, კ. მანო, ჯ. მერკლინგი, ხ. ლიი, ხ. კლარბუში, პ. იაკობსონი;

7) ჯ. ლიტლი, ბ. ჰილდებრანტი, მ. შუმეიკერი, კ. კნაუსი, ჯ. ქალდველი, ფ. ტაიბედო, კ. პოული.