ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვა
ბრაზილიაში მცხოვრებ ერთ დას, მარია ლუსიას, აშერის სინდრომი აქვს. ეს არის გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის და სმენის დაქვეითებას ან საერთოდ დაკარგვას. მარია ყრუ-მუნჯი დაიბადა. მან ბავშვობაშივე ისწავლა ჟესტურ ენაზე საუბარი. მარიამ დაახლოებით 30 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა. ყველაფრის მიუხედავად, ის საკუთარ თავში არ ჩაკეტილა. ახლა მარია 70 წელსაა გადაცილებული და მას ბედნიერი და აზრიანი ცხოვრება აქვს.
მარია ლუსია იეჰოვას მოწმეებს 1977 წელს შეხვდა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ მხედველობას მთლიანად დაკარგავდა. ის ამბობს: „ჩემს თანაკლასელს, ადრიანოს, შევხვდი, რომელიც თურმე იეჰოვას მოწმე გამხდარა. მან გამიზიარა ღვთის განზრახვა დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების შესახებ, სადაც ყველა სრულყოფილი ჯანმრთელობით გაიხარებს. მისმა ნათქვამმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მაშინვე დავიწყე ბიბლიის შესწავლა. მალე რიო-დე-ჟანეიროში კრების შეხვედრებზეც დავიწყე სიარული, სადაც ზოგიერთი შეხვედრა ჟესტურ ენაზე ითარგმნებოდა. იეჰოვას დახმარებით სულიერად წინ წავიწიე და 1978 წლის ივლისში მოვინათლე“.
გარკვეული დროის შემდეგ მარია იმ კრებაში გადავიდა, სადაც ჟესტურ ენაზე არავინ საუბრობდა, ამიტომ შეხვედრებზე ვერაფერს გებულობდა. მას ორმა დამ გაუწია დახმარება. ისინი მის გვერდით სხდებოდნენ და კრების მსვლელობის დროს პროგრამის ჩანაწერებს აკეთებდნენ. მარია იხსენებს: „ამ ჩანაწერებს სახლში რამდენჯერმე ვკითხულობდი, რომ გამეგო, რაზე იყო მსჯელობა კრების შეხვედრაზე. მოგვიანებით ამ ორმა დამ ჟესტური ენა შეისწავლა და ისინი ჩემი პირადი თარჯიმნები გახდნენ“.
მას შემდეგ, რაც მარიამ საერთოდ დაკარგა მხედველობა, ჟესტურ ენას ვეღარ იყენებს. ამიტომ მან ტაქტილური ენის (შეხებითი ჟესტური ენა) გამოყენება დაიწყო. ის გვიხსნის, რა არის ტაქტილური ენა: „ჩემს ხელებს მთარგმნელის ხელებს ვადებ და ასე შევიგრძნობ ჟესტებს“.
მარია ძალიან მადლიერია თავისი მთარგმნელების. ის ამბობს: „იეჰოვამ ამ დების სახით უძვირფასესი მეგობრები მაჩუქა. მათი დახმარებით კრების შეხვედრებიდან და კონგრესებიდან ბევრს ვსწავლობ“.
მარია დღემდე აქტიურია მსახურებაში. ის ტაქტილური ენის მეშვეობით ქადაგებს ყრუ-მუნჯებთან. ისინი გაოცებას ვერ მალავენ, როცა ხედავენ, რამხელა ძალისხმევას ახმარს მარია მათთვის სასიხარულო ცნობის გაზიარებას. კოვიდპანდემიის დროს მარიამ უამრავი წერილი დაწერა. ამაში მას თავისი ღვიძლი ძმა, ხოსე ანტონიო დაეხმარა, რომელიც მასავით ყრუ-მუნჯი და უსინათლოა. a
როგორ ახერხებს მარია ამდენს? ის ამბობს: „L ფორმის ბრტყელ, პლასტიკურ ფირფიტას ვიყენებ, რომლის მეშვეობითაც სწორ ხაზებშიც ვწერ და ტექსტს აბზაცებადაც ვყოფ. ჩემს ძმას შესანიშნავი მეხსიერება აქვს. ბიბლიურ თემებს და შესაბამის მუხლებს ის იხსენებს, მე კი წერილებში ვწერ. ვინაიდან ზოგ სმენადაქვეითებულს დაწერილი ტექსტის გაგება უჭირს, ვცდილობ, ისე დავწერო წერილი, რომ მათთვის ადვილი გასაგები იყოს“.
მიუხედავად იმისა, რომ მარია საერთოდ ვერ ხედავს, ის ძალიან შრომისმოყვარეა. კაროლინა, მისი ერთ-ერთი მთარგმნელი, ამბობს: „მარია სახლში ყველაფერს თავად აკეთებს. სახლი ყოველთვის დალაგებული და სუფთა აქვს. მას უყვარს საჭმელების მომზადება და მეგობრების გამასპინძლება“.
ჯეფერსონი, რომელიც მარიას კრებაში უხუცესად მსახურობს, მას ასე ახასიათებს: „მარიას ძალიან უყვარს იეჰოვა და ადამიანები. ის ყველაფერს სხვების საკეთილდღეოდ აკეთებს და მუდამ სხვებზე ზრუნავს. მასში ეგოიზმის ნატამალიც კი არ არის“ (ფილიპელები 2:4).
a ხოსე ანტონიო მარიას შემდეგ გახდა იეჰოვას მოწმე. ის 2003 წელს მოინათლა. მარიას მსგავსად ისიც დაბადებიდან ყრუ-მუნჯია და ნელ-ნელა დაკარგა მხედველობა.