არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

იეჰოვამ მშობელ მამასთან დამაახლოვა

იეჰოვამ მშობელ მამასთან დამაახლოვა
  • დაბადების წელი: 1954

  • ქვეყანა: ფილიპინები

  • წარსულში: სძულდა მოძალადე მამა

მოკლე ბიოგრაფია

 ფილიპინებში უამრავი ტურისტი ჩამოდის ქალაქ პაგსანჯანის ჩანჩქერის სანახავად. სწორედ ამ ქალაქში გაიზარდა მამაჩემი, ნარდო ლერონი; მას ბავშვობიდან უკიდურეს სიღარიბეში უწევდა ცხოვრება. იმ დროს ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიციელებსა თუ სამსახურში თანამშრომლებს შორის გავრცელებულმა კორუფციამ, ის ძალიან გააბოროტა.

 ჩემი მშობლები ბევრს შრომობდნენ, რომ რვა შვილზე ეზრუნათ. მათ მთებში მოსავალი მოჰყავდათ, რის გამოც სახლიდან შორს უწევდათ ხოლმე ყოფნა. ხშირად მე და ჩემს ძმას როდელიოს საკუთარ თავზე გვიწევდა ზრუნვა; არაერთხელ დაგვიძინია მშივრებს. არც ნორმალური ბავშვობა გვქონია, რადგან შვიდი წლის ასაკში ყველანი პლანტაციაში ვიწყებდით მუშაობას და ციცაბო მთებზე ქოქოსით სავსე ტომრებს ვეზიდებოდით. თუ ტომარა ძალიან მძიმე იყო, გვაიძულებდნენ, რომ ის თრევა-თრევით წაგვეღო.

 მამა ხშირად გვცემდა. თუმცა ყველაზე დიდ ტკივილს იმის დანახვა გვაყენებდა, რომ ის დედას სცემდა. ვცდილობდით მის შეჩერებას, თუმცა ვერაფერს ვხდებოდით. მე და როდელიომ ჩუმად მოვილაპარაკეთ, რომ როდესაც გავიზრდებოდით, მამას მოვკლავდით. როგორ მინდოდა, მოსიყვარულე მამა მყოლოდა!

 მამაჩემის საქციელის გამო განრისხებული და იმედგაცრუებული ვიყავი, ამიტომ 14 წლის ასაკში სახლიდან წავედი. თავიდან რაღაც პერიოდი ქუჩაში ვცხოვრობდი; სწორედ ამ დროს დავიწყე მარიხუანას მოწევა. მოგვიანებით, სამუშაო ვიშოვე, ნავით ტურისტები ჩანჩქერთან მიმყავდა ხოლმე.

 რამდენიმე წელში მანილას უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა. თუმცა ყოველ შაბათ-კვირას პაგსანჯანში სამუშაოს გამო მიწევდა დაბრუნება, ამიტომ სწავლისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა. ჩემს ცხოვრებას არანაირი აზრი არ ჰქონდა. მარიხუანა უკვე აღარ მიქარვებდა ნაღველს. ამიტომ მეტამფეტამინის, კოკაინის და ჰეროინის მოხმარებაზე გადავედი. ნარკოტიკებით გაბრუებული ხშირად არც უზნეობაზე ვამბობდი უარს. ქვეყანაში სიღარიბის, უსამართლობისა და ტანჯვის მეტს ვერაფერს ნახავდით. მძულდა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და ვთვლიდი, რომ ამ ყველაფერში ისინი იყვნენ დამნაშავეები. ღმერთს ვეკითხებოდი: „რატომაა ცხოვრება ასეთი სასტიკი?“. ამ კითხვაზე პასუხს სხვადასხვა რელიგიაში ვეძებდი, თუმცა ამაოდ. დარდის გასაქარვებლად კიდევ უფრო მივეძალე ნარკოტიკებს.

