არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

იარაღის გარეშე არსად დავდიოდი

იარაღის გარეშე არსად დავდიოდი
  • დაბადების წელი 1958

  • ქვეყანა იტალია

  • წარსულში აგრესიული ბანდის წევრი

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე და გავიზარდე რომის იმ გარეუბანში, სადაც ღარიბები ცხოვრობდნენ. მძიმე ცხოვრება მქონდა, დღემდე არ ვიცი ვინ იყო დედაჩემი, მამასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა. თავი რომ გამეტანა, ქუჩის კანონებით ცხოვრება ვისწავლე.

10 წლისამ ქურდობა დავიწყე. პირველად სახლიდან რომ გავიქეცი, 12 წლის ვიყავი. მამაჩემს არაერთხელ მოუწია პოლიციის განყოფილებაში მოსვლა ჩემ წასაყვანად. გამუდმებით ვჩხუბობდი, მთელ სამყაროზე ვიყავი გაბოროტებული და გახელებული. 14 წლისა საერთოდ წამოვედი სახლიდან. იმ დღიდან ქუჩა გახდა ჩემი სახლი, ნარკოტიკებსაც შევეჩვიე. ღამის გასათევი არსად მქონდა, ამიტომ ქუჩაში გაჩერებულ მანქანებს ვაღებდი და დილამდე იქ ვიძინებდი. დილით წყალს ვეძებდი ხოლმე, რომ პირი დამებანა.

ქურდობაში პროფესიონალი გავხდი — ჩემთვის არც ვინმესთვის ხელიდან ჩანთის გამოგლეჯა წარმოადგენდა პრობლემას და არც ღამღამობით ბინებისა და აგარაკების ძარცვა. ამ საქმეში სახელი ისე გავითქვი, რომ მალე ცნობილმა ბანდამ „თანამშრომლობა“ შემომთავაზა. სახლებიდან ბანკების ძარცვაზე გადავედი. აგრესიული ხასიათის გამო მალე მოვიპოვე ავტორიტეტი ბანდაში. იარაღის გარეშე არსად დავდიოდი. სიმართლე გითხრათ, ძილის დროსაც იარაღი მედო თავთან. ძალადობა, ქურდობა, ნარკოტიკები, უზნეობა და ბილწსიტყვაობა ჩემი ცხოვრების წესი იყო. პოლიცია გამუდმებით დამეძებდა. რამდენჯერმე დამაპატიმრეს, წლები გავატარე გისოსებს მიღმა და პირობითი სასჯელიც არაერთხელ მოვიხადე.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

ერთხელ როდესაც ციხიდან გამოვედი, გადავწყვიტე, დეიდის სანახავად წავსულიყავი. არ ვიცოდი, რომ ის და ორი დეიდაშვილი იეჰოვას მოწმეები გამხდარიყვნენ. მათ მოწმეების შეხვედრაზე დამპატიჟეს. ცნობისმოყვარეობის გამო გავყევი კრებაზე. დარბაზში რომ შევედით, კართან ახლოს დავჯექი, რათა თვალყური  მედევნებინა, ვინ შემოვიდოდა და ვინ გავიდოდა. ცხადია, იარაღი მაშინაც თან მქონდა.

ამ ერთმა შეხვედრამ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მეგონა სხვა პლანეტაზე მოვხვდი. ხალხი მიღიმოდა და ძალიან თბილად მესალმებოდა. დღემდე არ მავიწყდება მოწმეების გულწრფელი და ალალი მზერა. ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა აქაურობა იმ სამყაროსგან, რომელშიც მე ვცხოვრობდი.

მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. რაც მეტს ვსწავლობდი, მით მეტად ვხვდებოდი, რომ თავიდან ბოლომდე უნდა შემეცვალა ცხოვრება. გულთან ახლოს მივიტანე იგავების 13:20-ში ჩაწერილი სიტყვები: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“. მივხვდი, რომ ბანდისგან თავი შორს უნდა დამეჭირა. ეს არ იყო მარტივი, მაგრამ იეჰოვას დახმარებით ამის გაკეთება შევძელი.

ჩემს სიცოცხლეში პირველად დავიწყე საკუთარი მოქმედებების გაკონტროლება

ფიზიკურადაც განვიწმინდე. დიდი ბრძოლის ფასად თავი დავანებე სიგარეტსა და ნარკოტიკებს. გრძელი თმა შევიჭერი, საყურეები მოვიხსენი და გინებასაც გადავეჩვიე. ჩემს სიცოცხლეში პირველად დავიწყე საკუთარი მოქმედებების გაკონტროლება.

კითხვა და სწავლა არასოდეს მყვარებია. ამიტომ ჩემთვის ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა ბიბლიის შესწავლის დროს წაკითხულზე კონცენტრირება. მაგრამ თავს ძალას ვატანდი და გამომდიოდა; შედეგად იეჰოვა შემიყვარდა. ვგრძნობდი, რომ ჩემში რაღაც ხდებოდა — სინდისმა გაიღვიძა. ხშირად უარყოფითი ფიქრები მომდიოდა თავში, ვეჭვობდი, რომ იეჰოვა ოდესმე მაპატიებდა ყველა ჩადენილ ბოროტებას. ასეთ დროს დიდ შვებას მგვრიდა იმის წაკითხვა, თუ როგორ აპატია იეჰოვამ მეფე დავითს სერიოზული ცოდვები (2  სამუელი 11:1—12:13).

კიდევ ერთი სირთულე კარდაკარ ქადაგება იყო (მათე 28:19, 20). მეშინოდა ისეთ ვინმეს არ გადავყროდი, ვისაც ადრე რაიმე სახის ზიანი მივაყენე. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს შიში დავძლიე. დიდ კმაყოფილებას ვიღებდი, როცა ადამიანებს ვუყვებოდი დიდებული ზეციერი ღმერთის შესახებ, რომელიც დიდსულოვნად პატიობს ცოდვებს.

კურთხევები:

იეჰოვამ გადამარჩინა. ჩემი ყოფილი მეგობრებიდან უმეტესობა მკვდარია ან ციხეშია, მაგრამ მე აზრით სავსე ცხოვრება და მომავლის იმედი მაქვს. ვისწავლე თავმდაბლობა და მოთმინება. თუ ადრე გამძვინვარებული ვულკანივით ვიცოდი გაგიჟება და გაშმაგება, ახლა მშვიდი გავხდი. ასეთი ცვლილებების გამო დღეს გარშემომყოფ ადამიანებთან უკეთესი ურთიერთობა მაქვს. მყავს შესანიშნავი მეუღლე, კარმენი, რომელთანაც თავს ბედნიერად ვგრძნობ. ორივეს დიდ სიხარულს გვანიჭებს სხვებთან ბიბლიურ თემებზე საუბარი.

დღეს უკვე პატიოსანი კაცი ვარ. ბანკებთან დღემდე მაქვს საქმე, ოღონდ კი არ ვძარცვავ, არამედ მათ სისუფთავეზე ვზრუნავ.