არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მკითხველები გვეკითხებიან

ზეცაში ცხოვრებას დაჰპირდა იესო ბოროტმოქმედს?

ზეცაში ცხოვრებას დაჰპირდა იესო ბოროტმოქმედს?

ლოგიკურია, დაგვებადოს ზემოხსენებული კითხვა, რადგან იესო მის გვერდით ბოძზე გაკრულ ბოროტმოქმედს სამოთხეში ცხოვრებას დაჰპირდა: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). იესოს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ სად იქნებოდა სამოთხე. გულისხმობდა იესო იმას, რომ ბოროტმოქმედი მასთან ერთად იქნებოდა ზეცაში?

პირველ რიგში, მოდი, იმაზე ვიმსჯელოთ, შეესაბამებოდა თუ არა ბოროტმოქმედი ზეცაში ცხოვრებისთვის საჭირო მოთხოვნებს. იმისათვის, რომ ადამიანი ზეციერ ცხოვრებას ეზიაროს, აუცილებელია იყოს მონათლული წყლითა და წმინდა სულით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის იესოს მოწაფე და ღვთის სულით შობილი ქრისტიანია (იოანე 3:3, 5). მეორე მოთხოვნა ის არის, რომ ის უნდა შეესაბამებოდეს ღვთის ზნეობრივ ნორმებს და ავლენდეს ისეთ თვისებებს, როგორიცაა პატიოსნება, ერთგულება და თანაგრძნობა (1 კორინთელები 6:9—11). ის აგრეთვე მიწიერი ცხოვრების ბოლომდე ღვთისა და ქრისტეს ერთგული უნდა დარჩეს (ლუკა 22:28—30; 2 ტიმოთე 2:12). მხოლოდ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებით შეუძლია ადამიანს დაიმსახუროს ზეციერი აღდგომა და მიიღოს ის დიდებული პასუხისმგებლობა, როგორიცაა ქრისტესთან ერთად ათასი წლის განმავლობაში მღვდლად და მეფედ მსახურება (გამოცხადება 20:6).

იესოს გვერდით ძელზე გაკრული კაცი ბოროტმოქმედი იყო და ბოროტმოქმედად მოკვდა (ლუკა 23:32, 39—41). მართალია, მან პატივისცემა გამოავლინა იესოსადმი, როდესაც უთხრა, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნებიო, მაგრამ ის არც მონათლულა, არც ღვთის სულით შობილი მოწაფე გამხდარა და არც თავისი ცხოვრებით დაუმტკიცებია, რომ მართალი და ღვთის ერთგული იყო. განა დაჰპირდებოდა იესო ასეთ ადამიანს ზეციერ სამეფოს, რომ იმ ერთგული მსახურების გვერდით ემსახურა, რომელთაც სიკვდილამდე შეინარჩუნეს ღვთისადმი უმწიკვლობა? (ლუკა 23:42; რომაელები 2:6, 7).

მაგალითისთვის წარმოიდგინეთ კაცი, რომელმაც ფული მოგპარათ, შემდეგ მოდის და პატიებას გთხოვთ. თქვენ შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ არ უჩივლოთ, მაგრამ ანდობდით მას თქვენს ბიზნესს ან თქვენს ოჯახზე ზრუნვას? ალბათ, ასეთ პასუხისმგებლობას მხოლოდ ისეთ ადამიანს ჩააბარებდით, ვისაც თვალდახუჭული ენდობოდით. მსგავსადვე, მათ, ვისაც ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ, ღვთის ნდობა უნდა მოიპოვონ და დაამტკიცონ, რომ კაცობრიობაზე მმართველობის დროს ღვთის სამართლიან ნორმებს დაიცავენ (გამოცხადება 2:10). მიუხედავად იმისა, რომ ბოროტმოქმედის უკანასკნელი თხოვნა გულწრფელი იყო, მას ასეთი ნდობა არ დაუმსახურებია.

და მაინც, უთხრა იესომ ბოროტმოქმედს, რომ ის იმ დღესვე მასთან ერთად იქნებოდა ზეცაში? შეუძლებელია, იესოს ასეთი რამ ეთქვა, რადგან იმ დღესვე თავად იესოც არ ასულა ზეცაში. სამი დღის განმავლობაში ის საფლავში, „დედამიწის გულში“ იყო (მათე 12:40; მარკოზი 10:34). ის კი არა, აღდგომის შემდეგაც, სანამ ზეცად ამაღლდებოდა, 40 დღის განმავლობაში დედამიწაზე იმყოფებოდა (საქმეები 1:3, 9). ასე რომ, ბოროტმოქმედი იმავე დღეს იესოსთან ერთად ვერანაირად ვერ იქნებოდა ზეცაში.

მაშ, სად, რომელ სამოთხეში აღდგებოდა ბოროტმოქმედი? სამოთხეში, რომელიც დედამიწაზე იქნება და რომელსაც იესო უხელმძღვანელებს ზეციდან (საქმეები 24:15; გამოცხადება 21:3, 4). თუ გსურთ, მეტი გაიგოთ სამოთხეზე და ღვთის მოთხოვნებზე, შეგიძლიათ ამის შესახებ რომელიმე იეჰოვას მოწმეს გაესაუბროთ.