 1972 წელს ფილიპინებში სტუდენტებმა მთავრობის წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს. ერთ-ერთ ასეთ გამოსვლაში მეც მივიღე მონაწილეობა. ის შეხლა-შემოხლით დასრულდა. აქციის ბევრი მონაწილე დააპატიმრეს; რამდენიმე თვის შემდეგ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.

 მალე კვლავ ქუჩაში აღმოვჩნდი. ვშიშობდი, რომ ამბოხებაში მონაწილეობის გამო ხელისუფლების წარმომადგენლები მეც დამაპატიმრებდნენ. ნარკოტიკებისთვის ფული რომ მეშოვა, ქურდობას მივყავი ხელი; მოგვიანებით კი არც მდიდრებისა და უცხოელების სექსუალურ მომსახურებაზე ვამბობდი უარს. სიცოცხლე მობეზრებული მქონდა.

 ამასობაში დედაჩემმა და ერთ-ერთმა უმცროსმა ძმამ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ამან მამაჩემი გააცოფა და მათ ბიბლიური ლიტერატურა დაუწვა. წინააღმდეგობის მიუხედავად მათ ბიბლიის შესწავლა განაგრძეს და მოინათლნენ კიდეც.

 ერთ დღეს, მამაჩემს იეჰოვა მოწმე დაელაპარაკა და ბიბლიური იმედი გაუზიარა მომავლის შესახებ, რომ მთელ დედამიწაზე ნამდვილი სამართლიანობა დამყარდება (ფსალმუნი 72:12—14). ამან მამა ძალიან დააინტერესა და გადაწყვიტა, ეს საკითხი თავად გამოეკვლია. ბიბლიის კითხვისას გაიგო, რომ ღმერთი სამართლიან მთავრობას გვპირდება. გარდა ამისა, მან ისიც გაიგო, თუ რას ითხოვს ღმერთი ქმრებისგან და მამებისგან (ეფესოელები 5:28; 6:4). ცოტა ხანში მამაჩემი და დანარჩენი და-ძმებიც იეჰოვას მოწმეები გახდნენ. მე მათგან შორს ვცხოვრობდი და წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა ჩემს ოჯახში.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

 1978 წელს საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავედი. ამ მშვიდ და მდიდარ ქვეყანაშიც კი შინაგანი სიმშვიდე ვერ ვპოვე. ისევ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე ვიყავი დამოკიდებული. მოგვიანებით, იმავე წელს იეჰოვას მოწმეები მესტუმრნენ. მათ ბიბლიიდან ამომიკითხეს, რომ მომავალში დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება. ეს ძალიან მომეწონა, თუმცა მათთან ურთიერთობისგან თავს ვიკავებდი.

 ამ შემთხვევიდან ცოტა ხანში, რამდენიმე კვირით ფილიპინებში დავბრუნდი. ჩემმა და-ძმებმა მითხრეს, რომ მამა შეიცვალა და უკეთესი პიროვნება გახდა, თუმცა იმდენი ცუდი მახსოვდა მისგან, რომ მასთან შეხვედრას ვერიდებოდი.

 ჩემმა უმცროსმა დამ ბიბლიიდან ამიხსნა, რატომ არსებობს ტანჯვა და უსამართლობა. ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ პატარა და გამოუცდელ გოგოს შეეძლო ჩემს კითხვებზე პასუხი გაეცა. წასვლამდე მამაჩემმა მომცა წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. a მან მითხრა: „დროა, სწორ გზას დაადგე. ეს წიგნი დაგეხმარება, იპოვო პასუხები შენს კითხვებზე“. მანვე მირჩია, რომ ავსტრალიაში იეჰოვას მოწმეები მომეძებნა.

