ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
„საბრძოლო ხელოვნება მიტაცებდა“
დაბადების წელი: 1962
ქვეყანა: შეერთებული შტატები
წარსულში: საბრძოლო ხელოვნებით გატაცებული
მოკლე ბიოგრაფია
ერთხელ ორთაბრძოლისას ჩემი მოქნეული ფეხი მწარედ მოხვდა ცხვირში პარტნიორს. იგი ძალიან დაშავდა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი და იმაზე დავიწყე ფიქრი, ხომ არ უნდა შევშვებოდი საბრძოლო ხელოვნებას. რატომ დამაწყებინა ამ შემთხვევამ ფიქრი, ხელი ამეღო სპორტზე, რომლითაც წლების მანძილზე ვიყავი გატაცებული? მოდი თავდაპირველად იმას მოგითხრობთ, როგორ გამიტაცა საბრძოლო ხელოვნებამ.
გავიზარდე ქალაქ ბუფალოსთან (ნიუ-იორკი, აშშ) ახლოს, მორწმუნე კათოლიკეთა მშვიდ ოჯახში. ვსწავლობდი კათოლიკურ სკოლაში და სტიქაროსნადაც ვმსახურობდი. მშობლებს სურდათ, რომ მე და ჩემს დას ცხოვრებაში რაღაცისთვის მიგვეღწია. ამიტომ ნებას მრთავდნენ, რომ თუკი სწავლაში ხელი არ შემეშლებოდა, გაკვეთილების მერე სპორტით დავკავებულიყავი ან ნახევარ განაკვეთზე მემუშავა. დატვირთული გრაფიკის წყალობით ბავშვობიდან გამომიმუშავდა თვითდისციპლინა.
17 წლის ვიყავი, საბრძოლო ხელოვნების შესწავლა რომ გადავწყვიტე. წლების განმავლობაში კვირაში ექვსი დღე, დღეში კი სამი საათი ვვარჯიშობდი. გარდა ამისა, ყოველკვირეულად რაღაც დროს გამოვყოფდი, რომ გონებაში გამეცოცხლებინა ახლად ნასწავლი ილეთები. ვუყურებდი სასწავლო ვიდეოებს. ზოგჯერ თვალებახვეულიც ვვარჯიშობდი, ხანდახან იარაღებითაც. ხელის ერთი მოქნევით ვამტვრევდი ფიცრებსა და აგურებს. უფრო და უფრო ვხელოვნდებოდი საბრძოლო ხელოვნებაში და თასს თასზე ვიღებდი. სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში წარმატებული ვიყავი: უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე, ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში კომპიუტერული სისტემების ინჟინრად ვმუშაობდი, დროდადრო სამუშაო პრემიებსაც ვიღებდი, მქონდა სახლი, მყავდა მეგობარი გოგონა. მართალია, ერთი შეხედვით ყველაფერი მქონდა, მაგრამ მოსვენებას მიკარგავდა ფიქრი სიცოცხლის აზრთან დაკავშირებით.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა
ჩემს კითხვებზე პასუხების მისაღებად კვირაში ორჯერ ეკლესიაში დავდიოდი და ლოცვაში ღმერთს დახმარებას ვთხოვდი. ერთხელაც მეგობართან საუბრის შემდეგ ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. მე მას ვკითხე: „გიფიქრია, რაშია სიცოცხლის აზრი?“, თან იქვე დავძინე: „ჩვენ ირგვლივ იმდენი უსამართლობა ხდება და იმდენი პრობლემაა!“. მან მითხრა, რომ მსგავსი კითხვები მასაც აღელვებდა და ბიბლიიდან მიიღო პასუხები. შემდეგ მომცა წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. a მან ისიც მოაყოლა, რომ იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას. თავიდან ვორჭოფობდი, ამეღო თუ არა შემოთავაზებული წიგნი, რადგან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ჩემი რელიგიის მიერ გამოცემული წიგნები უნდა მეკითხა. თუმცა იმდენად მსურდა, რომ ჩემს კითხვებზე პასუხები მიმეღო, გადავწყვიტე, ისიც გამეგო, რაიმე აზრიანს ასწავლიდნენ თუ არა იეჰოვას მოწმეები.
