არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 დაუახლოვდით ღმერთს

„რომელია უპირველესი მცნება?“

„რომელია უპირველესი მცნება?“

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ? კანონთა უსასრულო სიას უნდა ვიცავდეთ? საბედნიეროდ, არა. ღვთის ძის, იესოს, სიტყვების თანახმად, ღვთის მოთხოვნები შეიძლება ერთი სიტყვით შევაჯამოთ (წაიკითხეთ მარკოზის 12:28 — 31).

პირველ რიგში, განვიხილოთ, რა ვითარებაში თქვა იესომ ეს სიტყვები. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 11 ნისანს იესო ტაძარში ასწავლიდა. მისი მტრები ცდილობდნენ იესოს შეცდომაში შეყვანას და გამოსაცდელად კითხვებს უსვამდნენ. მაგრამ იესო ისეთ პასუხებს სცემდა, რომ მოწინააღმდეგეებს სათქმელი აღარ რჩებოდათ. მოულოდნელად ასეთი კითხვა დაუსვეს: „რომელია უპირველესი მცნება?“ (28-ე მუხლი).

ეს პროვოკაციული კითხვა იყო. ზოგი იუდეველი დაობდა იმაზე, თუ მოსესთვის გადაცემული 600-ზე მეტი კანონიდან, რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვები კი იმას ამტკიცებდნენ, რომ ყველა კანონი თანაბრად მნიშვნელოვანი იყო და რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება არასწორი იყო. როგორ პასუხს გასცემდა იესო მათ?

იესომ ყურადღება გაამახვილა არა ერთ, არამედ ორ მცნებაზე. პირველი: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (30-ე მუხლი; კანონი 6:5). „გული“, „გონება“, „სული“ და „ძალა“ ერთმანეთს ავსებენ. * გიყვარდეს იეჰოვა ნიშნავს, გიყვარდეს ის მთელი გრძნობებით და მაქსიმალურად იყენებდე შენს უნარსა და შესაძლებლობებს, რომ ასიამოვნო მას. ბიბლიის ერთი ცნობარის თანახმად, „ღმერთი უნდა გვიყვარდეს მთელი არსებით“. თუ ასე გეყვარებათ ღმერთი, მაშინ ყველანაირად ეცდებით, რომ ყოველდღე მისი მოწონება დაიმსახუროთ (1 იოანე 5:3).

მეორე, იესომ თქვა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (31-ე მუხლი; ლევიანები 19:18). ღვთის სიყვარული და მოყვასის სიყვარული ერთმანეთისგან განუყოფელია. მეორე პირველის შედეგია (1 იოანე 4:20, 21). თუ მოყვასი ისევე გვეყვარება, როგორც საკუთარი თავი, მაშინ მათ ისე მოვექცევით, როგორც ჩვენ გვინდა, რომ გვექცეოდნენ (მათე 7:12). ასეთი სახით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ღმერთი, რომელმაც ჩვენც და ჩვენი მოყვასიც თავის მსგავსად შეგვქმნა (დაბადება 1:26).

იეჰოვას მოთხოვნები თავისი თაყვანისმცემლებისადმი შეიძლება შეჯამდეს ერთი სიტყვით — სიყვარული.

რამდენად მნიშვნელოვანია ეს ორი მცნება? „ამ მცნებებზე დიდი მცნება არ არსებობს“, — თქვა იესომ (31-ე მუხლი). იესომ ისიც თქვა, რომ ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი კანონი (მათე 22:40).

ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება სულაც არ არის რთული. ღვთის მოთხოვნები შეიძლება ერთი სიტყვით შეჯამდეს — სიყვარული. იეჰოვა თავისი მსახურებისგან ყოველთვის ითხოვდა და მომავალშიც მოითხოვს სიყვარულს. მაგრამ სიყვარული მხოლოდ სიტყვებსა და გრძნობებში არ ვლინდება; ის საქმეებში უნდა ჩანდეს (1 იოანე 3:18). თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ შეიძლება იეჰოვა ღმერთის შეყვარება სიტყვით და საქმით, ღმერთისა, რომელიც თავად სიყვარულია (1 იოანე 4:8).

მარტში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

მარკოზი 9 ლუკა 6

^ აბზ. 6 ბიბლიაში სიტყვა „სული“ მიუთითებს მთლიანობაში ადამიანზე. ამიტომ მასში შეიძლება შედიოდეს „გულიც“, „გონებაც“ და „ძალაც“.