 მამაჩემის რჩევა გავითვალისწინე და ბრიზბენში, სადაც ვცხოვრობდი, იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი მოვძებნე. მოწმეებს ბიბლიის შესწავლაზე დავთანხმდი. დანიელის მე-7 და ესაიას მე-9 თავებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებებიდან დავინახე, რომ მალე მთელ დედამიწაზე ღვთის მთავრობა იმმართველებს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს კორუფციასთან. ისიც გავიგე, რომ დედამიწაზე სამოთხისებურ პირობებში ვიცხოვრებთ. მინდოდა, რომ ღმერთისთვის მოსაწონი ვყოფილიყავი, თუმცა ისიც მესმოდა, რომ ამისთვის ემოციები უნდა მეკონტროლებინა, შემეწყვიტა ალკოჰოლის სმა და ნარკოტიკების მიღება და წერტილი დამესვა თავაშვებული ცხოვრებისთვის. დავშორდი იმ გოგონას, ვისთანაც ვცხოვრობდი და ბევრი მავნე ჩვევა მოვიშორე. როდესაც იეჰოვას მეტად დავუახლოვდი და მის მიმართ ნდობა გამიჩნდა, ლოცვაში ვთხოვდი დახმარებას, რომ სხვა ცვლილებებიც მომეხდინა.

 დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ბიბლიიდან ნასწავლს შეუძლია ადამიანის შეცვლა. ბიბლიაში წერია, რომ თუ ძალისხმევას არ დავიშურებთ, შევძლებთ „ახალი პიროვნებით“ შემოსვას (კოლოსელები 3:9, 10). მაშინ, როცა თავად ვცდილობდი, უკეთესობისკენ შევცვლილიყავი, მივხვდი, რომ ის, რაც მამაჩემზე მითხრეს, მის ცვლილებებზე, შესაძლოა სიმართლე ყოფილიყო. სურვილი გამიჩნდა, რომ მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა მქონოდა. როგორც იქნა, მამაჩემს ვაპატიე და გულიდან ბავშვობის დროინდელი წყენა და ბოღმა მოვიშორე.

კურთხევები

 ახალგაზრდობაში ხშირად იმას ვაკეთებდი, რასაც სხვები, რის გამოც ბევრ დამღუპველ საქმეში ვებმებოდი. ბიბლიაში ჩაწერილი გაფრთხილება ჩემს ცხოვრებაში გამართლდა — ცუდმა საზოგადოებამ არასწორ გზაზე დამაყენა (1 კორინთელები 15:33). დღეს ჩემი მეგობრები იეჰოვას მოწმეები არიან. მათი დახმარებით უკეთესი ადამიანი გავხდი. იეჰოვას მოწმეებს შორის ჩემს ძვირფას მეუღლეს, ლორეტას შევხვდი. ახლა ერთად ვასწავლით სხვებს, თუ როგორ დაეხმარებათ ბიბლია, უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ.

რენე ლერონი მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად

 ბიბლიის წყალობით მამაჩემი მოსიყვარულე ქმარი და თავმდაბალი, მშვიდობისმყოფელი ქრისტიანი გახდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი მას ასეთს. 1987 წელს იეჰოვას თავი მივუძღვენი. როდესაც ნათლობის შემდეგ მამაჩემს შევხვდი, ის ცხოვრებაში პირველად ჩამეხუტა.

 დედა და მამა ერთად 35 წელზე მეტ ხანს შრომობდნენ და სხვებს ბიბლიურ იმედს უზიარებდნენ. მამა ძალიან გულმოდგინე და მზრუნველი გახდა; ის ყოველთვის მზად იყო, სხვებს დახმარებოდა. ამ წლების განმავლობაში მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა პირველად ვიგრძენი. მეამაყებოდა, რომ მისი შვილი ვიყავი! მამაჩემი 2016 წელს დაიღუპა; ახლა მას დიდი სითბოთი ვიხსენებ. ბიბლიამ ორივე ძალიან შეგვცვალა. დღეს მის მიმართ არანაირ სიძულვილს აღარ ვგრძნობ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე იეჰოვა, ზეციერი მამა, რომელიც გვპირდება, რომ ბოლოს მოუღებს ოჯახებში არსებულ ნებისმიერ გასაჭირსა და განსაცდელს.

a ეს წიგნი გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.