სამქადაგებლო მოგზაურობა მდინარე მარონის მიმდებარე ტერიტორიაზე
ხალხმრავალი და ხმაურიანი ქალაქებიდან საკმაოდ შორს, ამაზონის ჯუნგლებში (სამხრეთი ამერიკა) სხვადასხვა ტომის, ენისა და ეროვნების ხალხი ცხოვრობს. 2017 წლის ივლისში 13 იეჰოვას მოწმისგან შემდგარმა ჯგუფმა საფრანგეთის გვიანის შორეულ ტერიტორიებზე სამქადაგებლო მოგზაურობა წამოიწყო; ისინი მდინარე მარონის აუყვნენ და მარჯვენა შენაკადებისკენ აიღეს გეზი. მათ სურდათ, ადგილობრივი ხალხისთვის ბიბლიური ცნობა ექადაგათ.
სამქადაგებლო მოგზაურობისთვის მზადება
12-დღიანი მოგზაურობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ, რათა ყველაფერი წინასწარ დაეგეგმათ. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ვინსლი იხსენებს: „კარგად გავეცანით ამ ტერიტორიას და მის ისტორიას. აგრეთვე ვიმსჯელეთ, როგორ მოვმზადებულიყავით“. თითოეულს დაურიგეს წყალგაუმტარი კონტეინერები, სადაც ჰამაკსა და კოღოებისგან დამცავ ბადეებს მოათავსებდნენ. ამ მოგზაურობის დროს მათ ორჯერ მოუწევდათ თვითმფრინავით მგზავრობა და არაერთი საათი კანოეებით გადაადგილება.
როგორ გამოეხმაურნენ ამ მოწვევას და-ძმები? 60 წელს გადაცილებულმა წყვილმა, კლოდმა და ლიზეტმა უმალვე მიიღეს მოწვევა. კლოდი ამბობს: „ძალიან მიხაროდა, მაგრამ მეშინოდა კიდეც. გაგონილი მქონდა, რომ ეს მდინარე ადგილ-ადგილ ჭორომიანი იყო“. ლიზეტს სხვა რამე აღელვებდა: „მაფიქრებდა, როგორ უნდა მელაპარაკა ამერიკელ ინდიელთა ენებზე“.
მიკაელიც იმავეს გრძნობდა. „ვაიანას ტომის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით, — ამბობს ის. — ამიტომ ინტერნეტის დახმარებით მათ ენაზე მისალმება და რამდენიმე სიტყვა ვისწავლე“.
შერლი სამქადაგებლო მოგზაურობაში მეუღლესთან, იოანთან ერთად გაემგზავრა. მან შეადგინა ენების სია, რომლებზეც ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი ლაპარაკობდა. იგი ამბობს: „ვებგვერდიდან jw.org თითქმის ყველა ენაზე ჩამოვტვირთეთ ვიდეოები; აგრეთვე შევიძინეთ სახელმძღვანელო, სადაც ვაიანა ენაზე ძირითადი ფრაზები იყო შეტანილი“.
დანიშნულების ადგილზე ჩასვლა
4 ივლისს მქადაგებელთა ჯგუფი სენ-ლორან-დიუ-მარონიდან პატარა ქალაქ მარიპასულაში თვითმფრინავით გაემგზავრა.
მომდევნო ოთხი დღის მანძილზე ისინი მოტორიანი კანოეებით მდინარე მარონის ზემო შენაკადებს მიუყვებოდნენ და სოფლად მცხოვრებ ხალხს უქადაგებდნენ. ჯგუფის ერთი წევრი როლანი ამბობს: „ამერიკელი ინდიელები ძალიან დაინტერესდნენ ბიბლიური საკითხებით. მათ ბევრი კითხვა ჰქონდათ; ზოგმა ბიბლიის შესწავლაც კი მოითხოვა“.
ერთ სოფელში იოანმა და შერლიმ გაიცნეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელთა ნათესავმა არც ისე დიდი ხნის წინ თავი მოიკლა. «ჩვენ მათ ვუჩვენეთ ვიდეო „როგორ იპოვა ამერიკელმა ინდიელმა თავისი შემოქმედი“. ეს ვიდეო განთავსებულია JW მაუწყებლობაზე. ამ ვიდეომ ისინი გულგრილი არ დატოვა. მათ თავიანთი ელ-ფოსტის მისამართი მოგვცეს, რათა მომავალშიც გაგვეგრძელებინა ურთიერთობა», — ამბობს იოანი.