ბიბლიიდან ნასწავლმა აღმაფრთოვანა. შევიტყვე, რომ ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, ადამიანებს მარადიულად უნდა ეცხოვრათ სამოთხეში დედამიწაზე და ღვთის განზრახვა კვლავაც უცვლელია (დაბადება 1:28). გავოგნდი, როცა ბიბლიის პირად ეგზემპლარში, „მეფე ჯეიმზის თარგმანში“, ღვთის სახელი ამოვიკითხე. აღმოვაჩინე, რომ სწორედ იეჰოვას მივმართავდი ლოცვით, როცა „მამაო ჩვენოს“ წარმოვთქვამდი (ფსალმუნი 83:18; მათე 6:9). ისიც შევიტყვე, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა დროებით ადამიანთა ტანჯვა. ყველაფერი, რასაც ვსწავლობდი, ნამდვილად ახლოს იყო საღ აზრთან. ნასწავლმა მართლაც შემძრა!
არასდროს დამავიწყდება ის განცდები, რომლებიც მეუფლებოდა მაშინ, იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე დასწრება რომ დავიწყე. ყველა მეგობრულად იყო ჩემდამი განწყობილი და ჩემი სახელის გაგება სურდა. პირველ შეხვედრაზე სპეციალური საჯარო მოხსენება წარმოითქმებოდა და განიხილებოდა საკითხი, თუ როგორ ლოცვებს ისმენს ღმერთი. ამ საკითხმა მიმიზიდა, რადგან ხშირად მივმართავდი ღმერთს ლოცვით, რომ დამხმარებოდა. შემდეგ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დავესწარი. კრების შეხვედრებზე გამაკვირვა იმის დანახვამ, თუ როგორ ადევნებდნენ პატარები საკუთარ ბიბლიაში თვალს ამოკითხულ ბიბლიურ მუხლებს. თავიდან არ ვიცოდი, როგორ უნდა მომეძებნა ბიბლიური მუხლები, თუმცა იეჰოვას მოწმეები დამეხმარნენ და მასწავლეს, თუ როგორ უნდა გამომეყენებინა ბიბლია.
რაც უფრო ხშირად ვესწრებოდი კრების შეხვედრებს, მით უფრო მიღრმავდებოდა მადლიერება იმ ყოველივეს მიმართ, რასაც მოწმეები ასწავლიდნენ. კრების თითოეულ შეხვედრაზე ბევრს ვსწავლობდი და ყოველი შეხვედრა დიდად მამხნევებდა. შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის შესწავლა შემომთავაზეს.
დიდ სხვაობას ვხედავდი იეჰოვას მოწმეებსა და ჩემი ეკლესიის მრევლს შორის. იეჰოვას მოწმეები მეტად გულწრფელნი და ერთსულოვანნი იყვნენ; ისინი ცდილობდნენ, ძალ-ღონე არ დაეშურებინათ, რომ ღვთისთვის საუკეთესო გაეღოთ. უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობ თვისებას, სიყვარულს, ავლენდნენ ერთმანეთის მიმართ (იოანე 13:35).
რაც უფრო მეტს ვიგებდი ბიბლიიდან, მით უფრო მეტ ცვლილებას ვახდენდი საკუთარ ცხოვრებაში, რათა ის ღვთის ნორმებისთვის შემესაბამებინა. თუმცა ვფიქრობდი, რომ საბრძოლო ხელოვნებაზე უარს ვერ ვიტყოდი. მიყვარდა ფიზიკური ვარჯიში და შეჯიბრებები. როცა ჩემი გრძნობები ბიბლიის მასწავლებელს გავუზიარე, მან თბილად მითხრა, შენ სწავლა განაგრძე და მჯერა, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე მიხვალო. მეც ამის გაგონება მსურდა. რაც უფრო ბევრს ვიკვლევდი, მით უფრო მიღრმავდებოდა სურვილი, მესიამოვნებინა იეჰოვასთვის.
ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უნებლიეთ ორთაბრძოლაში ჩემს პარტნიორს სერიოზული დაზიანება მივაყენე. ამ შემთხვევის შემდეგ დავფიქრდი, რომ თუკი საბრძოლო ხელოვნებას თავს არ დავანებებდი, რამდენად შევძლებდი, რომ ქრისტეს მშვიდობისმყოფელი მიმდევარი გავმხდარიყავი. ესაიას 2:3, 4-დან გავიგე, რომ იეჰოვას კანონებით მცხოვრებნი აღარ ისწავლიდნენ ომს. შევიტყვე ისიც, რომ იესო თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, სამაგიერო ძალადობით არ გადაეხადათ მაშინაც კი, თუ უსამართლობის მსხვერპლი აღმოჩნდებოდნენ (მათე 26:52). სწორედ ამიტომ, საბოლოოდ, თავი დავანებე საყვარელ სპორტს.
ამის შემდეგ სულ გონებაში მაქვს ბიბლიური რჩევა: „ღვთისადმი ერთგულებას ესწრაფე და ამაში გაიწაფე“ (1 ტიმოთე 4:7). მთელ იმ დროს, რასაც უწინ საბრძოლო ხელოვნებას ვუთმობდი, ახლა ღვთის მსახურებას ვახმარ. ჩემს მეგობარ გოგონას არ მოსწონდა ის, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობდი, ამიტომ დავშორდით ერთმანეთს. 1987 წლის 24 იანვარს მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. მალევე შევუდექი სრული დროით მსახურებას და დროის დიდ ნაწილს სხვებისთვის ბიბლიის სწავლებას ვუთმობდი. მას შემდეგ მოყოლებული სრული დროით ვემსახურები იეჰოვას, გარკვეული ხნის მანძილზე კი იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოშიც (ნიუ-იორკი, აშშ) ვმსახურობდი.
კურთხევები
ახლა, როცა ვიცი ჭეშმარიტება ღვთის შესახებ, ვხვდები, რა მაკლდა უწინ. მეტად აღარ მაქვს სიცარიელის განცდა; აზრით აღსავსე ცხოვრება და მომავლის უტყუარი იმედი მაქვს. შედეგად, ძალიან ბედნიერი ვარ. დღესაც ვვარჯიშობ, თუმცა ფიზიკური წვრთნა ჩემს ცხოვრებაში აღარაა უმთავრესი. ახლა მთავარი იეჰოვას მსახურებაა!
მაშინ, როცა საბრძოლო ხელოვნება მიტაცებდა, სულ მომართული ვიყავი, რომ თუკი ვინმე თავს დამესხმებოდა, საკუთარი თავი დამეცვა. დღესაც მომართული ვარ, თუმცა სხვა მიზნით — მსურს, დავეხმარო სხვებს. ბიბლიის წყალობით გარშემომყოფთ სიკეთეს არ ვუკავებ და ჩემი მშვენიერი ცოლისთვის, ბრენდასთვისაც, უკეთესი მეუღლე გავხდი.
ერთ დროს საბრძოლო ხელოვნებით ვიყავი გატაცებული, თუმცა ეს გატაცება უკეთესით ჩავანაცვლე, რადგან, როგორც ბიბლია ამბობს, „ვინაიდან, ფიზიკური წვრთნა თუ მეტ-ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისადმი ერთგულება ყოველმხრივ სასარგებლოა, რადგან სიცოცხლეს მოასწავებს ჩვენთვის ახლაც და მომავალშიც“ (1 ტიმოთე 4:8).
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.