არჩეულ მასალაზე გადასვლა

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ბულგარეთი

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ბულგარეთი

 ბულგარელი იეჰოვას მოწმეები დაუღალავად უზიარებენ სხვებს ჭეშმარიტებას ღვთის შესახებ და ხალხს მის სიტყვას, ბიბლიას, ასწავლიან. ამ ქვეყანაში, 2000 წლიდან მოყოლებული, მათ დასახმარებლად ასობით იეჰოვას მოწმე ჩავიდა სხვადასხვა ქვეყნიდან. რა სირთულეებს ხვდებიან უცხო ქვეყანაში საქადაგებლად გადასული და-ძმები? რატომ არაა ფუჭი მათ მიერ გაღებული მსხვერპლი? ქვემოთ ეს და-ძმები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ.

მათ დაისახეს მიზანი

 დარენი, რომელიც ინგლისში ცხოვრობდა, ამბობს: „ყოველთვის გვინდოდა ისეთ ქვეყანაში მსახურება, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. დაქორწინების შემდეგ მე და ჩემი ცოლი დონი ლონდონში გადავედით, რომ რუსულენოვანი მოსახლეობისთვის გვექადაგა. მართალია, რამდენჯერმე დავგეგმეთ სხვა ქვეყანაში საქადაგებლად გადასვლა, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაც გვიშლიდა ხელს. ის-ის იყო, შევწყვიტეთ ჩვენს მიზანზე ფიქრი, რომ მეგობარმა დაგვარწმუნა, ხელი არ აგვეღო ოცნებაზე და გადავსულიყავით სხვა ქვეყანაში, რადგან სწორედ მაშინ გვედგა ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო“. დარენმა და დონმა განაახლეს ისეთი ქვეყნის ძიება, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო და რეალურად შეძლებდნენ გადასვლას. ბევრი იკვლიეს თუ ცოტა, 2011 წელს მათ ბულგარეთს მიაშურეს.

დარენი და დონი

 ის და-ძმებიც კი, ვისაც არასდროს უფიქრიათ, უცხო ქვეყანაში გადასულიყვნენ, დიდად წაახალისა მათმა მაგალითმა, ვინც ასე მოიქცა და კურთხევებიც მოიმკა. ჯადა და მისი მეუღლე ლუკა იტალიაში ცხოვრობდნენ. ჯადა გვიზიარებს, თუ როგორ იმოქმედა მასზე იმ თანამორწმუნეებთან შეხვედრამ, რომლებიც სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში მსახურობდნენ: „ამ გულანთებული მქადაგებლების მსახურების შემთხვევებმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მეც გადავწყვიტე, მიზნად დამესახა სხვა ქვეყანაში მსახურება, რათა მსგავსი სიხარული გამომეცადა“.

ლუკა და ჯადა

 ტომაში და ვერონიკა თავიანთ ორ შვილთან, კლარასა და მატიაშთან ერთად 2015 წელს ჩეხეთიდან ბულგარეთში გადავიდნენ. რამ აღძრა ისინი სხვა ქვეყანაში მსახურებისკენ? ტომაში ამბობს: „ბევრს ვფიქრობდით მათ მაგალითებზე, ვინც ეს ნაბიჯი გადადგეს; ასეთებს შორის იყო ზოგი ჩემი ნათესავიც. გულგრილს არ გვტოვებდა მათი კურთხევები და ბევრს ვლაპარაკობდით სახლში იმ სიხარულზე, რომელსაც ისინი განიცდიდნენ“. დღეს ეს ოჯახი ბულგარეთის ქალაქ მონტანაში მსახურობს, რასაც მათთვის დიდი სიხარული მოაქვს.

