შეუძლია ეშმაკს ადამიანების თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა?
ბიბლია გვპასუხობს:
ეშმაკი და დემონები იმდენად დიდ გავლენას ახდენენ ადამიანებზე, რომ ბიბლია ამბობს: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რა მეთოდებს მიმართავს ეშმაკი, რომ ადამიანები თავის გავლენაში მოაქციოს.
სიცრუე. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, „მტკიცედ დაუდგნენ ეშმაკის ხრიკებს“ (ეფესოელები 6:11). მისი ერთ-ერთი ხრიკია, ადამიანებს დააჯეროს, რომ მისი მსახურები სინამდვილეში ღვთის მსახურები არიან (2 კორინთელები 11:13—15).
სპირიტიზმი. ეშმაკს ადამიანები შეცდომაში შეჰყავს მედიუმების, მკითხავების და ასტროლოგების მეშვეობით (კანონი 18:10—12). გარდა ამისა, ნარკოტიკები, ჰიპნოზი და მედიტაცია, რომელიც გონებას ყოველგვარი ფიქრისგან ათავისუფლებს, ადამიანებს ეშმაკის გავლენის ქვეშ აქცევს (ლუკა 11:24—26).
ცრუ რელიგია. რელიგიები, რომელიც ცრუ მოძღვრებებს ასწავლიან, ადამიანებს ღვთისადმი დაუმორჩილებლობისკენ უბიძგებენ (1 კორინთელები 10:20). ბიბლია ასეთ ცრუ მოძღვრებებს „დემონურ სწავლებებს“ უწოდებს (1 ტიმოთე 4:1).
დემონებით შეპყრობა. ბიბლიაში ჩაწერილია შემთხვევები, როდესაც ბოროტ სულებს ადამიანები თავის გავლენაში ჰყავდათ მოქცეული. დემონებით შეპყრობილი ადამიანები ზოგჯერ უსინათლოები ან მუნჯები იყვნენ, ზოგი კი საკუთარ თავსაც აყენებდა ზიანს (მათე 12:22; მარკოზი 5:2—5).
რა გავაკეთოთ, რომ ეშმაკის გავლენაში არ მოვექცეთ
თქვენ არ უნდა გეშინოდეთ დემონების, რადგან ბიბლია დაგეხმარებათ, გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ გაუწიოთ ეშმაკს წინააღმდეგობა:
ისწავლეთ ეშმაკის მეთოდების ამოცნობა, „რადგან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები“ (2 კორინთელები 2:11).
შეისწავლეთ ბიბლია და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენეთ. ბიბლიური პრინციპების გამოყენება ეშმაკის ზეგავლენისგან დაგიცავთ (ეფესოელები 6:11—18).
თავიდან მოიშორეთ ყველაფერი, რაც დემონიზმს უკავშირდება (საქმეები 19:19). ეს შეიძლება იყოს მუსიკა, წიგნები, ჟურნალები, პლაკატები და ფილმები, რომლებიც სპირიტიზმში მონაწილეობისკენ უბიძგებს ადამიანებს.