არჩეულ მასალაზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს

როგორ მოვიშოროთ რისხვა?

როგორ მოვიშოროთ რისხვა?

 მეუღლემ ისეთი რამ თქვა ან გააკეთა, რამაც ძალიან გაგაბრაზათ, თუმცა ცდილობთ, თავი შეიკავოთ. ის ხვდება, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და ცდილობს მიზეზის დადგენას. ეს კიდევ უფრო გაღიზიანებთ. როგორ შეგიძლიათ მსგავს სიტუაციაში გააკონტროლოთ საკუთარი ემოციები?

 რა უნდა იცოდეთ

  •   რისხვა თქვენს ჯანმრთელობას ვნებს. კვლევები ცხადყოფს, რომ გაუკონტროლებელი რისხვა ადამიანში მაღალ არტერიულ წნევას, გულის დაავადებებს, დეპრესიასა და საჭმლის მონელების ფუნქციის მოშლას იწვევს. განრისხებამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, გადამეტებული შფოთი, კანის დაავადებები და ინსულტიც კი. სწორედ ამიტომ გვირჩევს ბიბლია: „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი; ნუ განრისხდები“ (ფსალმუნი 37:8).

  •   გულში რისხვის შენახვა ზიანს მოგიტანთ. რისხვის გულში შენახვა დაავადებასავითაა, რომელიც შიგნიდან სპობს ადამიანს. მაგალითად, შესაძლოა ცინიკურები და კრიტიკულები გახდეთ, რაც გაგირთულებთ მეუღლესთან ურთიერთობას და თქვენს ქორწინებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

 გამოსავალი

  •   მეუღლის კარგ თვისებებზე იფიქრეთ. ჩამოწერეთ სამი რამ, რასაც მეუღლეში აფასებთ. შემდეგ ჯერზე, როცა ისეთ რამეს გააკეთებს, რაც განგარისხებთ, დაფიქრდით იმ თვისებებზე, რომლებიც მასში მოგწონთ. ეს დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ საკუთარი გრძნობები.

     ბიბლიური პრინციპი: „იყავით მადლიერნი“ (კოლოსელები 3:15).

  •    ეცადეთ, უფრო მპატიებელი გახდეთ. თავდაპირველად შეეცადეთ, საკითხს მეუღლის გადასახედიდან შეხედოთ. ეს უფრო თანამგრძნობს გაგხდით (1 პეტრე 3:8). შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ნუთუ იმდენად სერიოზული მიზეზი მაქვს განრისხებისთვის, რომ პატიება შეუძლებელია?“.

     ბიბლიური პრინციპი: „დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავები 19:11).

  •    გრძნობები რბილად და ტაქტიანად გამოხატეთ. ილაპარაკეთ იმაზე, თქვენ რას გრძნობთ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ მეუღლეს: „რა უყურადღებო ხარ, არასოდეს მირეკავ და არ მეუბნები, სად ხარ“, უმჯობესია, უთხრათ: „როცა გვიანია და არ ვიცი, სად ხარ, ძალიან ვნერვიულობ“. თუ საკუთარ აზრებს რბილად გამოთქვამთ, ეს დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ რისხვა.

     ბიბლიური პრინციპი: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული“ (კოლოსელები 4:6).

  •    პატივისცემით მოუსმინეთ. როცა დაასრულებთ საკუთარი აზრის გამოთქმას, მეუღლესაც მოუსმინეთ და საუბარი არ შეაწყვეტინოთ. როცა ის თავის სათქმელს დაასრულებს, სხვა სიტყვებით გაიმეორეთ მისი აზრები, რომ დარწმუნდეთ, სწორად გაიგეთ თუ არა მისი ნათქვამი. მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გსურთ, გააკონტროლოთ რისხვა.

     ბიბლიური პრინციპი: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი სიტყვაში“ (იაკობი 1:19).