ყველაზე შორეული ადგილი, სადაც მქადაგებელთა ჯგუფი ჩავიდა, ანტეკუმ-პატა იყო. სოფლის თავკაცმა მგზავრობით გათანგულ მოწმეებს ჰამაკების გაბმის უფლება მისცა. მათ მდინარეშიც იბანავეს, როგორც ამას, ჩვეულებრივ, ადგილობრივები აკეთებენ ხოლმე.
ანტეკუმ-პატადან მქადაგებლები სოფელ ტვენკეში გაემართნენ, სადაც ახლობლის სიკვდილით გულდამძიმებულ მგლოვიარე ხალხს შეხვდნენ. ერიკი, რომელიც ამ მოგზაურობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ყვება: „ტომის ბელადმა მგლოვიარეთა ნუგეშისცემის უფლება მოგვცა. ბელადსა და მის ოჯახს ძალიან მოეწონათ მუხლები, რომლებიც ვაიანა ენაზე ნათარგმნი ბიბლიიდან ამოვუკითხეთ. მათ ვიდეოებიც ვუჩვენეთ, სადაც ყურადღება მკვდრეთით აღდგომის იმედზე მახვილდებოდა“.
გამგზავრება გრან-სანტისა და აპატეში
გრან-სანტის პატარა ქალაქში რომ ჩასულიყო, მქადაგებლებმა მარიპასულადან თვითმფრინავით ნახევარი საათი იფრინეს. ორი დღის მანძილზე და-ძმები ადგილობრივებს ბიბლიურ ცნობას უზიარებდნენ. მესამე დღეს ისინი მდინარე მარონის ჩაუყვნენ და კიდევ ერთი სოფლისკენ, აპატესკენ აიღეს გეზი; იქ ჩასასვლელად მათ ხუთსაათ-ნახევარი დასჭირდათ.
მოგზაურობის დასრულებამდე ერთი დღით ადრე ჯგუფმა ტყეში დასახლებული მარონები მოინახულა, რომლებიც მეზობელი ქვეყნის, სურინამის კოლონიზაციის დროს აფრიკიდან ჩაყვანილი მონების შთამომავლები არიან. მოწმეებმა ყველა დაპატიჟეს კრების შეხვედრაზე, რომელიც სპეციალურად მოწყობილ დიდ კარავში გამართეს. „ძალიან გაგვახარა შეხვედრაზე მოსული ამდენი ხალხის დანახვამ, რომლებიც იმ დილით მოვიწვიეთ“, — ამბობს კლოდი. კარსტენმა, რომელიც პირველად ეწვია ქვეყნის ამ ნაწილს, აუკანი ენაზე წარმოთქვა საჯარო მოხსენება: „სულ ეს არის ცხოვრება?“. შეხვედრას სხვადასხვა სოფლიდან ჩასული 91 ადამიანი დაესწრო.
„კიდევ წავიდოდით ასეთ მოგზაურობაში!“
სენ-ლორან-დიუ-მარონში დაბრუნებული მქადაგებლები უსაზღვროდ გახარებულები იყვნენ, რომ ბევრი სასიხარულო ცნობას დადებითად გამოეხმაურა. მათ არაერთი პუბლიკაცია დაიტოვეს და იეჰოვას მოწმეების მიერ მომზადებულ არაერთ ვიდეოსაც უყურეს.
„სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ სიხარულს, რაც ამ სამქადაგებლო მოგზაურობამ მომიტანა“, — ამბობს ლიზეტი. სინდიც იზიარებს მის გრძნობებს: „მსგავს შესაძლებლობას არც მეორედ გავუშვებდი ხელიდან. ასეთი სიხარული რომ იგრძნოთ, თავად უნდა გამოსცადოთ დაშორებულ ტერიტორიაზე მსახურება“.
მოგზაურობის შემდეგ ჯგუფის ზოგ წევრს უკან დაბრუნების სურვილი გაუჩნდა. „კიდევ წავიდოდით ასეთ მოგზაურობაში!“, — ამბობს მიკაელი. ვინსლი უკვე გადავიდა სენ-ლორან-დიუ-მარონიში, კლოდმა და ლიზეტმა კი აპატეში გადასვლა გადაწყვიტეს.