ოჯახთან ერთად დროის გატარება
„რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“ (ფსალმუნი 133:1).
რატომ აღნიშნავენ შობას?
რადგან ისრაელები იაკობის ანუ ისრაელის შთამომავლები იყვნენ, ყველანი ძმები ანუ ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. როდესაც ისინი იერუსალიმში დღესასწაულზე იკრიბებოდნენ, დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ. დღესაც ბევრი იმედოვნებს, რომ თუ შობის დღესასწაულზე ოჯახის წევრები ერთად შეიკრიბებიან, დროს სასიამოვნოდ გაატარებენ.
როგორია სინამდვილე?
ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „დაძაბულობა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ოჯახის წევრებს შორის არსებობს, ხშირად კულმინაციას მაშინ აღწევს, როცა ისინი დღესასწაულებზე იკრიბებიან“ (Encyclopedia of Christmas and New Year’s Celebrations).
რას ამბობს ბიბლია?
„მშობლებს, ბებიებსა და პაპებს საკადრისი მიაგონ“ (1 ტიმოთე 5:4). თუ შესაძლებელია, რეგულარულად მოინახულეთ ოჯახის წევრები. იმ შემთხვევაშიც იქონიეთ მათთან ურთიერთობა, თუ თქვენგან შორს ცხოვრობენ. მისწერეთ წერილი, დაურეკეთ ტელეფონით, შეეხმიანეთ ელექტრონული ფოსტით ან ესაუბრეთ ინტერნეტით. ასეთ ურთიერთობას გაუგებრობები მინიმუმამდე დაჰყავს.
„ჩვენში კი არა ხართ ვიწროდ, არამედ თქვენს სათუთ გრძნობებში . . . გაფართოვდით“ (2 კორინთელები 6:12, 13). თუ ნათესავს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხვდებით, შესაძლოა ერთმანეთისგან გაუცხოვდეთ. ასეთი რამ უფრო ბავშვებს ემართებათ. ზოგი ბავშვი ფიქრობს, რომ პაპა-ბებიასთან და ნათესავებთან საერთო არაფერი აქვს. ამიტომ, ასწავლეთ შვილებს, „გაფართოვდნენ“ ანუ თბილი გრძნობები გამოავლინონ პაპა-ბებიის მიმართ. * ბავშვები, რომელთაც ხშირი ურთიერთობა აქვთ უფროსებთან, უფრო მეტად ავლენენ თანაგრძნობასა და პატივისცემას მათ მიმართ.
„რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავები 15:23). როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან გაუგებრობები, რომლებიც ოჯახში სიტუაციას დაძაბავს? პრობლემაზე სასაუბროდ დრო სწორად შეარჩიეთ. თუ ერთმანეთთან ურთიერთობა ხშირად გექნებათ, მნიშვნელოვანწილად გაგიადვილდებათ ოჯახის თითოეულ წევრთან დალაპარაკება ნებისმიერ პრობლემაზე და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.
^ აბზ. 9 იხილეთ სტატიები „რატომ უნდა გავიცნო უკეთ ჩემი პაპა და ბებია?“ და „როგორ განვავითარო უფრო ახლო ურთიერთობა ჩემს პაპა-ბებიასთან?“ 2001 წლის 8 მაისისა და 8 ივნისის „გამოიღვიძეთ!“-ში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.