რატომ მოკვდა იესო?
ბიბლია გვპასუხობს
იესოს სიკვდილმა ცოდვისგან დაგვიხსნა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცა (რომაელები 6:23; ეფესოელები 1:7). გარდა ამისა, იესომ თავისი სიკვდილით დაამტკიცა, რომ ურთულესი გამოცდების მიუხედავად, ადამიანს შეუძლია ბოლომდე უერთგულოს ღმერთს (ებრაელები 4:15).
მოდი, გავიგოთ, როგორ გახდა ეს ყოველივე შესაძლებელი ერთი ადამიანის სიკვდილით.
იესოს სიკვდილით „მოგვეტევა ჩვენი ცოდვები“ (კოლოსელები 1:14).
პირველი ადამიანი ადამი ღმერთმა სრულყოფილი, უცოდველი შექმნა. თუმცა მოგვიანებით ის შეგნებულად ეურჩა ღმერთს და ცოდვილი გახდა, რითაც მთელ კაცობრიობას დიდი დაღი დაასვა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ერთი კაცის ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი“ (რომაელები 5:19).
ადამის მსგავსად იესოც სრულყოფილი იყო, თუმცა მას არასოდეს შეუცოდავს. ამიტომაც გახდა ის შერიგების მსხვერპლი ჩვენი ცოდვებისთვის (1 იოანე 2:2). მართალია, ადამის ურჩობამ მთელი კაცობრიობა ცოდვით დაალაქავა, მაგრამ იესოს სიკვდილს შეუძლია ცოდვის ლაქები მოაშოროს მათ, ვინც მის მიმართ რწმენას გამოავლენს.
შეიძლება ითქვას, რომ ადამმა მთელი კაცობრიობა ცოდვას მიჰყიდა. იესომ კი, რომელმაც საკუთარი ნებით გაიღო სიცოცხლე ჩვენთვის, ცოდვისგან გამოგვისყიდა და თავის საკუთრებად გვაქცია. ამიტომ „თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს დამხმარე მამასთან, მართალი იესო ქრისტე“ (1 იოანე 2:1).
იესო მოკვდა, „რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).
ადამს შეეძლო მარადიულად ეცოცხლა, მაგრამ იმის გამო, რომ შესცოდა, სიკვდილი დაიტეხა თავს. ადამის „მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12).
იესოს სიკვდილი კი არა მარტო წაშლის ყოველგვარ ცოდვის კვალს, არამედ სიკვდილის ტყვეობისგანაც დაიხსნის ყველას, ვინც რწმენას ავლენს მის მიმართ. ბიბლია გვიხსნის: „როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილთან ერთად, ისევე რომ ემეფა წყალობას სიმართლის საშუალებით მარადიული სიცოცხლისთვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით“ (რომაელები 5:21).
მართალია, დღეს ყველა ბერდება და კვდება, მაგრამ ღმერთი მართალ ადამიანებს მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდება. ხოლო გარდაცვლილებს ის სიცოცხლეს დაუბრუნებს, რათა მათაც გაიხარონ იმ კურთხევებით, რომლებიც იესოს მსხვერპლს მოაქვს (ფსალმუნი 37:29; 1 კორინთელები 15:22).
იესო „მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე“, რითაც დაამტკიცა, რომ ადამიანს ურთულესი განსაცდელების პირისპირაც კი შეუძლია ღვთის ერთგული დარჩეს (ფილიპელები 2:8).
ადამს სრულყოფილი სხეული და გონება ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მან ღმერთს უორგულა — ის მოისურვა, რაც მას არ ეკუთვნოდა (დაბადება 2:16, 17; 3:6). მოგვიანებით ღვთის მთავარმა მტერმა სატანამ განაცხადა, რომ უანგაროდ ღმერთს არავინ უერთგულებდა, მეტადრე, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა (იობი 2:4). თუმცაღა სრულყოფილი იესო ღმერთს დაემორჩილა და დამამცირებელი და მოწამებრივი სიკვდილის პირისპირაც კი მისი ერთგული დარჩა (ებრაელები 7:26). ამით იესომ პასუხი გასცა სატანის ბრალდებას და დაამტკიცა, რომ ნებისმიერი განსაცდელის დროს ადამიანს შეუძლია ღმერთს უერთგულოს.