კლარა, ტომაში, ვერონიკა და მატიაში

 ბულგარეთში გადასული კიდევ ერთი იეჰოვას მოწმე ლინდაა. ის გვიყვება: „წლების წინ ვსტუმრობდი ეკვადორს და ბევრი ისეთი და-ძმა გავიცანი, რომლებიც იქ საქადაგებლად იყვნენ ჩასული. მაშინ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ერთ დღეს მეც გადავიდოდი ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მეტი მაუწყებელი იქნებოდა საჭირო“. ერთი ფინელი წყვილი, პეტერი და ნადიაც, დააფიქრა სხვების მაგალითმა. ისინი ამბობენ: „ჩვენს კრებაში იყვნენ მაუწყებლები, რომლებსაც ჰქონდათ მსგავს ტერიტორიებზე ქადაგების გამოცდილება. ისინი ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ვერაფერი შეედრებოდა ასეთ მსახურებაში გატარებულ წლებს და, რომ ეს, მართლაც, მათი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო“.

ლინდა

ნადია და პეტერი

მათ დაიჭირეს თადარიგი

 უცხო ქვეყანაში მსახურების მსურველები წინასწარ იჭერენ თადარიგს (ლუკა 14:28—30). ნელე, რომელიც ბელგიიდანაა, იხსენებს: „მას შემდეგ, რაც სხვა ქვეყანაში მსახურებაზე დავიწყე ფიქრი, ჩვენს პუბლიკაციებში სტატიებს ვეძებდი ამ თემის გარშემო და ბევრს ვლოცულობდი. ასეთი სტატიების გულდასმით შესწავლამ დამანახვა, რა უნდა გამეკეთებინა, თუკი ჩემი მიზნის მიღწევა მსურდა“.

ნელე (მარჯვნივ)

 პოლონელი წყვილი, კრისტიანი და ირმინა, უკვე ცხრა წელია, ბულგარეთში ცხოვრობს. მათთვის პრაქტიკული აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ პოლონეთში ყოფნისას ბულგარულენოვან ჯგუფში ესწრებოდნენ კრების შეხვედრებს. ამ ჯგუფში მომსახურე და-ძმებმა წაახალისეს კრისტიანი და ირმინა და ენის სწავლაშიც დაეხმარნენ. ისინი გვიყვებიან: «საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რომ იეჰოვა ნამდვილად არ აკლებს მზრუნველობას მათ, ვინც მზად არიან, მეტი გააკეთონ მისთვის. როდესაც მას ეუბნები, „მე წავალ! მე გამგზავნე!“, იგი, ერთი შეხედვით, შეუძლებელსაც შეგაძლებინებს» (ესაია 6:8).

კრისტიანი და ირმინა

 შვეიცარიელმა წყვილმა, რეტომ და კორნელიამ, ბულგარეთში მსახურებისთვის ცხოვრება გაიმარტივა და ფული დაზოგა. იქ გადასვლამდე ერთი წლით ადრე ისინი ერთი კვირით ეწვივნენ ბულგარეთს, რათა წარმოდგენა შექმნოდათ, როგორ ქვეყანაში მოუწევდათ ცხოვრება. მათ გაიცნეს გამოცდილი მისიონერები, რომლებმაც კარგი რჩევები მისცეს. რეტომ და კორნელიამ გაითვალისწინეს მათი რჩევები და უკვე 20 წელია, ბულგარეთში მსახურობენ.

კორნელია და რეტო თავიანთ ვაჟებთან, ლუკასა და იანიკთან ერთად

ისინი არ შეეპუენ სირთულეებს

 მათ, ვინც უცხო ქვეყანაში მსახურებისთვის გადადიან, უწევთ ახალ გარემოსთან შეგუება და სხვადასხვა სირთულის გადალახვა (საქმეები 16:9, 10; 1 კორინთელები 9:19—23). ბევრისთვის მთავარი გამოწვევა ახალი ენის შესწავლაა. ლუკა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ამბობს: „კრების შეხვედრებზე ყოველთვის გვსიამოვნებდა, როცა გულწრფელი კომენტარებით ვამხნევებდით და-ძმებს. თუმცა რაღაც დროის მანძილზე მე და ჩემს მეუღლეს ბულგარულ ენაზე ერთი კომენტარის მომზადებაც კი დიდი ძალისხმევის ფასად გვიჯდებოდა. თითქოს ისევ ბავშვები ვიყავით. თუმცა რა გითხრათ, ადგილობრივი ბავშვების კომენტარებსაც კი დიდად ჩამოუვარდებოდა ჩვენი კომენტარები“.

