ნაწილი 4
როგორ განვკარგოთ ოჯახის ბიუჯეტი
„რჩევის გარეშე გეგმები ჩაიშლება“ (იგავები 20:18).
ოჯახის შესანახად ფული ყველას გვჭირდება (იგავები 30:8). ბიბლიაში ნათქვამია, რომ ფული იცავს კაცს (ეკლესიასტე 7:12). შეიძლება მეუღლესთან ფულზე საუბარი გარკვეულ უხერხულობას იწვევდეს, მაგრამ არ დაუშვათ, რომ ამის გამო ოჯახში პრობლემები შეგექმნათ (ეფესოელები 4:32). ცოლ-ქმარი ერთმანეთს უნდა ენდობოდეს და ერთად უნდა წყვეტდეს, როგორ განკარგოს ოჯახის ბიუჯეტი.
1. დაგეგმეთ
ბიბლიის თვალსაზრისი: „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, ეყოფა თუ არა სახსრები მის დასამთავრებლად?“ (ლუკა 14:28). ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად დაგეგმოთ, რაში დახარჯავთ ფულს (ამოსი 3:3). ერთად გადაწყვიტეთ, რა გჭირდებათ და რამდენის დახარჯვა შეგიძლიათ (იგავები 31:16). თუ ფული გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც უნდა დახარჯოთ. ნუ დაიდებთ ვალს; მხოლოდ იმდენი დახარჯეთ, რამდენსაც თქვენი შემოსავალი გაწვდება (იგავები 21:5; 22:7).
როგორ უნდა მოიქცეთ:
-
თუ თვის ბოლოს თანხა მოგრჩებათ, ერთად იმსჯელეთ, რაში გამოიყენებთ.
-
თუ ფინანსურად გიჭირთ, ხარჯების შესამცირებლად კონკრეტული გეგმა შეადგინეთ. მაგალითად, კაფეში ან რესტორანში კი ნუ მიირთმევთ, სახლში მოამზადეთ კერძები.
2. იყავით გულწრფელი და რეალისტი
ბიბლიის თვალსაზრისი: „მხოლოდ იეჰოვას წინაშე კი არ უნდა ვაკეთოთ ყველაფერი პატიოსნად, არამედ ადამიანთა წინაშეც“ (2 კორინთელები 8:21). არ დაუმალოთ თქვენს მეორე ნახევარს, რამდენს გამოიმუშავებთ და რამდენს ხარჯავთ.
ვიდრე რაიმე ძვირადღირებულს შეიძენთ, გაიგეთ მეუღლის აზრი (იგავები 13:10). თუ ბიუჯეტს ერთად განკარგავთ, ოჯახში მშვიდობას შეინარჩუნებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი შემოსავალი მხოლოდ თქვენ კი არა, მთელ ოჯახს ეკუთვნის (1 ტიმოთე 5:8).
როგორ უნდა მოიქცეთ:
-
წინასწარ ისაუბრეთ, რა რაოდენობის თანხის დახარჯვა შეგიძლიათ შეთანხმების გარეშე.
-
ფინანსურ საკითხებზე მანამდე შეთანხმდით, სანამ ეს პრობლემად გექცევათ.