მალე ტანჯვას ბოლო მოეღება
წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც აღარ იქნება ტანჯვის გამომწვევი არანაირი მიზეზი — ბოროტმოქმედება, ომი, ავადმყოფობა თუ სტიქიური უბედურებები. ყოველ დილით უდარდელად იღვიძებთ, რადგან ირგვლივ ეკონომიკური სტაბილურობაა, აღარ არის დისკრიმინაცია და ჩაგვრა. ოცნება ხომ არ არის ასეთი ცხოვრება? რასაკვირველია, ვერც ადამიანი და ვერც ადამიანის მიერ დაარსებული ორგანიზაცია ასეთ ცხოვრებას ვერ მოგვიტანს. მაგრამ ღმერთი გვპირდება, რომ აღმოფხვრის ტანჯვის გამომწვევ ყოველგვარ მიზეზს, მათ შორის, წინა სტატიაში განხილულ მიზეზებს. ვნახოთ, რა წერია ბიბლიაში ღვთის დაპირებების შესახებ.
იქნება კარგი ხელისუფლება
„ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44).
ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება. ამ სამეფოს მმართველი იესო ქრისტე ჩაანაცვლებს დღეს არსებულ ყველა მიწიერ ხელისუფლებას და ყველაფერს გააკეთებს, რომ ღვთის ნება შესრულდეს არა მხოლოდ ზეცაში, არამედ დედამიწაზეც (მათე 6:9, 10). ეს ხელისუფლება არასოდეს შეიცვლება მიწიერი ხელისუფლებით, რადგან ეს არის „ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს მარადიული სამეფო“. ყველგან მარადიული მშვიდობა დაისადგურებს (2 პეტრე 1:11).
ცრუ რელიგია აღარ იარსებებს
„თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება“ (2 კორინთელები 11:14, 15).
აღარ იარსებებს ცრუ რელიგია, რომელსაც სატანამ ჩაუყარა საფუძველი. რელიგიურ ფანატიზმსა და სისხლის ღვრას წერტილი დაესმება. „ცოცხალი და ჭეშმარიტი ღვთის“ მოყვარულებს საშუალება მიეცემათ, თაყვანი სცენ ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით“ და ჰქონდეთ „ერთი რწმენა“. ეს კი მშვიდობასა და ერთიანობას შეუწყობს ხელს (1 თესალონიკელები 1:9; ეფესოელები 4:5; იოანე 4:23).
ადამიანები გასრულყოფილდებიან
„თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).
იეჰოვა ღმერთი ამ ყველაფერს გააკეთებს თავისი ძის, იესოს, მეშვეობით, რომელმაც სიცოცხლე გაიღო მთელი კაცობრიობისთვის (იოანე 3:16). იესოს მმართველობის დროს ადამიანები გასრულყოფილდებიან. მეტად აღარ იქნება ტანჯვა, რადგან „თვითონ ღმერთი მათთან იქნება [და] მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან“. არასრულყოფილება და ტანჯვა მხოლოდ წარსულის მოგონებად დარჩება. „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).
ბოროტი სულები ძალას დაკარგავენ
იესო ქრისტემ „შეიპყრო დრაკონი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებოჭა იგი ათასი წლით. ჩააგდო ის უფსკრულში, რომელიც ჩაკეტა და დაბეჭდა, რათა შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები“ (გამოცხადება 20:2, 3).
იესო სატანასა და დემონებს შებოჭავს და უფსკრულში ჩააგდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უმოქმედო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. სატანა და დემონები ვეღარ მოახდენენ გავლენას ადამიანებზე და ვერავის მიაყენებენ ზიანს. რა სასიამოვნო იქნება ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც სატანა და ბოროტი სულები ზიანს ვეღარავის მიაყენებენ.
„ბოლო დღეები“ დასრულდება
როგორც იესომ თქვა, „ბოლო დღეები“ დასრულდება მაშინ, როცა „დიდი გასაჭირი“ თავის კულმინაციას მიაღწევს. მან აღნიშნა: „მაშინ იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათე 24:21).
გასაჭირი იმ გაგებით იქნება დიდი, რომ მოხდება ისეთი უბედურებები, რომლის მსგავსიც მანამდე არ მომხდარა. ეს ყველაფერი დამთავრდება არმაგედონით — ომით, რომელიც მოხდება „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ (გამოცხადება 16:14, 16).
დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები სიმართლის მოყვარული ადამიანები მოუთმენლად ელიან ბოროტი ქვეყნიერების განადგურებას. ჩამოვთვალოთ რამდენიმე კურთხევა, რასაც ღვთის სამეფოს მმართველობა მოიტანს.
ღმერთი უფრო მეტსაც გააკეთებს
„უამრავი ხალხი“ იცხოვრებს მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში: ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „უამრავი ხალხი“ გადაურჩება დიდ გასაჭირს და იცხოვრებს სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში (გამოცხადება 7:9, 10, 14; 2 პეტრე 3:13). თავიანთ მხსნელად ისინი მიიჩნევენ იესო ქრისტეს, „ღვთის კრავს, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელს“ (იოანე 1:29).
ღვთიური განათლება კურთხევებს მოგვიტანს: ახალ ქვეყნიერებაში „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება“ (ესაია 11:9). ეს იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანებს ღვთისგან მიეცემათ მითითებები, თუ როგორ იცხოვრონ ერთად მშვიდობიანად და ჰარმონიულად. ღმერთი გვპირდება: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო!“ (ესაია 48:17).
მკვდრები აღდგებიან: დედამიწაზე ყოფნისას იესომ თავისი მეგობარი ლაზარე აღადგინა მკვდრეთით (იოანე 11:1, 5, 38—44). ამგვარად მან აჩვენა, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ასეთ სასწაულს უფრო დიდი მასშტაბით მოახდენს (იოანე 5:28, 29).
მშვიდობა და სამართლიანობა მარადიულად დაისადგურებს: იესო ქრისტეს მმართველობის დროს უკანონობა წარსულს ჩაჰბარდება. რატომ შეგვიძლია ამის თქმა? იესო, რომელსაც შეუძლია ადამიანის გულების წაკითხვა, მართლებს ბოროტებისგან გამოარჩევს. ვინც არ მიატოვებს ბოროტ გზაზე სიარულს, ვერ იცხოვრებს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (ფსალმუნი 37:9, 10; ესაია 11:3, 4; 65:20; მათე 9:4).
ჩვენ მხოლოდ მცირე ჩამონათვალი განვიხილეთ იმ ბიბლიური წინასწარმეტყველებებისა, რომლებიც მიანიშნებს იმაზე, თუ რა საოცარი დრო გველოდება წინ. ღვთის სამეფოს მმართველობის დროს მთელ დედამიწაზე დამყარდება „დიდი მშვიდობა“, რაც მარადიულად გასტანს (ფსალმუნი 37:11, 29). უბედურებისა და ტკივილის გამომწვევ ყველა მიზეზს, რაც დღეს ასე ტანჯავს ადამიანებს, ბოლო მოეღება. შეგვიძლია ღრმად გვწამდეს ამის, რადგან ღმერთი გვპირდება: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს . . . ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია!“ (გამოცხადება 21:5).