 რავილი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა, ამბობს: „ენის სწავლა საკმაოდ დამღლელი იყო. საკუთარ თავს ვუმეორებდი, რომ შეცდომებზე კი არ მენერვიულა, არამედ მათზე გაღიმება მესწავლა. ვცდილობდი, სირთულეები პრობლემებად კი არ აღმექვა, არამედ იეჰოვასადმი მსახურების ნაწილად მიმეჩნია“.

რავილი და ლილი

 ლინდა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, აღნიშნავს: „ენების სწავლის ნიჭით არ გამოვირჩევი. ბულგარული არცთუ ისე ადვილი სასწავლი ენაა, რის გამოც ბევრჯერ დავაპირე ფარ-ხმლის დაყრა. თავს მარტოსულად გრძნობ, როცა ადამიანებს ვერ ესაუბრები და არც შენ გესმის მათი. ჩემს სულიერობას საფრთხე რომ არ დამუქრებოდა, ყველაფერს შვედურად ვკითხულობდი. დროთა განმავლობაში ძვირფასი და-ძმების დახმარებით დავძლიე ენის ბარიერი“.

 კიდევ ერთი სირთულე, რომელსაც უცხო ქვეყანაში გადასული და-ძმები ხვდებიან, თავიანთი ოჯახების, მეგობრებისა და მშობლიური გარემოს მონატრებაა. თავის მეუღლესთან, იანისთან ერთად ბულგარეთში გადასული ევა გვიზიარებს განცდებს: „მარტოობას ვგრძნობდი... მის გასაქარვებლადაც ხშირად ვეხმიანებოდით მონატრებულ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, ნელ-ნელა ახალი მეგობრებიც შევიძინეთ“.

იანისი და ევა

 საზღვარგარეთ გადასული და-ძმები სხვა სირთულეებსაც ხვდებიან. რობერტი და ლიანა, რომლებიც ბულგარეთში შვეიცარიიდან ჩავიდნენ, გვიყვებიან: „უცხო ენასა და კულტურასთან ზიარება ჩვენთვის მორიგი გამოწვევა აღმოჩნდა; აქაური ზამთრის სუსხთან შეგუებაც გაგვიჭირდა“. მიუხედავად ყველაფრისა, დადებითი განწყობისა და იუმორის გრძნობის წყალობით, ეს წყვილი, უკვე 14 წელია, ბულგარეთში მსახურობს.

რობერტი და ლიანა

მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს კურთხევები

 ლილი ყველას ურჩევს, რომ საკუთარ თავზე გამოსცადონ ის კურთხევები, რომლებიც მსახურებისთვის სხვა ტერიტორიაზე გადასვლას ახლავს თან. ის ამბობს: „შეიძლება ითქვას, სრულიად ახალი კუთხით გამაცნო იეჰოვამ თავისი თავი, რასაც, ალბათ, ვერასდროს გამოვცდიდი, აქ რომ არ გადმოვსულიყავი. ვინაიდან აქ მეტად ვიხარჯები სხვებისთვის, ეს კიდევ უფრო მაახლოებს იეჰოვასთან და დიდ სიხარულსა და კმაყოფილებასაც მგვრის“. რავილი ეთანხმება მეუღლის სიტყვებს: „ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც ცხოვრებაში მიგვიღია. უცხო ქვეყანაში ეცნობი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ და-ძმებს, რომლებიც ბიბლიის დახელოვნებული მასწავლებლები არიან, მათი გამოცდილებით ბევრ რამეს სწავლობ“.

 ბევრმა გამოავლინა მზადყოფნის სული და გადავიდა უცხო ქვეყნებში საქადაგებლად. ასეთი და-ძმების წყალობით სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს (მათე 24:14). ბულგარეთში მსახურებისთვის გადასულმა და-ძმებმა საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ აუსრულა მათ იეჰოვამ გულის წადილი და როგორ მოუმართა ხელი ყველაფერში! (ფსალმუნი 20:1—4).