კითხვები იესოს სიკვდილთან დაკავშირებით
რატომ გახდა საჭირო იესოს ტანჯვით სიკვდილი კაცობრიობის გამოსასყიდად? არ შეეძლო ღმერთს უბრალოდ გაეუქმებინა ადამისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი?
ღვთის კანონის თანახმად, „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელები 6:23). ადამმა კარგად იცოდა ეს კანონი, ვინაიდან ღმერთს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ დაუმორჩილებლობას სიკვდილი მოჰყვებოდა (დაბადება 3:3). ამიტომ, როცა ადამმა შესცოდა, ღმერთმა, „რომელმაც შეუძლებელია, იცრუოს“, შეასრულა თავისი სიტყვა (ტიტე 1:2). ადამმა თავის შთამომავლებს არა მხოლოდ ცოდვა, არამედ ცოდვის საზღაური — სიკვდილიც უსახსოვრა.
მართალია, ცოდვილი კაცობრიობა სიკვდილს იმსახურებს, მაგრამ ღმერთმა თავისი „წყალობის სიუხვით“ დაგვიხსნა ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისგან (ეფესოელები 1:7). ღმერთმა უსაზღვრო სამართლიანობა და გულმოწყალება გამოავლინა იმით, რომ კაცობრიობის გამოსასყიდად იესო გაიღო მსხვერპლად.
როდის მოკვდა იესო?
იესო მოკვდა მზის ამოსვლიდან მეცხრე საათისთვის, დაახლოებით შუადღის სამ საათზე, იმ დღეს, როცა ებრაელები პასექს აღნიშნავდნენ (მარკოზი 15:33—37, სქოლიო). თანამედროვე კალენდრის მიხედვით, ეს მოხდა ახ. წ. 33 წლის 1 აპრილს, პარასკევს.
სად მოკვდა იესო?
იესო აწამეს და მოკლეს „ეგრეთ წოდებულ თხემის ადგილზე, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ეწოდება“ (იოანე 19:17, 18). ეს ადგილი იერუსალიმის „კარიბჭის გარეთ“ მდებარეობდა (ებრაელები 13:12). შესაძლოა ეს მოხდა გორაკზე, რადგან ბიბლიაში წერია, რომ ზოგიერთები იესოს სიკვდილით დასჯას „შორიდან ... უყურებდნენ“ (მარკოზი 15:40). თუმცა დღეს გოლგოთას ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.
როგორ მოკვდა იესო?
ბევრს სწამს, რომ იესო ჯვარს აცვეს. მაგრამ, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, იესომ „ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ძელზე“ (1 პეტრე 2:24, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ბიბლიის დამწერები ორი ბერძნული სიტყვით მოიხსენიებენ იმას, რაზეც იესო აწამეს. ესენია: სტავროს და ქსილონ. არაერთი ბიბლეისტი მიიჩნევს, რომ ეს სიტყვები ხის ერთი ნაჭრისგან დამზადებულ ბოძს ან სწორ ძელს ნიშნავს.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ ყოველთვის გვახსოვდეს იესოს სიკვდილი?
ებრაელების ყოველწლიური პასექის აღნიშვნისას იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა და მის მოწაფეებს ასეთი მითითება მისცა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (1 კორინთელები 11:24). ამ სიტყვების წარმოთქმიდან რამდენიმე საათში იესო აწამეს და მოკლეს.
ბიბლიაში იესო შედარებულია საპასექო კრავს (1 კორინთელები 5:7). პასექის დღესასწაული ისრაელებს ეგვიპტის ტყვეობიდან გათავისუფლებას შეახსენებდა. ხოლო იესოს სიკვდილის გახსენების საღამო შეგვახსენებს, რომ ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობიდან ვართ დახსნილი. მთვარის კალენდრის მიხედვით, პასექი ყოველწლიურად 14 ნისანს აღინიშნებოდა. შესაბამისად, პირველი ქრისტიანებიც წელიწადში ერთხელ აღნიშნავდნენ ამ დღეს.
ყოველწლიურად, სწორედ იმ დღეს, რომელიც 14 ნისანს შეესაბამება, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი აღნიშნავს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს.