როგორ მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები?
ბიბლია გვპასუხობს:
ბიბლია დიდ დახმარებას გვიწევს გადაწყვეტილებების მიღების დროს. ის გვეხმარება, შევიძინოთ სიბრძნე და გონიერება (იგავები 4:5). ზოგჯერ ბიბლიაში პირდაპირ წერია, რა იქნება სწორი გადაწყვეტილება, ზოგჯერ კი მასში სახელმძღვანელო პრინციპებია მოცემული.
ამ სტატიაშია:
6 რჩევა გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად
ნაჩქარევად ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას. ბიბლიაში ნათქვამია: „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). თუ ნაჩქარევად მიიღებთ გადაწყვეტილებას, შეიძლება მნიშვნელოვანი მხარეები გამოგრჩეთ მხედველობიდან. ამიტომ კარგად აწონ-დაწონეთ ყველა შესაძლო ვარიანტი (1 თესალონიკელები 5:21).
მხოლოდ ემოციებისა და გრძნობების საფუძველზე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ გულის კარნახით მოქმედებას ყოველთვის არ მოაქვს კარგი შედეგი (იგავები 28:26; იერემია 17:9). მაგალითად, შეიძლება გაგვიჭირდეს სწორი გადაწყვეტილების მიღება, როცა გაბრაზებულები, გულგატეხილები, გულდამძიმებულები, განერვიულებულები ან ძალიან დაღლილები ვართ (იგავები 24:10; 29:22).
ილოცეთ. ღმერთს სიამოვნებს, როცა გადაწყვეტილებების მიღების დროს სიბრძნეს ვთხოვთ. მისი სურვილია, თავიდან აგვარიდოს ზედმეტი პრობლემები (იაკობი 1:5). „სიბრძნეს იეჰოვა a იძლევა; მისი ბაგიდან გამოდის ცოდნა და გამჭრიახობა“ — ვკითხულობთ ბიბლიაში, რომელიც ღვთის სიბრძნის უმთავრესი წყაროა (იგავები 2:6; 2 ტიმოთე 3:16, 17).
მოიძიეთ ინფორმაცია. სწორი გადაწყვეტილების მიღება რომ შევძლოთ, სანდო ინფორმაცია უნდა გვქონდეს. ბიბლიაში წერია: „ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის“ (იგავები 1:5). სად შეგვიძლია სანდო ინფორმაციის მოძიება?
პირველ რიგში გაიგეთ, ბიბლიაში რა არის ნათქვამი თქვენთვის აქტუალურ საკითხზე, რადგან ყველაზე სანდო რჩევებს ამ წიგნში ვხვდებით. ბიბლიის ავტორი ხომ ჩვენი შემოქმედია და მან ყველაზე უკეთ იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო (ფსალმუნი 25:12). ზოგჯერ ბიბლიაში პირდაპირ წერია, რა იქნება სწორი გადაწყვეტილება. მაგალითად, მასში მოცემულია კანონები და მცნებები (ესაია 48:17, 18). თუმცა ბიბლია ყველა საკითხზე არ გვაძლევს კონკრეტულ მითითებას. ზოგ შემთხვევაში მასში შეგვიძლია სახელმძღვანელო პრინციპები ვნახოთ, რომლის საფუძველზეც ორმა ადამიანმა შეიძლება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისი ბიბლიური პრინციპების მოძებნაში დიდ დახმარებას გაგიწევთ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული არაერთი სტატია თუ პუბლიკაცია, რომლებიც სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი. b
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სხვა სანდო წყაროების მოძიება დაგჭირდეთ. მაგალითად, სანამ რაიმე ნივთს შეიძენთ, კარგი იქნება, თუ მეტ ინფორმაციას მოიძიებთ როგორც თავად ამ ნივთის, ისე მწარმოებლის შესახებ. ისიც უნდა გაიგოთ, მოჰყვება თუ არა გარანტია და რა შემთხვევაში იბრუნებენ ნივთს.
ბიბლიაში ნათქვამია: „თათბირის გარეშე გეგმები ჩაიშლება (იგავები 15:22). ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე სანდო ადამიანებსაც დაეკითხეთ რჩევა. მაგალითად, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, გონივრული იქნება, თუ რჩევისთვის ექიმს მიმართავდით (მათე 9:12). ზოგ შემთხვევაში შეგიძლიათ იმ ადამიანებს ჰკითხოთ აზრი, ვინც თავის დროზე თქვენს მსგავს სიტუაციაში იყო. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ, რადგან ეს თქვენს ცხოვრებაზე აისახება (გალატელები 6:4, 5).
