ტურინის სუდარაში იყო გახვეული იესოს ცხედარი?
ბიბლიის თვალსაზრისი:
ტურინის სუდარა ბიბლიაში არ არის მოხსენიებული. ის არის ქსოვილის ნაჭერი, რომელშიც ბევრის აზრით, სიკვდილის შემდეგ იესო ქრისტეს სხეული იყო გახვეული. ასეთი შეხედულებიდან გამომდინარე, სუდარა ქრისტიანულ სამყაროში უმთავრეს, წმინდა რელიკვიად არის მიჩნეული. სუდარა იტალიაში, ქალაქ ტურინის საკათედრო ტაძარში დღემდე საგულდაგულოდ არის დაცული.
მხარს უჭერს ბიბლია იმ აზრს, რომ იესოს ცხედარი ნამდვილად ტურინის სუდარაში გაახვიეს? არა.
განვიხილოთ სუდარის შესახებ სამი ფაქტი და ვნახოთ, ეთანხმება თუ არა ისინი ბიბლიას.
სუდარა არის 442 სმ. სიგრძისა და 113 სმ. სიგანის ერთი მთლიანი ქსოვილი, რომელსაც სიგრძეზე მიკერებული აქვს 8 სანტიმეტრიანი სიგრძის ზოლი.
ბიბლიის თვალსაზრისი: იესოს ცხედარი ქსოვილის ერთ მთლიან ნაჭერში კი არ იყო შეხვეული, არამედ რამდენიმე გრძელ სახვევში. მას თავზე სხვა ქსოვილი ეფარა. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მისი ერთ-ერთი მოციქული ცარიელ სამარხში შევიდა და „დაინახა დაყრილი სახვევები და ნაჭერი, რომელიც იესოს თავზე ეფარა. ის სახვევებთან კი არ ეგდო, არამედ ცალკე, ერთ ადგილას იდო დახვეული“ (იოანე 20:6, 7).
სუდარაზე გამოსახული ნიშნები, სავარაუდოდ, სისხლის ლაქებია, რომლებიც დაუბანელი ცხედრიდან არის გადასული.
ბიბლიის თვალსაზრისი: იესოს სიკვდილის შემდეგ მოწაფეებმა მისი სხეული მოამზადეს „დასაკრძალავად მომზადების ჩვეულების თანახმად, რომელიც იუდეველებს აქვთ“ (იოანე 19:39—42). ამ ჩვეულების თანახმად დაკრძალვამდე ცხედარი უნდა დაებანათ და სურნელოვანი მცენარეებით და ნელსაცხებლით დაემუშავებინათ (მათე 26:12; საქმეები 9:37). აქედან გამომდინარე, სახვევებში გახვევამდე იესოს მოწაფეები მის ცხედარს აუცილებლად დაბანდნენ.
სუდარა „თავზე გადადიოდა და მთლიანად ფარავდა სხეულს. ამიტომ ერთ ნახევარ სიგრძეზე აღბეჭდილია მამაკაცის გამოსახულება წინა მხრიდან, ხოლო მეორე ნახევარზე — უკანა მხრიდან“ (ენციკლოპედია „ბრიტანიკა“).
ბიბლიის თვალსაზრისი: იესოს მოწაფეები მსჯელობდნენ იესოს სიკვდილზე, დაცარიელებულ სამარხზე და თვითმხილველი ქალების ნაამბობზე, რომლებმაც „ზებუნებრივი ჩვენება იხილეს — ანგელოზები, რომლებსაც მასზე უთქვამთ, ცოცხალიაო“ (ლუკა 24:15—24). თუ სუდარა ნამდვილად იესოს სამარხში იყო, მისი მოწაფეები უდავოდ იმსჯელებდნენ ამ ფაქტზე და სუდარაზე არსებულ გამოსახულებაზე. თუმცა ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.
უნდა ვცემდეთ თაყვანს სუდარას?
არა. მაშინაც კი, თუ იესო ასეთ სუდარაში იყო გახვეული, არასწორი იქნებოდა სუდარის თაყვანისცემა. ამ საკითხთან დაკავშირებით ვნახოთ რამდენიმე ბიბლიური პრინციპი:
სუდარის თაყვანისცემა არ მოითხოვება. იესომ თქვა: „ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“ (იოანე 4:24). ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში არ გამოიყენება სხვადასხვა რელიგიური რელიკვიები თუ კერპები.
საგნების თაყვანისცემა აკრძალულია. ათი მცნების თანახმად იკრძალება კერპთაყვანისმცემლობა (კანონი 5:6—10). ბიბლია ქრისტიანებსაც მსგავსად მოუწოდებს: „თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 იოანე 5:21). ზოგმა შეიძლება თქვას, რომ სუდარა კერპი არ არის, არამედ მხოლოდ მათი რელიგიური მრწამსის საგანი ან სიმბოლოა. თუმცა ნებისმიერ საგანს, რომელსაც ადამიანი განადიდებს ან ღრმა პატივისცემით ეპყრობა, მას კერპად აქცევს. a აქედან გამომდინარე, თუ გვსურს, რომ ღმერთისთვის ჩვენი თაყვანისცემა მისაღები იყოს, თაყვანისცემისას არ უნდა გამოვიყენოთ არანაირი საგანი, მათ შორის სუდარაც.
a კერპად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი სურათი, გამოსახულება ან სიმბოლო, რომელსაც ადამიანი განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობა.