არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბრაზილია: ვალდირა მობილური ტელეფონით სწავლობს ბიბლიას სანთლის შუქზე

ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

ამერიკა

ამერიკა
  • ქვეყნები 57

  • მოსახლეობა 982 501 976

  • მაუწყებლები 4 102 272

  • ბიბლიის შესწავლები 4 345 532

შესწავლა მინდორში სანთლის შუქზე

ერთმა წყვილმა, რომელიც ბრაზილიის ერთ-ერთ დაშორებულ ტერიტორიაზე სპეციალურ პიონერად მსახურობს, შეიტყო, რომ იქ ერთი ქალბატონი, სახელად ვალდირა, 13 წლის წინ ბიბლიას სწავლობდა. მათ ვალდირას საპოვნელად მტვრიანი გზის გავლა და საკმაოდ სახიფათო მდინარის გადაკვეთა მოუწიათ. ბოლოს, როცა ერთმანეთს შეხვდნენ, აღმოჩნდა, რომ მას შესწავლის განახლების ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა. რადგანაც ვალდირა მიყრუებულ ადგილას ცხოვრობდა, შესწავლის ჩასატარებლად სხვა ხერხისთვის უნდა მიემართათ: გადაწყვიტეს, შესწავლა ტელეფონით ჩაეტარებინათ. მაგრამ ერთადერთი ადგილი, სადაც ტელეფონი სიგნალს კარგად იჭერდა, ვალდირას სახლიდან საკმაოდ შორს მდებარე მინდორი იყო; თანაც მას მხოლოდ საღამოს 9 საათის შემდეგ ეცალა. წარმოიდგინეთ, ღამე ტრიალ მინდორში ახალგაზრდა ქალი ტელეფონით ხელში მარტო ზის და სანთლის შუქზე ბიბლიას სწავლობს.

ტელეფონით ვალდირა კვირა დღეს გამართულ კრების შეხვედრებსაც ისმენს. კრების დღეს მინდორში მას თან მიაქვს ბიბლია, „საგუშაგო კოშკი“ და სიმღერების წიგნი. ის წვიმიან ამინდსაც არ ეპუება და ქოლგით ხელში მიეშურება ხოლმე კრების შეხვედრების მოსასმენად.

მარტში ვალდირა დაახლოებით 100 კილომეტრით მოშორებულ ადგილობრივ სამეფო დარბაზში დაესწრო სპეციალურ შეხვედრას, სადაც გამოცხადდა, რომ პორტუგალიურ ენაზე გამოიცა ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. მან ძალიან გაიხარა, როდესაც ერთი ეგზემპლარი მასაც მისცეს. როცა და-ძმები იმ ძალისხმევისთვის აქებდნენ, რასაც ის ბიბლიის შესწავლას ახმარდა, იგი პასუხობდა: „რას ამბობთ, ეს ჩემთვის არც ისე რთულია!“.

„ვიცოდი, რომ ერთ დღესაც მოხვიდოდით“

იუკპა ამერიკელ ინდიელთა ერთ-ერთი ტომია, რომელიც კოლუმბიაში მკვიდრობს. სპეციალურ პიონერს, ფრანკს, რომელიც ერთ-ერთ მათ დასახლებაში ქადაგებას აპირებდა, უთხრეს, რომ ფრთხილად ყოფილიყო, ვინაიდან ადგილობრივი ტომის ბელადს, ჯონ ხიროს, იქიდან კინწისკვრით გაუყრია საქადაგებლად მისული ევანგელისტური ჯგუფები. ერთხელ ჯონს ევანგელისტური ეკლესიის ერთი მსახური, რომელიც მოსახლეობისგან შესაწირავს აგროვებდა, სოფლიდან იარაღის მუქარით გაუგდია — თურმე გაქცეულს უკან გაჰკიდებია და ჰაერში რამდენჯერმე უსვრია.

კოლუმბია: ფრანკი, სპეციალური პიონერი, ბიბლიის შესწავლას ატარებს იუკპას ტომის ხალხთან

ფრანკი გვიყვება: «როდესაც სოფელში შევედით, პირველი, ვინც მოგვისმინა, არც მეტი, არც ნაკლები, ჯონ ხიროს ქალიშვილი იყო. როგორც კი მას წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ვუჩვენეთ, წამოიძახა: „აი, სწორედ ამ რელიგიის წევრი მინდა ვიყო!“, შემდეგ გაიქცა, რომ მამამისისთვის ჩვენი მისვლის შესახებ ეცნობებინა. ჯონ ხირომ მაშინვე თავისთან მიგვიხმო. ცოტა არ იყოს, ავნერვიულდით. სანამ რამის თქმას მოვახერხებდით, მან გვითხრა: „ვიცი, რომ თქვენი რელიგია ჭეშმარიტია. რვა წლის წინ ბესერილში ნაგავსაყრელზე ზუსტად ისეთი წიგნი ვიპოვე, ჩემს ქალიშვილს რომ მიეცით. წიგნი წავიკითხე და მას შემდეგ სულ თქვენს მოლოდინში ვარ. ვიცოდი, რომ ერთ დღესაც მოხვიდოდით. მინდა, ბიბლია შეგვასწავლოთ მე, ჩემს ოჯახს და მთელ სოფელს. ყველა სახლის კარი თქვენთვის ღია იქნება“.