კარგად აწონ-დაწონეთ. შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოწერეთ თქვენი ვარიანტების სია. აგრეთვე, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. კარგად დაფიქრდით, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მიღებულ გადაწყვეტილებას (კანონი 32:29). მაგალითად, როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება თქვენზე, თქვენს ოჯახის წევრებსა თუ სხვებზე (იგავები 22:3; რომაელები 14:19). ამ საკითხებზე და ბიბლიურ რჩევებზე დაფიქრება დაგეხმარებათ, გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოთ.
მიიღეთ გადაწყვეტილება. ზოგჯერ შეიძლება თავს ვიკავებდეთ გადაწყვეტილების მიღებისგან, რადგან არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. ამის გამო შეიძლება კარგი შანსი გავუშვათ ხელიდან ან არასახარბიელო სიტუაციაში ჩავვარდეთ. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, მერყეობა შეიძლება ცუდი გადაწყვეტილების ტოლფასი იყოს. ბიბლიიდან კარგად ჩანს, რამდენად ცუდია მერყეობა. მასში ნათქვამია: „ვინც ქარს შეჰყურებს, თესლს ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერ მოიმკის“ (ეკლესიასტე 11:4).
ერთიც გახსოვდეთ: საუკეთესო გადაწყვეტილებაც ვერ იქნება უნაკლო, რადგან ხშირად ერთ რაღაცას მეორე ეწირება. გარდა ამისა, შეიძლება გაუთვალისწინებელმა მოვლენებმაც იჩინოს თავი (ეკლესიასტე 9:11). ასე რომ, გაეცანით თქვენს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას და ამის შემდეგ ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიეთ.
გონივრულია მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა?
ზოგჯერ შეიძლება გადაწყვეტილების შეცვლა გონივრული იყოს. მაგალითად, შეიძლება სიტუაცია შეგეცვალოთ ან გარკვეული ხნის შემდეგ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არასასურველი შედეგი გამოიღოს. ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ შეაფასებთ შექმნილ მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში შეცვლით გადაწყვეტილებას.
თუმცა ცხოვრებაში ისეთ გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ, რომლებიც არასდროს უნდა შეიცვალოს (ფსალმუნი 15:4). მაგალითად, ღმერთი მოელის, რომ დაქორწინებულები საქორწინო აღთქმას შეასრულებენ (მალაქია 2:16; მათე 19:6). c შესაბამისად, როცა ქორწინებაში პრობლემები იჩენს თავს, ცოლ-ქმარი გამოსავალს განქორწინებაში არ უნდა ხედავდეს. ისინი ყველანაირად უნდა ეცადონ, მოაგვარონ ნებისმიერი სირთულე.
როგორ უნდა მოვიქცე, თუ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე და ვეღარაფერს ვცვლი?
არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს (იაკობი 3:2). დროდადრო ყველა ვუშვებთ შეცდომას, რაც ზოგჯერ სანანებელი გვიხდება (ფსალმუნი 69:5). სინანული გარკვეულწილად კარგიცაა, რადგან ეს გვეხმარება, მომავალში იგივე შეცდომა აღარ გავიმეოროთ (იგავები 14:9). მაგრამ თავს ზედმეტად ნუ დაიდანაშაულებთ, რადგან ეს შეიძლება თქვენს ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახოს (2 კორინთელები 2:7). d ბიბლიაში წერია, რომ „იეჰოვა გულმოწყალე და თანამგრძნობია“ (ფსალმუნი 103:8—13). ასე რომ, ისწავლეთ დაშვებულ შეცდომებზე და, იმავდროულად, რაც შეგიძლიათ, ყველაფერი გააკეთეთ სიტუაციის გამოსასწორებლად.
a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).
b ჩვენს ვებგვერდზე არაერთ საკითხზეა მოცემული ბიბლიური რჩევები. მათ მოსაძებნად საძიებო ველში შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო სიტყვა ან ფრაზა ჩაწეროთ. გარდა ამისა, კონკრეტულ სიტყვებთან დაკავშირებით ბიბლიური მუხლების მოძებნა შეგიძლიათ „ბიბლიური სიტყვების საძიებლის“ მეშვეობით, რომელიც თან ერთვის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“.
c ღვთის ნებაა, რომ ცოლ-ქმარი სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყოს. ის დაქორწინებულებს მხოლოდ ღალატის შემთხვევაში აძლევს გაყრის ან ხელახლა ქორწინების უფლებას (მათე 19:9). თუ მეუღლესთან პრობლემები გაქვთ, ბიბლიაში მოცემული რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ, გაამყაროთ თქვენი ქორწინება.
d დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია: „შეუძლია ბიბლიას თქვენი ნუგეშისცემა, თუკი დანაშაულის გრძნობამ მოსვენება დაგიკარგათ?“.