საშობაო განწყობა
„ძალიან ადვილია, წინასაშობაო ორომტრიალმა ჩაგითრიოს. საშობაო ტრადიციების დაცვა ვალდებულებად გვექცა; გადატვირთული გრაფიკის გამო კიდევ უფრო ნაკლებ დროს ვატარებთ ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებთან. სიხარულს, რომელსაც ამ დროს უნდა განვიცდიდეთ, სტრესი აუფერულებს“, — ოკლაჰომას შტატის (აშშ) ყოფილი გუბერნატორი, ბრედ ჰენრი, 23 დეკემბერი, 2008 წელი.
დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხალხს საშობაო განწყობა შეექმნას. სიმღერები, ფილმები და სატელევიზიო გადაცემები სწორედ ამას ემსახურება. რა უნდა ქმნიდეს საშობაო განწყობას:
- იესო ქრისტეს გახსენება?
- გაცემით გამოწვეული სიხარული?
- გაჭირვებულთა დახმარება?
- ოჯახთან ერთად დროის გატარება?
- მშვიდობისთვის ხელშეწყობა?
როგორც ოკლაჰომას შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, ბრედ ჰენრიმ, აღნიშნა, მათგან ბევრს, ვინც შობის დღესასწაულს ზეიმობს, უჭირს ჩამონათვალიდან რომელიმე მიზნის მიღწევა. ხშირად შობის წინ ხალხი გადარბენაზეა და ყველაფრის მოსწრებას ცდილობს, რის გამოც სტრესულ მდგომარეობაშია. ამას ემატება გაცხოველებული ვაჭრობაც. ასეთ დროს შეუძლებელია განიცადო ის სიხარული, რომელსაც შობის დღესასწაულის დროს მოელიან.
ბიბლია გვასწავლის, გვახსოვდეს იესო ქრისტე, გვიყვარდეს გაცემა, დავეხმაროთ გაჭირვებულებს და დრო გავატაროთ ოჯახის წევრებთან. ბიბლია იმასაც გვასწავლის, თუ როგორ შეიძლება გავხდეთ მშვიდობისმყოფელნი. ამიტომ, ამ სტატიათა სერიაში იმაზე კი არ ვისაუბრებთ, თუ რატომ არ აღნიშნავს ზოგი შობის დღესასწაულს, * არამედ შემდეგ საკითხებზე:
- რატომ ფიქრობს ზოგი, რომ უნდა აღნიშნოს შობის დღესასწაული?
- რატომ ვერ განიცდიან სიხარულს, რომელსაც შობის დღესასწაულის დროს მოელიან?
- როგორ დაეხმარა ბიბლია მილიონებს, ეპოვათ ის, რაც შობის დღესასწაულზე ძვირფასია?
^ აბზ. 10 ბიბლიაზე დაფუძნებული დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არ აღნიშნავს ზოგი შობის დღესასწაულს, იხილეთ სტატიაში „მკითხველები გვეკითხებიან — რატომ არ აღნიშნავს ზოგი შობას?“,