მის სიტყვებზე ცრემლი მოგვერია. ჩვენ მოსასმენად მთელი სოფელი შეიკრიბა. ჯონ ხირო მათ ჩვენს ნათქვამს უთარგმნიდა. როცა წამოსვლა დავაპირეთ, ბარგის წამოსაღებად მან თავისი სახედარი გვათხოვა. დღეს იუკპა ხალხის რამდენიმე სოფელში 47 ბიბლიის შესწავლას ვატარებთ 120 ადამიანთან, მათ შორის ჯონ ხიროსა და მის ქალიშვილთან».

მდევნელი შეხედულებას იცვლის

ხოსე, ერთ დროს თავგამოდებული კათოლიკე, ეკვადორში ცხოვრობს. ის წერს: «იეჰოვას მოწმეების დაუძინებელი მტერი ვიყავი. მთელი 10 წელი მათ მოსვენებას არ ვაძლევდი. ხან ბრბოს დავასევდი და ფიზიკურად ვუსწორდებოდი, ხანაც ქურდობას ვაბრალებდი. შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში მივდიოდი და დაჟინებით ვითხოვდი, რომ ჩემი ხელით დამედო ბოქლომი მათი საკნისთვის. ერთხელ ერთ მოწმეს მანქანა დავუმტვრიეთ, სხვა დროს კი, ერთი მათგანის მოტოციკლი ხევში გადავაგდეთ.

2010 წელს „ღორის გრიპი“ შემეყარა. ექიმმა კატეგორიულად მითხრა, რომ დამეტოვებინა ანდები და გამოსაჯანმრთელებლად სადმე ზღვის სანაპიროსთან ახლოს დავსახლებულიყავი, სადაც უფრო თბილი კლიმატია. მეც ავდექი და ნათესავის ბინაში გადავსახლდი, რომელსაც პატარა მიწის ნაკვეთი ჰქონდა. იქ მიწის დამუშავებაც დავიწყე. სიმარტოვის გამო ადამიანებთან საუბარს ვიყავი მონატრებული. და იცით, ვინ იყვნენ პირველები, ვინც ჩემთან მოვიდნენ? იეჰოვას მოწმეები! მათ მხოლოდ იმიტომ მოვუსმინე, რომ ურთიერთობას ვიყავი მონატრებული. გაოცებული დავრჩი, როცა დავინახე, რა მარჯვედ იყენებდნენ ბიბლიას. ცნობისმოყვარეობის გამო ბიბლიის შესწავლაზე დავთანხმდი. ექვსი თვის მერე კრების შეხვედრასაც დავესწარი. ჩემ მიმართ ყველა ისეთ სითბოს და ყურადღებას ავლენდა, რომ გავიფიქრე, იქნებ მართლა ესენი არიან-თქო ღვთის ჭეშმარიტი მსახურები?! ამის შემდეგ სულიერად წინ წავიწიე და 2014 წლის აპრილში მოვინათლე.

სინდისი მქენჯნიდა, როცა მახსენდებოდა, რა დღეში ვაგდებდი მოწმეებს. თუმცა იეჰოვამ იმის შესაძლებლობა მომცა, რომ ცოტათი მაინც გამომესწორებინა დანაშაული. 2014 წლის 4 ოქტომბერს გამართულ სარაიონო კონგრესზე ჩემგან, როგორც ყოფილი მოწინააღმდეგისგან, ინტერვიუ აიღეს და მკითხეს, შესაძლებლობა რომ მოგცემოდა, ყველაზე მეტად ვისთვის ისურვებდი ბოდიშის მოხდასო. არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე, პირველ რიგში, ძმა ედმუნდოს მოვუბოდიშებდი, მაგრამ არ ვიცი, სად ვიპოვო-მეთქი. რას ვიფიქრებდი, თუ სარაიონო ზედამხედველს ედმუნდო იქვე, კულისებში, ეყოლებოდა. ყველა ატირდა, როცა მე და ედმუნდო სცენაზე ერთმანეთს გადავეხვიეთ და ავქვითინდით».

„იეჰოვა, გთხოვ აპოვნინე შენს მოწმეებს ჩემი თავი“

პარაგვაი: ქალი, რომელმაც დებს ჰკითხა, იეჰოვას მოწმეები ხომ არა ხართო

ზაფხულის თაკარა მზეში პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში დებმა, რომლებიც ჯგუფურად ქადაგებდნენ, დაასრულეს მათთვის გამოყოფილი ტერიტორიის დამუშავება, მაგრამ იქაურობის დატოვებამდე, გადაწყვიტეს, ბოლო ძალები მოეკრიბათ და ახლომახლო კიდევ რამდენიმე კარზე დაეკაკუნებინათ. ერთმა მოწმემ ისიც კი თქვა: „რა ვიცით, იქნებ ვინმე ლოცულობს კიდეც“. ქუჩის კუთხეში მდგარ სახლთან ახალგაზრდა ქალი დახვდათ, დებს ღიმილით მიესალმა და ჰკითხა, იეჰოვას მოწმეები ხომ არა ხართო. ქალბატონმა მათ უთხრა, რომ ერთი თვის წინ სამსახურის გამო ბოლივიიდან პარაგვაიში მოუწია ჩამოსვლა. აღმოჩნდა, რომ ბოლივიაში ის ბიბლიას სწავლობდა, მაგრამ აქ, თავის ახალ სამეზობლოში, არავინ იცოდა, სად შეიძლებოდა მოწმეების ნახვა. ამიტომ იგი ლოცულობდა: „იეჰოვა, გთხოვ აპოვნინე შენს მოწმეებს ჩემი თავი“. დები ზუსტად იმ დღეს მივიდნენ მასთან და ბიბლიის შესწავლაც განახლდა.