არჩეულ მასალაზე გადასვლა

სტრესულ სიტუაციაში მყოფი მედპერსონალისთვის გაწეული დახმარება

სტრესულ სიტუაციაში მყოფი მედპერსონალისთვის გაწეული დახმარება

 ჩრდილოეთ კაროლინაში (აშშ) მცხოვრები ბრინი საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტის წევრია და იეჰოვას მოწმე პაციენტების საჭიროებებზე ზრუნავს. ამ მიზნით ის მჭიდროდ თანამშრომლობს საავადმყოფოებთან.

 კოვიდ-19 პანდემიის გამო, ბევრ საავადმყოფოში აკრძალულია მნახველების მიღება. ბრინმა ადგილობრივ საავადმყოფოში პაციენტებისთვის ემოციური მხარდაჭერის აღმოჩენის განყოფილების დირექტორთან დარეკა, რათა გაერკვია, როგორ შეეძლო იეჰოვას მოწმე პაციენტების გამხნევება და მათთვის ემოციური დახმარების აღმოჩენა.

 ბრინი დირექტორის მოადგილესთან დააკავშირეს. ბრინმა იკითხა, მნახველების მიღებაზე არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა თუ არა, რომ მისი ტელეფონის ნომერი იეჰოვას მოწმე პაციენტებისთვის გადაეცათ, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

 ბრინმა საავადმყოფოს მედპერსონალზეც იფიქრა. მან მოადგილეს უთხრა, რომ ძალიან აფასებდა საავადმყოფოს თანამშრომლების გულმოდგინე შრომას. შემდეგ აღნიშნა, რომ წაკითხული ჰქონდა, პანდემიის გამო რამხელა სტრესს განიცდიდნენ ადამიანები მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით, მედიცინის მუშაკები.

 დირექტორის მოადგილე ბრინს დაეთანხმა, რომ კოვიდ-19-ის გამო საავადმყოფოში უკიდურესად მძიმე და სტრესული გარემო იყო შექმნილი.

 ბრინმა მას უთხრა: „ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ადამიანებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. თუ ეწვევით ვებგვერდს jw.org და საძიებო ველში ჩაწერთ სიტყვას „სტრესი“, გამამხნევებელ სტატიებს იპოვით თქვენი თანამშრომლებისთვის“.

 ჯერ კიდევ საუბრობდნენ, როცა დირექტორის მოადგილე ჩვენს ვებგვერდზე შევიდა, საძიებო ველში ჩაწერა სიტყვა „სტრესი“ და ნახა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სტატიები. „შესანიშნავია! ამას დირექტორს ვაჩვენებ, — თქვა მან, — ეს ძალიან სასარგებლო იქნება მედპერსონალისთვის და არა მარტო მათთვის. ამ სტატიებს ამოვბეჭდავ და სხვებსაც დავურიგებ“.

 რამდენიმე კვირის შემდეგ ბრინი დირექტორს ესაუბრა, რომელმაც დაუდასტურა, რომ ჩვენი ვებგვერდიდან ათამდე სტატია ჰქონდათ ამობეჭდილი სტრესთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ეს სტატიები მათ ექთნებისა და სხვა თანამშრომლებისთვის გაეზიარებინათ.

 ბრინი ამბობს: „დირექტორმა მადლობა გადამიხადა ჩვენი საქმიანობისა და კარგად დაწერილი სტატიებისთვის, რომლებმაც დიდი დახმარება გაუწია მათ“.